ნოდარ ლომოური (დ. 9 აგვისტო, 1926, თბილისი — გ. 3 აგვისტო, 2016) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.

1946 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1952 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1965-1971 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1969-1971 წლებში ამავე უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე. 1971-1979 წლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1992 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. ნოდარ ლომოური 2000 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. აქვს გამოკვლევები უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: ”პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ”. დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: ”საქართველოსა და რომის ურთიერთობა”. დაიცვა 1969 წელს.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება