ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოტიანეთის ციხე – ციხესიმაგრე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მისგან 11 კმ-ში, სოფელ კოტიანეთის მიდამოებში.

არქიტექტურა

რედაქტირება

ციხე ისე მაღლა არ არის აგებული, როგორც სხვა ციხეები (ვაკიდან 20-25 მ სიმაღლეზე), მაგრამ ისეთი ქიმია შერჩეული, რომ აქედან სამხრეთით დიდი მანძილი იზვერება. რაც შეეხება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეებს, ამ მხარეს მთებია და ჰორიზონტი თითქმის დაკეტილია. როგორც ეტყობა, მის ამგებს ასეთი მდებარეობა ხელს აძლევდა - მოკლე ხეობა და მის ჩამკეტად დადგმული ციხე.

ციხე გეგმით უწესო ოვალურია (20,1X14,5 მ). იგი შედგება გალავნის, კოშკისა და ეკლესიისაგან და თხრილისაგან, რომელიც ციხეს გარს უვლის. სწორედ ამ უკანასკნელის გარეშე იმ ეპოქაში ეგრისის მეფეებს ვერ წარმოედგინათ ციხე, დიდი იყო იგი თუ პატარა.

ციხის ჩრდილოეთის მხარე ეზოს ჰქონდა დათმობილი, აღმოსავლეთის ნახევარში კი კოშკი და ეკლესია იყო განლაგებული. ციხის ყველა ელემენტი დაზიანებულია.

კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (4,00X3,70 მ). მისგან დარჩენილია სარდაფის სართული და მეორე სართულის ქვედა ნაწილი. ამ გადარჩენილ კედლებში კარი ან სარკმელი არ არის. წესით, კარი მეორე სართულზე უნდა ყოფილიყო. კოშკის დაზიანების გამო, ცხადია, სართულიანობაც არ დგინდება. იგი ნაგებია ქვით. კედლების შიდა პირი შედარებით მცირე ზომის ქვითაა ამოყვანილი. გარედან შემოსილია საკმაოდ დიდი ზომის თლილი ქვით.

გალავანი – კოშკის მსგავსად ნაგებია ციხის გალავანიც (სისქე 1მ). გალავნის შიდა პირი ძირითადად საშუალო ზომის ქვითაა ამოყვანილი, მაგრამ ბლომადაა დიდი ზომის თლილი ქვაც. ასეთი წყობით ამოყვანილი კოშკი და ციხის კედლები გარედან ძლიერი ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ხაზზე გალავანი ვერტიკალურ კლდემდეა მისული. ეს ციხე კირქვის მთაზე დგას. XIX საუკუნეში ამ კლდის აფეთქება დაუწყიათ, რათა კირის გამოსაწვავი ქვა გაეზიდათ.

ეკლესია - ეგრისის სამეფოს ციხეების უმრავლესობას თან ახლავს ეკლესია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე თითქმის მთლიანად მოკავებული აქვს ეკლესიას. ეკლესიის სიმცირე ნაკარნახევია ციხის ზომებით; ასეთი მცირე ზომის ციხის შიგნით მხოლოდ მინიატურული ზომის ეკლესიის ჩადგმა შეიძლებოდა.

ეკლესია ამჟამად სანახევროდ მიწაში ზის, შიგნით კი დარბაზია, საკურთხევლის აფსიდით. დარბაზის კამაროვანი გადახურვა და კონქი ჩანგრეულია, ხოლო კედლები - დაზიანებული. ეკლესიის კედლები სადაა, სანახევროდ დამუშავებული ქვითაა ნაგები. შედარებით უკეთაა ამოყვანილი აფსიდის კუთხეები. საკურთხეველი ერთი საფეხურით მაღლაა დარბაზის იატაკთან შედარებით, აფსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშაა დატანებული. ეკლესიას კარი დასავლეთის კედლის ცენტრში აქვს გაჭრილი. განათება კი აღმოსავლეთის ერთადერთი სარკმლიდანაა. კედლები დაახლოებით მეტრნახევრის სიმაღლეზეა დარჩენილი და სარკმლები, ალბათ, ამ დონეზე მაღლა ექნებოდა. კედლებს შელესვისა თუ მოხატვის კვალი არ შერჩენია. ეკლესიის კედლები, შიგ და გარეთ, საშუალო ზომის თლილი ქვითაა შემოსილი.

თხრილი- ციხის სამი მხარე თხრილითაა შემორკალული. ამ თხრილით მშენებლები ციხეს მიდგომელს ხდიდნენ. თვით თხრილი სანახევროდ ამოვსებულია, ამიტომ თავდაპირველი პროფილი არ დგინდება, მაგრამ ეტყობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. დღეს სიღრმე 3-4 მეტრს არ აღემატება და სიგანე 9-10 მეტრს, მაგრამ ადრე უფრო დიდი იქნებოდა.

XIX საუკუნეში ციხის შიგნით და გარეთაც წარმოებული გათხრების შედეგად, დგინდება, რომ ყველა მონაპოვარი ეგრისის სამეფოს დროისაა. როგორც ეტყობა, ციხემ სიცოცხლე შეწყვიტა ეგრისის სამეფოს დაცემისთანავე. როგორც ვნახეთ, კოტიანეთის ციხის ყველა მონაცემი მხოლოდ ადრეფეოდალურ ხანაზე მიგვითითებს, ცხადია, ისიც აშკარად ეგრისის სამეფოს ძლიერების ხანას, IV-V საუკუნეებს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე, „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალქევის ხუროთმოძღვრება“, თბ. 1991 წ.