ოჯალეშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ოჯალეში

„ჯა“ მეგრულად ხეს ნიშნავს, ხოლო „ოჯა-ლეში“ ხეზე ასაშვებ ანუ სახეივნო ვაზს.

სამეგრელოშო ოჯალეშს „შონურს“ ანუ „სვანურს“ უწოდებენ, მაგრამ შონური დამოუკიდებელი ჯიშიცაა, რომელსაც ოჯალეშთან დიდი მსგავსების მიუხედავად განსხვავებაც ბევრი აქვს. ამიტომ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს (იხ. შონური).

სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ოჯალეშის ნარგავები ძირითადად მარტვილის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებშია გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი. ფრთის სიგრძე ზოგჯერ მტევნის ნახევარს აღწევს, საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. სქელკანიანია. რბილობი ხორციანია, სასიამოვნო ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

ოჯალეში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175-215 დღეა. სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 112 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

ოჯალეში გამოიეენება ინტენსიურად შეფერილი, მეტად მაღალხარისხიანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, დიდი სხეულით, სრული ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს. სამეგრელოში ოჯალეშისგან ძირითადად ამზადებენ წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოს. ამასთანავე ჯიშს დიდი პოტენციალი აქვს წითელი მშრალი ღვინოების დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 294