ჩამონაჭრები — მიწა, რომელიც ჩამოერთვა გლეხობას რუსეთში საგლეხო რეფორმის (1891) გატარების შედეგად. მეფის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბატონყმობის გაუქმება მაქსიმალურად სასარგებლო ყოფილიყო აზნაურ-მემამულეებისათვის. გლეხს მამულისაგან მიღებული მიწისთვის გამოსასყიდი უნდა გადაეხადა. თუ მიწის ოდენობა, რომლითაც სარგებლობდა გლეხი 1861 წლის 19 თებერვლამდე, სჭარბობდა იმ ადგილისათვის დაწესებულ ნორმას ან თუ მემამულეს გლეხებისათვის მიწის ნორმის მიცემის შემდეგ თავისი მამულის სავარგულების 1/3-ზე (ტრამალის რაიონებში კი — 1/2-ზე) ნაკლები რჩებოდა, მას შეეძლო ეს ნორმა შეემცირებინა — ჩამოეჭრა მიწა. გარდა ამისა, მემამულეს შეეძლო შეემცირებინა გლეხის მიწა უმაღლესი ნორმის ნახევრამდე გლეხის „თანხმობით“ ვალდებულების შემცირების პირობით, თუ გლეხი თანახმა იყო გამოესყიდა მიწა, ნორმა შეიძლებოდა 1/3-მდე შემცირებულიყო. თუ გლეხი დათანხმდებოდა აეღო მიწა ნორმის მეოთხედის ოდენობით, მას ამ მიწას უსასყიდლოდ მისცემდნენ. საუფლისწულო (1863) და სახელმწიფო გლეხების (1866) რეფორმების გატარების დროს მათ გაცილებით მცირე მიწები ჩამოაჭრეს, ვიდრე ეს მემამულეთა გლეხების მიწების ჩამოჭრის დროს მოხდა — ჩამონაჭრების საერთო ოდენობამ გლეხთა მიწების 26% შეადგინა. როგორც წესი, ჩამონაჭრების მიწებში შედიოდა ან საუკეთესო მიწები ან გლეხისათვის მეტად აუცილებელი საძოვრები, სათიბები, წყარო, ტყე და ა. შ. ამიტომ გლეხი იძულებული იყო მძიმე კაბალური პირობით (შრომამიგებით) აეღო იჯარით ჩამონაჭრები. რუსული გლეხობა აქტიურად იბრძოდა ჩამონაჭრების დასაბრუნებლად. ეს მოთხოვნა შეიტანეს რსდმპ II ყრილობაზე (1903) მიღებულ პროგრამაში. რსდმპ III ყრილობაზე კი ჩამონაჭრების დაბრუნების მოთხოვნა მემამულეთა მთელი მიწების გლეხთა სასარგებლოდ კონფისკაციის მოთხოვნით შეიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება