კატალაუნის ბრძოლა

კატალაუნის ბრძოლა– ბრძოლა გალიაში 451 წელს (დღევანდელი საფრანგეთი), რომელშიც რომაელებმა და ვესტგუთებმა, ფლავიუს აეტიუსისა და თეოდორიხის მეთაურობით შეაჩერეს ჰუნებისა და გერმანული ტომების კოალიცია, რომელსაც ატილა მუნძუკის ძე მიუძღოდა. კატალაუნის ბრძოლა რომის იმპერიის გვიანდელ პერიოდში ყველაზე მასშტაბური გამოდგა, იმდენად მასშტაბური, რომ „ხალხთა ბრძოლა“ ეწოდა.

კატალაუნის ბრძოლა

ბრძოლის ზუსტი ადგილი და დრო უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით „ხალხთა ბრძოლა“ 451 წლის 20 ივნისს მოხდა. შეტაკების ადგილად ერთადერთი ისტორიკოსი, იორდანი, რომელმაც ეს ბრძოლა აღწერა, კატალაუნის ველს ასახელებს (campis Catalaunicis), რომელიც საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში მდებარეობს. ბრძოლა ფრანკების (რომალეთა მხრიდან) და გეპიდების (ჰუნების მხრიდან) შეტაკებით დაიწყო. მათ ბრძოლაში 15 000 კაცი დაიღუპა. მეორე დღეს უკვე ძირითადი ძალების დაპირისპირება შედგა. რომაელებისა და ჰუნების ძალებს მაღალი გორა ჰყოფდა. მაღლობზე განლაგება ორივე მხარისთვის წარმატების მომტანი უნდა ყოფილიყო. ჰუნებს რომაელებმა და ვესტგოთებმა დაასწრეს და აეტიუსის ბრძანებით სწრაფად დაიკავეს სიმაღლე. რომის ჯარი ასე განლაგდა: მარცხენა ფლანგი აეტიუსმა დაიკავა, მარჯვენა თეოდორიხმა, ცენტრში კი ალანთა მეფე, სანგიბარნი ჩადგა. ჰუნები ასე განლაგდნენ: ატილა ჰუნთა რჩეული რაზმებით ცენტრში ჩადგა, ხოლო ფლანგებზე ოსტგოთები და სხვა გერმანული ტომები განალაგა. ჰუნთა მეფე დიდხანს ყოყმანობდა ბრძოლის დაწყებას. ქურუმები და შამანები დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ მას, ამიტომ ატილამ ბრძოლა გვიან დაიწყო (თუ საქმე ცუდად წავიდოდა, ღამის სიბნელეში მოახერხებდა უსაფრთხო უკანდახევას).

ბრძოლა ჰუნების შეტევით დაიწყო აეციუსის მარჯვენა ფლანგის წინააღმდეგ. თეოდორიხის ვაჟმა, თორისმონდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჰუნებს და უკუაგდო ისინი. მარჯვენა ფლანგზე წარუმატებლობის შემდეგ ატილამ პირადი ხელმძღვანელობით თავისი ძალები შეუსია მტრის მთელ საბრძოლო ხაზს. გოთი ისტორიკოსის, იორდანის მიხედვით, დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვდა. ბრძოლაში დაეცა ვესტგოთთა მეფე თეოდორიხი, თუმცა მისმა ვაჟმა, თორისმუნდმა საოცარი სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის ძალებს და ჰუნებს ეკვეთა. რომაელებიც აეტიუსის მეთაურობით მამაცურად იბრძოდნენ. ჰუნებმა ნელ-ნელა უკან დაიხიეს და დიდი დანაკარგების საფასურად ბანაკში დაბრუნება მოახერხეს. ატილა დამარცხდა, დროებით ბანაკში გამაგრდა, ხოლო შემდეგ აეციუსს გაეცალა და ჯარის რომის ტერიტორიებიდან გაყვანა დაიწყო. ამის შემდეგ ატილამ კიდევ ერთხელ სცადა რომზე იერიში, თუმცა წარუმატებლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება