მეგრელები
მეგრელები (მეგრ. მარგალეფი) — ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. წარსულში ეკავათ ისტორიული კოლხეთის სამეფოს ცენტრალური რაიონები, ამჟამად სახლობენ — სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ მუნიციპალიტეტებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). მეგრელთა უმრავლესობა ორენოვანია და ძირითადად საუბრობენ ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალ ორ ენაზე; მშობლიური მეგრული ენის გარდა ისინი ფლობენ ქართულ ენასაც. მეგრელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ზოგიერთი წყაროს შეფასებით საქართველოში მათი რაოდენობა 800 000 აღწევს. ეთნონიმი „მეგრელი“ პირველად გვხვდება 735 წლით დათარიღებულ ატენის სიონის წარწერებსა და ასევე ისტორიულ წყაროებში, როგორიცაა ქართლის ცხოვრება (IX-XIV სს.)[1].
მეგრელები მარგალეფი | |
---|---|
მეგრელი, XX ს. | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
საქართველო | ~ 800 ათასი |
ენები | მეგრული ენა, ქართული ენა |
რელიგიები | ქრისტიანობა |
ენა
რედაქტირებამეგრელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მეგრულ ენაზე მეტყველებს. მეგრული ენა ახლოს დგას ლაზურ ენასთან, ეს ორი ენა ახ. წ. VII ს-ის შუა წლებში გამოეყო ზანურ ენას. მეგრული ისევე, როგორც ლაზური, მჭიდროდ ენათესავება ქართულ ენას (ძვ.წ. I ათასწლეულში, ან უფრო ადრე, ქართული ენა გამოეყო ქართულ-ზანურ ენას) და ნაკლებად სვანურ ენას (რომელიც, სავარაუდოდ ძვ.წ. II ათასწლეულში გამოეყო საერთო-ქართველურ ენას). ზანური ენის არსებობის პერიოდი ემთხვევა კოლხეთის სამეფო/ეგრისის სამეფოს არსებობის პერიოდს. ამ დროისთვის ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ენის გავრცელება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში, ჯერ კიდევ VIII და IX საუკუნეებიდან დაიწყო და მან ჩაანაცვლა მაღალ ფენებში გაბატონებული ბერძნული ენა, რომელიც დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ რომის იმპერიის გავლენის შედეგად გავრცელდა (იხ. ფასისის აკადემია). ამ დროიდან მეგრელები, სხვა ქართველურ ტომებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ერთიანი ქართული სამეფოსა და ქართული კულტურის შექმნის პროცესში. XVI ს-ში საქართველოს სამეფოს დეზინტეგრაციის მიუხედავად მეგრელები თავს ისევ საერთო ქართული კულტურის ნაწილად აღიქვამდნენ. 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერატორების — პავლე I, ნიკოლოზ I და ალექსანდრე II — მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები; აქტიურად დაიწყო ქართული ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა დაშლა-დაქუცმაცება წარმოადგენდა. რუსებმა სცადეს ქართული ენის როლის შემცირება და XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ მიზეზით დაიწყეს სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება; აგრეთვე მეგრული ენისთვის განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. დღესდღეობით მეგრულ ენას არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი და ენის მატარებელთა რიცხვი თანდათან მცირდება.
სამზარეულო
რედაქტირებატრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.
მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ღერღილი), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება. მეგრული ხაჭაპური.
ღვინო
რედაქტირებასაქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). XIX საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
მუსიკა
რედაქტირებამეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.
ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ დადიანების საგვარეულოს ეძღვნება.
ისტორია
რედაქტირებაიაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:
დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს:
არქანჯელო ლამბერტი წერდა:
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
მეგრელები ტრადიციულ სამოსში.
-
მეგრელი, XIX ს.
-
მეგრელი ქალი მუსიკალური ინსტრუმენტით, 1897 წ.
-
მეგრელი თავადის ასული.
-
მეგრელი თავადის ქალი.
-
მეგრელი ჩოხით.
-
მამაკაცის მეგრული სამოსი.
-
მეგრელი (1845-1847), Mercier.
-
მეგრელი თავადიშვილი, გ. გაგარინის ნახატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯომიდავა, ნიკოლოზ:3000 მეგრული გვარსახელი / [რედ.: ნაპოლეონ ლემონჯავა, ბადრი ცხადაძე] ; აფხაზ. რეგიონ. მეცნ. აკადემია - თბ., 2000.
- ჯოლოხავა, თამაზ:მეგრული ადათ-წესები, დღესასწაულები, სალოცავები : (ეთნოგრაფია ეკონ. ჭრილში) - თბ. : მეცნიერება, 2004.
- ლობჟანიძე, რაჟდენ:მეგრული სამზარეულო / [რედ.: ტარიელ ქუთელია] - თბ. : რაეო, 2004.
- თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Polinsky, Maria. The Oxford handbook of languages of the Caucasus, p. 531, ISBN 978-0-19-069072-4
- ↑ გოგებაშვილი ი., „ბუნების კარი“ თბ.,1868 — გვ. 242.
- ↑ დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. გვ.132, თბილისი, 1977.
- ↑ „არქანჯელო ლამბერტი - „სამეგრელოს აღწერა“