ბეჟიტელები
ბეჟიტელები, კაპუჭელები (საკუთარი სახელწოდება ბეჟტ'ას სუკო ან კაპუჭას სუკო) ანთროპოლოგიურად ევროპეიდულ რასაში შემავალ წინააზიური რასის კავკასიურ ვარიანტს მიეკუთვნებიან.
სხვა დიდოელ ხალხებთან (ცეზიები, ჰინუხელები, ხვარშილიელები) შედარებით შავგვრემანი იერსახით გამოირჩევიან, საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთ მაღალი და ვიწრო სახე. ძირითადად გაბატონებულია მონოგამია, თუმცა გვხვდება პოლიგამიის ფაქტები, რაც ყიდვითი ქორწინების შედეგია. შეინიშნება აგრეთვე ლევირატისა და სორორატის გადმონაშთები. ქორწინება მეტწილად სოფლის (თემის) შიგნით ხდება. ფესვგადგმულია სისხლის აღების ძველთაძველი ადათი.
ბეჟიტიელთა ოჯახები მეტწილად მრავალშვილიანია. საყურადღებოა ის ფაქტი რომ საკუთრივ ბეჟიტიელების რიცხვი 1868 წლიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლომდე თითქმის 2,5-ჯერ 1700-დან 4050 სულამდე გაიზარდა.
1926 წლის საკავშირო აღწერის შემდეგ ბეჟიტიელები, სხვა ანდიელ-დიდოელთა ანალოგიურად, ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებოდნენ, რაც ართულებს მათ ზუსტი ოდენობის დადგენას.
განსახლების არე
რედაქტირებაბეჟიტელ-ჰუნზიბელი ხალხის განსახლების არეალი დაღესტნის მაღალმთიანეთში — მდინარე ხვანორის და მის პატარა შენაკადების ხეობებში მდებარეობს ზღვის დონიდან 1600-2200 მეტრზე. აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთებსა და მიჩიტლის ქედს შორის. მათ ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელს 50-მდე კმ-ით აშორებს, ხოლო დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალას — 293 კმ.
ბეჟიტელ-ჰუნზიბელთა ძირითადი ნაწილი კომპაქტურად ცხოვრობს წუნტის რაიონში, თავის ისტორიულ მიწა-წყალზე. ბეჟიტელების განსახლების არეალი შემოიფარგლება სამი აულით: ბეჟიტა, ხაშარხოტა და ტლადალი. ჰუნზიბელებიც სამ სოფელში ცხოვრობენ: ჰუნზიბში, ნაჰადასა და ღარბუთლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. არდოტელი, „ბეჟიტური ენა“, გვ. 25–26, თბ., 2014.