ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატი (ფრანგ. Achille Murat; დ. 2 იანვარი, 1847, ბორდენტაუნი, ნიუ-ჯერსი, — გ. 27 თებერვალი, 1895, ჭკადუაში) — ფრანგი მეწარმე. მისი მეუღლე იყო სალომე დადიანი მიურატისა (1848-1913), შვილები: ლუსიენ შარლ დავითი (1870-1913), ნაპოლეონ ლუი აშილი (1872-1943) და ანტუანეტა (ბებე) კატერინა (1879-1954).

აშილ მიურატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აშილ მიურატი დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატში. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან ლეიტენანტის წოდება მიიღო. აშილს მეტად წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. 1867 წელს პირველად დაჯილდოვდა. მოგვიანებით კი სამხედრო სამსახური ალჟირში განაგრძო, სადაც მეუღლესთან ერთად გაემგზავრა. სალომე დადიანსა და აშილ მიურატს პირველი ვაჟიშვილი, ლუსიენი, მუსტაფაში შეეძინათ.

1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის დაწყებისთანავე, აშილ მიურატს, როგორც საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ადიუტანტს, სასწრაფოდ გამოუძახეს სამშობლოში. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა: ნაპოლეონი და აშილი ტყვედ ჩავარდნენ, საფრანგეთის პარლამენტმა კი, მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა.

აშილ მიურატი და სალომე დადიანი

რედაქტირება
 
აშილ მიურატისა და სალომე დადიანის ჯვრისწერა პარიზის რუსულ ეკლესიაში 1868 წ. 13 მაისს.

1857 წელს, სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ, პარიზში ჩასულმა ეკატერინე დადიანმა მალე გაიცნო საიმპერატორო ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ შორის, აშილ შარლ-ლუი ნაპოლეონ მიურატი. სწორედ მასზე დაქორწინდა 1868 წლის 18 მაისს ეკატერინეს ქალიშვილი სალომე. აშილი ოცდაერთი წლის იყო, სალომე კი ოცის.

 
შევხედე ღირსშესანიშნავ პრინცესა დადიანს, სამეგრელოს დედოფალს და მის ახალგაზრდა ვაჟიშვილს, რომელებსაც ახლდათ ბრწყინვალე ამალა, გამოწყობილი ძველ აზიურ კოსტიუმებში. აქ ვნახე პირველად ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც სილამაზით ძალიან ჰგავდა დედას

- წერს ერთ-ერთი მიურატი.

 
„"ვინ არის ეს სამეგრელოს თავადის ასული, რომელიც ახალგაზრდა მიურატს გაჰყვა ცოლად? შამილის ტყვედ წაყვანილი ქალის შვილი ხომ არ არის? მისი თავგადასავალი სადღაც წამიკითხავს.“

- ეკითხებოდა მშვენიერი სალომეს შესახებ პროსპერ მერიმე ივანე ტურგენევს.


მერიმეს მსგავსად, ევროპის მაღალი საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა დადიანისა და მიურატის ქორწინებით. ჯვრისწერა ტიუილრის კარის ეკლესიაში, საფრანგეთის იმპერტორისა და დედოფალ ევგენია მონტიხის თანდასწრებით აღსრულდა. წყვილს რუსეთის მონარქმა ოცი ათასი ფრანკი უძღვნა, ხოლო იმპერატორმა ნაპოლეონმა თავის ძმისწულს ერთი მილიონი დაუნიშნა, ამასთანავე მონსოს ბაღის ახლომდებარე პერეირასის მშვენიერი სასახლე უყიდა.

