სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რცხილაძე.

ვასილ ილიას ძე რცხილაძე (დ. 1 აგვისტო, 1860, სოფ. შაშიანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 17 აპრილი, 1920, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მწიგნობარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი და მთლიანად მიეცა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ეს არც მეფის ხელისუფლებას გამოპარვია და ამიტომ იძულებული შეიქმნა შვეიცარიაში წასულიაყო, სადაც დაუახლოვდა ცნობილ რევოლუციონერებს მათ შორის ელიზე რეკლიუს, პეტრე კროპოტკინს, და სხვებს. აქ ვ. რცხილაძემ სწავლა ჟენევის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 2 წელი დაჰყო. მთავრობის უნდობლობის მიუხედავად დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად თბილისის სახელოსნო სკოლაში. მოგვიანებით გახდა სასკოლო ინსპექტორი. საბოლოოდ მან თავი დაანება პედაგოგობას დამთლიანად საზოგადოებრივ საქმიანობას მიჰყო ხელი. იყო დრამატული საზოგადოების წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1905 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სახალხო უნივერსიტეტი მუშებისათვის, სადაც 1917 წლამდე მასწავლებლობდა კიდეც. იმავე ხანებში შეადგინა მოხსენება საქართველოს ავტონომიის შესახებ.

ვასილ რცხილაძემ დიდი ამაგი დასდო ქართული სამეურნეო საზოგადოების შექმნას, მონაწილეობდა სხვადასხვა სამეურნეო და საქველმოქმედო საზოგადოებებში და წამოწყებებში. 1911 წელს აირჩიეს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრ-მდივნად, დააარსა და თავისი ხარჯით სცემდა ჟურნალ მეურნეს. ამ დაურალავი მოღვაწის კალამს ეკუთვნის მრავალი სტატია და წერილი, აგრეთვე ცალკეული წიგნები: „მცენარენი და ცხოველნი“, „არითმეტიკული ამოცანების კრებული“, თარგმნა და გამოსცა როსკოს ქიმიის სახელმძღვანელო.

1914 წლიდან ვ. რცხილაძე მეღვინეთა კომიტეტის წევრი, ხოლო 1918 წელს აირჩიეს ადგილობრივი მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარედ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დიდი როლი, რომელიც შეასრულა გარე კახეთის ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 317, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება