ჰინუხელები
ჰინუხელები — თვითსახელწოდებაა ჰინოზი, ჰენოზე. ხუნძები მათ ჰენუკალს უწოდებენ. ჰინუხელები უნდა იყვნენ იოანე ბაგრატიონის მიერ მოხსენიებული ინხოელები. ჰინუხელები სამხრეთ-დასავლეთ დაღესტანში, საქართველოს ჩრდილოდასავლეთ საზღვრიდან (კახეთი, თუშეთი) რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ.
ისტორია
რედაქტირებაჰინუხელების ტერიტორია მდინარე ანდის ყოისუს სამ პატარა მარჯვენა შენაკადზე მდებარეობს. ჰინუხელები, შეფასებითი მონაცემებით, 600 კაცის რაოდენობით არიან. დაახლოებით 25-30 ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ჰინუხელების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა კავკასიის ომმა. ამ დროს სოფელი ჰინუხი საფუძვლიანად დაინგრა. XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჰინუხელების კომლთა რაოდენობა 26-მდე შემცირდა. მათ 1877 წლის ანტიკოლონიურ აჯანყებაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მისი ჩახშობის შემდეგ, ბევრი მათგანი თურქეთსა და ირანში გადასახლდა, სხვა ნაწილი კი რეპრესირებული და გაძევებული იქნა.
ჰინუხელებს საუკუნის განმავლობაში საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ. სამხრეთით მათ ქართველები ესაზღვრებიან. დაღესტნელთაგან ჰინუხელების მეზობლები არიან კაპუჭელები (ბეჟტიელები), დიდოელები (ცეზები), ჰუნზიბელები.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაჰინუხელთა ძირითადი საქმიანობა მომთაბარე მეცხვარეობა იყო. ჰყავდათ თუშური ჯიშის ცხვარი. მოშენებული ჰყავდათ აგრეთვე მსხვილფეხარქოსანი საქონელი, თხა; მისდევდნენ მეცხენეობას. ტერასული ტიპის პატარა ნაკვეთებზე ქერი, შვრია, ფეტვი მოჰყავდათ. მისდევდნენ მონადირეობას, მეფუტკრეობას. შინამრეწველობისა და ხელოსნობის დარგებიდან აღსანიშნავია მაუდის, ფარდაგების, ტომრების, ხურჯინების, მოქსოვილი ჩექმების, წინდების, თექის დამზადება; მჭედლობა, შრომის იარაღებისა და ჭურჭლის დამზადება. შრომის სქესობრივ-ასაკობრივი დანაწილება მკაცრად იყო რეგლამენტირებული. განვითარებული იყო გაცვლითი ვაჭრობა. მამაკაცები გარესამუშაოზე დადიოდნენ. ბარში გადასახლებულები მემინდვრეობას, მებოსტნეობას და მებაღეობას მისდევენ.
ეროვნული სამოსი
რედაქტირებატანსაცმლის მასალას სოფელშივე ამზადებდნენ. თავსაბურავად ნახევრადსფეროსებრი და წაკვეთილი კონუსის ფორმის ფაფახი ჰქონდათ. ფეხსაცმლის ძირითად სახეს ფერადოვანი და ორნამენტირებული მოქსოვილი შალის ჩექმა წარმოადგენდა. მამაკაცების აუცილებელი ატირიბუტი ხანჯალი იყო, რომელიც ძვლის ან ვერცხლის ქარქაშში ჰქონდათ მოთავსებული. თავს იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს არა.
რელიგია და ტრადიციები
რედაქტირებაჰინუხელები მუსლიმი სუნიტები არიან. მაჰმადიანობა მათ გვიან XVIII საუკუნის ბოლოს მიიღეს. ისლამს ჰინუხელთა შორის ხუნძები და კაპუჭელები ქადაგებდნენ. შემორჩენილია წარმართობის დროინდელი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც მაგიის, წინაპართა კულტის, ანიმიზმის, ტოტემიზმის ამსახველნი არიან. ფართოდ აღნიშნავდნენ კალენდარულ დღესასწაულებსაც (პირველი ხნულის გავლება, ზამთრის დადგომა). ჰინუხელებისათვის სპეციფიკური იყო წეს-ჩვეულება, როდესაც ახალდაქორწინებულთა ინტიმური შეხვედრის წინ ნეფეს სახეს უჭვარტლავდნენ (უმურავდნენ). მხოლოდ ჰინუხელებმა იცოდნენ ახლადაბადებული ბიჭისათვის თავზე მჭიდრო შემოსაკრავის გამოყენება. ეს წესი XIX საუკუნის შუა ხანებამდე იყო შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012