იმდროინდელი ფრანგული პრესა ახლადდაქორწინებული წყვილის შესახებ ბევრს წერდა:

 
„“პრინცესა სალომე დადიანი იყო გრაციოზული და წარმტაცი, როგორც დედამისი, ცხოვრობდა სასტუმრო ლუვრში. საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება თავს იყრიდა მათთან, დადიანების გვარის წარმომადგენლები დიდი ხანია მეფობდნენ სამეგრელოში, კავკასიის სამხრეთ პროვინციაში, სადაც ამბობენ, რომ ქალები ლამაზები არიან”.“

აშილ მიურატი სამეგრელოში

რედაქტირება
 
სალომე დადიანი და მისი ქმარი აშილ მიურატი

მიურატი თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკას და სამეგრელოში, მეუღლის მამულში დასახლდა. განათლებულ და მეურნე ევროპელთა მსგავსად, გულმოდგინედ მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას, გამოიწერა საფრანგეთიდან სხვადასხვა ჯიშის ვაზი და ამავე დროს, ხელახლა მოაშენა ჩვენში თითქმის სრულიად გამქრალი ოჯალეში, რომლისგანაც საუკეთესო ღვინოს ამზადებდა. პრინცის ღვინომ იმდროინდელ საქართველოსა და ევროპაში განსაკუთრებით გაითქვა სახელი. მიურატი ქართველობას ხიბლავდა თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით. იგი გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა, მათთან ერთად ნადირობდა, ყველანაირად ცდილობდა დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, უხვად აჯილდოვებდა ღარიბ ოჯახებს.

აშილ მიურატს ზუგდიდში ჰქონდა კანცელარია, ჰყავდა საქმეთა მმართველი - ინტენდანტი. პირველ ხანებში ეს თანამდებობა ეკავა ფრანგ კლოდ რიბოს, შემდეგ ასევე ფრანგ სკრიბუნასს, უფრო მოგვიანებით, ადგილობრივ აზნაურს, მიხა დარასელიას. პრინცს მათი ხელშეწყობით უწყვეტი კონტაქტები და მიწერ-მოწერა ჰქონდა საფრანგეთთან.

 
აშილ მიურატი

მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა, მაგრამ როგორც ჩანს, დიდებულ ფრანგს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და აი, 1895 წელს, მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო - ხალხში ხმა დაირხა, რომ თითქოს სალომეს ბანკში დაუზღვევია ზუგდიდის წაბლის ხის ოცდაოთხოთახიანი სასახლე, ავეჯი გამოუტანია და სასახლე ცეცხლისათვის მიუცია. ცნობა ამის შესახებ გაზეთებში გაიპარა, რაც თავმოყვარე პრინცმა ვერ აიტანა და ღირსებაშელახულმა სამშობლოდან შორს, სოფელ ჭკადუაშში მოიკლა თავი. ოფიციალური ვერსიით კი, აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

პრინცის დაკრძალვა სამეგრელოში საერთო-სახალხო გლოვად იქცა, მის გასვენებას ესწრებოდნენ: გრაფი ალექსანდრე ოლდენბურგი, გურია-სამეგრელოს მღვდელთმთავარი გრიგოლი, "უბრწყინვალესი თავადი" ნიკო დადიანი, ტფილისის გუბერნატორი, აშილის ძმა პრინცი იოაჰიმ მიურატი, ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი, წარჩინებული თავადაზნაურობა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელენი, ვაჭრები და სხვანი.

გამოსამშვიდებელი სიტყვა კათოლიკე პადრემ, ა. ვერმიშევმა წარმოსთქვა, რომელშიც ნათლად იკვეთება პრინც აშილის როგორც პიროვნული თვისებები, ასევე მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობა:

