ბახვის მანიფესტი
„ბახვის მანიფესტი“ — ბახვის თემის გლეხთა მოთხოვნები, რომლებიც წაუყენეს კავკასიის მთავარმართებლობის წარმომადგენელს 1905 წლის თებერვალში.
1905 წლის 9 იანვრის სისხლიანმა კვირამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში. ხელისუფლება იძულებული იყო ანგარიში გაეწია ქვეყანაში შექმნილი რევოლუციური მდგომარეობისათვის, ამიტომ ჯერ მშვიდობიანი გზით სცადა აჯანყებულ „მცხოვრებთა შთაგონება“. ამ მიზნით გურიაში გაიგზავნა მთავარმართებლობის საბჭოს წევრი სულთანი კრიმ-გირეი, ჯარი კი ნატანებში შეაჩერეს. კრიმ-გირეიმ 12 თემი მოიარა (ამ დროს ოზურგეთის მაზრა 25 თემად იყო დაყოფილი), რათა გამოერკვია, „რას მოითხოვდა ხალხი მთავრობისაგან“.
1905 წლის 23 თებერვალს კრიმ-გირეი ჩავიდა ბახვში. შეკრება გაიმართა სოფლის სასამართლოს წინ, მოედანზე. შეკრებილმა 500-მდე გლეხმა აირჩია 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოციალ-დემოკრატები), რომლებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწიფო ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება ქართულ ენაზე.[1] წარმომადგენლებმა ამასთან განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახალხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
გურიის ამბებზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსეთის ჟურნალ-გაზეთებში. ბახვის გლეხობის მოთხოვნებზე კორესპონდენცია (სათაურით „გურიაში“) დაიბეჭდა, აგრეთვე ლენინურ გაზეთ „ვპერიოდში“ („Вперёд“) 16 (29) მარტს, N12-ში, რომელიც საზღვარგარეთ გამოდიოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა რუსეთში. კორესპონდენციაში ბახვის გლეხთა მოთხოვნები მანიფესტად იყო მოხსენიებული. ამის გამოც დაერქვა მას „ბახვის მანიფესტი“.
მანიფესტის მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახდა ერთ-ერთი წინაპირობა 1905 წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რაც გურიის რესპუბლიკის გამოცხადებით და შემდეგ ამბოხის სასტიკი ჩახშობით დამთავრდა.
შეხვედრები
რედაქტირება- 22 თებერვალი — შემოქმედი. ესწრებოდა სოფლების შემოქმედის, კვირიკეთის,წითელმთის, გოგიეთის, გომის, ფატარის, მაკვანეთის, გორისფერდის მცხოვრებლები, სულ 500-600 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 12 დელეგატი.
- 23 თებერვალი — ბახვი, ესწრებოდა 500 ადამიანი
- 24 თებერვალი — ხიდისთავი. ესწრებოდა 2000 ადამიანი, მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 25 დელეგატი, მათ შორის 3 ქალი.
- 25 თებერვალი — ასკანა, ეკლესიის მახლობლად, გორაკის წვერზე ორ-კლასიან სკოლასთან, ესწრებოდა 600 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 14 დელეგატი.
- 25 თებერვალი — ჯვარცხმა, სოფლის კანცელარია. ესწრებოდა 1000 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 16 დელეგატი.
- 28 თებერვალი — ჩოხატაური
- 1 მარტი —ერკეთი. ესწრებოდა 4000 ადამიანი
- 3 მარტი — სურები, სკოლასთან. ესწრებოდა 1500 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 18 დელეგატი.
- 5 მარტი — ნანეიშვილისეული, სამინისტრო სკოლის წინ. ესწრებოდა 2000 ადამიანი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 12 დელეგატი.
- 7 მარტი — ნიგოითი. მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე გამოვიდა 17 დელეგატი, აქედან 4 ქალი.
- 8 მარტი — ლანჩხუთი, ესწრებოდა 4-5 ათასი ადამიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 253—254.
- მახარაძე ი. „გურული ფირალები“, გვ 111-112 — თბილისი, 2008 წ, ISBN 978-9941-403-95-8,
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 63-64, ISBN 978-9941-13-503-3.