ნიკოლოზ თოხაძე
ნიკოლოზ გიორგის ძე თოხაძე (დ. 13 თებერვალი, 1901, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 1975, პარიზი, დაკრძალულია ლევილში) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, იუნკერი, შემდეგ საფრანგეთის „უცხოური ლეგიონის“ ოფიცერი.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ იუნკერთა სკოლაში. მონაწილეობდა 1920 წლის მაისში იუნკერთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებაში და 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლებში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებთან. საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, სხვა იუნკრებთან ერთად სამშობლო დატოვა. სწავლა განაგრძო საფრანგეთში, სენ-მაქსენის ქვეითთა სამხედრო სკოლაში და 1922 წელს უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა „უცხოური ლეგიონში“. როგორც ავიაციის ოფიცერი, თოხაძე მსახურობდა მაროკოსა და ალჟირში 1925–1931 და 1931–1940 წლებში; მონაწილეობდა ბრძოლებში მაროკოელ ამბოხებულებთან. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941–1945 წლებში კაპიტანი თოხაძე საგანგებო მისიით იმყოფებოდა ინდოჩინეთში. 1945 წელს იაპონიის ინდოჩინეთის ფრანგულ გარნიზონებზე თავდასხმის დროს აქტიურად მონაწილეობდა გადარჩენილი ფრანგული ნაწილების ევაკუაციაში ჩინეთის ტერიტორიაზე. ომის შემდეგ, 1946–1958 წლებში მსახურობდა მაროკოში, ალჟირსა და მადაგასკარზე. 1957 წელს თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდებით. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Mikaberidze, Alexander, "With Honor and Fidelity:” Life and Career of Colonel Nicolas Tokhadze (1901-1975) of the French Foreign Legionmore. Tbilisi, 2015. ISBN 978-1-312-89698-7