 
„მე, როგორც ერთ შვილთაგანს კავკასიისა ზნეობრივი ვალი მაქვს უკანასკნელი გამოთხოვების წამს გითხრა ორიოდე გულწრფელი სიტყვა, რადგან შენ დიდი ღვაწლი მიგიძღვის კავკასიის ერთი კუთხის სამეგრელოსადმი. არ შევუდგები იმის განხილვას, თუ როგორი წარჩინებულნი იყვნენ შენნი წინაპარნი, რადგან ეს, ვინც ცოტაოდენ მაინც იცის საფრანგეთის ისტორია, ძალიან კარგად უწყის. არც შევეხები თუ როგორი ოჯახის კაცი იყავი, ესეც კარგად იცის ყველამ, ვინც კი დაახლოებით გიცნობდა. მე მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმ დარგს, იმ ნაწილს შენი მოღვაწობისას, რომელიც სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენის ქვეყნისათვის. 17 წელი დაყავი შენ სამეგრელოში და ამ ხნის განმავლობაში, ერთი საათიც არ გაგიცდენია უსაქმოდ, როგორც უბრალო მუშა, შენ გამოდიოდი სამუშაოდ, თვითონ ბარავდი, ხნავდი და ჰრგავდი და იმისათვის კი არა, რომ შენ არ შეგეძლო საჭირო მუშების დაქირავება, არამედ ამით გსურდა ჩვენის ხალხისათვის გეჩვენებინა კარგი მაგალითი, გესწავლებინა, თუ როგორ უნდა ცხოვრება, მართლაც ბევრმა წაგბაძა და მიჰყო ხელი მუშაობას. აი, ეს ადგილები, რომელსაც ჩვენ თვალწინ ვხედავთ, რამდენიმე წლის წინათ მოფენილი ბუჩქნარითა, წნორითა და ტყითა. დღეს აქ გაშენებულნი არიან ვაზის პლანტაციები, შენმა დაუცხრომელმა მხნეობამ, დაუღალავმა შრომამ, ბუჩქნარები ნაყოფის მომცემ ზვრებად აქცია. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია შენის მოღვაწეობისა, მიუხედავად იმისა, რომ განათლებულს დასავლეთ ევროპას ჩვენ გვაშორებენ უძირო ზღვანი, ზამთარ-ზაფხულობით თოვლით მოსილნი მთები, შენ გსურდა სამეგრელოსა და ევროპის შუა გაგეკეთებინა ხიდი, გაგება შემაერთებელი ძაფი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლებოდა დასავლეთ-ევროპის გაცნობა, მისდა წახედვით ჩვენც დაგვეწყო მუშაობა და მიგვეღო სწავლა-განათლება. ეს სურვილი ცოტაოდენ კიდეც მოიყვანე აღსრულებაში. ახლა საფრანგეთი კარგად იცნობს სამეგრელოს და ჩვენ ვიცით, თუ როგორი განათლებული და შრომისმოყვარე ქვეყანა არის საფრანგეთი, ვინ იცის, რომ დაგცლოდა შენი განზრახვა სრულად განგეხორციელებინა, მაგრამ უდროოდ მოშორდი ამ ქვეყანას და საგანს სავსებით ვერ მიაღწიე”.“

პრინცი აშილი იქვე, ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში, საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. "აშილ მიურატის საფლავი, ეკლესიის გვერდითაა, ირგვლივ ლურჯი ჰორტენზია ჰყვავის, ჩიტის ბუდეებით. მის წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლება, პრინცის ქვრივი ხშირად დადის იქ სალოცავად" -წერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრანგი მწერალი და პოეტესა, ქალბატონი დუშეს დე როანი. მაგრამ საფლავს პრინცივით ტრაგიკული ბედი ჰქონდა _ ჯერ დაიწვა, საბჭოთა პერიოდში კი გაიძარცვა. 1964 წელს, აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მარმარილოს სარკოფაგი, თუმცა 1975 წელს, ისტორიული რელიკვია ქალაქის აღმასკომმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა ყოვლად უსახური, უზარმაზარი ქვის ლოდით.

მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, სალომემ სამშობლოზე გული აიცრუა და პარიზში გადასახლდა. 1913 წლის ივლისში, პარიზში, სამეგრელოს მთავრის ერთ დროს ულამაზესი ქალიშვილი სალომე დადიანი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა: არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს წუხილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აშილ_მიურატი“-დან