თამაზ გამყრელიძე
თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე (დ. 23 ოქტომბერი, 1929, ქუთაისი — გ. 10 თებერვალი, 2021) — ქართველი ენათმეცნიერი, 2005–2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).
თამაზ გამყრელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1929 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 10 თებერვალი, 2021 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი და ხეთოლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინური პრემია, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობას ეწევა აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა (1973–2005 წლებში ინსტიტუტის დირექტორი) და თსუ-ში (სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე 1960 წლიდან). იკვლევდა ძველი აღმოსავლეთ ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიული ენათმეცნიერების საკითხებს. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები“. ნაშრომში „ხეთური ენა და ლარინგალური თეორია“ (სადოქტორო დისერტაცია) გადაჭრა ერთ-ერთი სადავო საკითხი ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართებისა. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ.
გამოკვლევაში „ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის პრობლემისათვის“ (1972) მოცემულია ახლებური ინტეპრეტაცია ნიშნის პირობითობისა ნიკო მარის „დამატებითობის პრინციპის“ თვალსაზრისით.
გამყრელიძის ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ (1959). სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მონოგრაფიამ „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965, გივი მაჭავარიანის თანაავტორობით), სადაც მოცემულია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელების აღდგენა.
2005 წელს გამყრელიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წლამდე შეინარჩუნა. იგი არჩეული იყო საზღვარგარეთის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. იყო ბონის (გერმანია) და ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. 1986–1988 წლებში ასრულებდა ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტის საპატიო მოვალეობას.
1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საქართველოს კომპარტიის სიით, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წკის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „11 ოქტომბერი“, საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. 1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
ხსოვნა
რედაქტირებაგარდაცვალების შემდეგ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდა, რომელსაც ორგანიზებას უწევს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. გარდა ამისა, გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნის და სტუდენტთათვის მისივე სახელობის სტიპენდიის დაწესდების შესახებ.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- გიუნაშვილი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 546-547.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ გამყრელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ გამყრელიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Catalog of the German National Library
- ↑ „გარდაიცვალა ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ხურციძე, ლიკა (13 თებერვალი, 2021). „მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება“. 1TV.ge. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)