ჩოჩხათი
ჩოჩხათი (ყოფილი ჩირგვეთი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჩოჩხათი, გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მდინარე შუთის ხეობაში, ზღვის დონიდან 130 მ., ლანჩხუთიდან 27 კმ, სუფსიდან 7 კმ. სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე. სოფელში არის ბიბლიოთეკა[2]
სოფელი | |
---|---|
ჩოჩხათი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩოჩხათი |
კოორდინატები | 42°01′43″ ჩ. გ. 41°53′30″ ა. გ. / 42.02861° ჩ. გ. 41.89167° ა. გ. |
პირველი ხსენება | I საუკუნე |
ადრეული სახელები | ჩირგვეთი, წითელუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაჩოჩხათი წარმოადგენდა სამოურავოს გურიის სამთავროში. ჩოჩხათის მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[3] ჩოჩხათი იყო გიორგი V გურიელის ძის, დავითის საბატონიშვილო, მაგრამ დავითმა ეს მხარე დაკარგა 1820 წელს იმერეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ჩოჩხათის მოურავად კი მაიორი გიორგი ნაკაშიძე დაინიშნა, თუმცა ეს სამოურავო მალევე გაუქმდა.[4] რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩოჩხათის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ჩოჩხათს, არჩეულს, ღრმაღელეს, გრიგოლეთს, მალთაყვას, სადგურ სუფსას.
1921 წელს ჩოჩხათი შედიოდა სუფსის რაიონში. საბჭოთა პერიოდში, 1951 წლამდე, ეწოდებოდა წითელუბანი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. მოქმედებდა საავადმყოფო.
ეტიმოლოგია
რედაქტირებამეგრულად „ჩოჩხ“ ნიშნაცს ცაცხვს, შესაბამისად ჩოჩხათი აღნიშნავდა ცაცხვებით გაშენებულ ადგილს. მიუხედავად ამისა, სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ხალხური ლეგენდა. თქმულების თანახმად, სოფელში ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია ოსმალებს დაუნგრევიათ. მოსახლეობამ ხატი სხვა ეკლესიაში დამალა. შემდგომი ლაშქრობის დროს ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და XIX საუკუნის შუა წლებამდე იყო თურმე ღვედის ეკლესიაში. ღვედის ეკლესია სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი დაიკარგა. ხატსა და სოფელს მჩოჩავი ხატი უწოდეს. სოფლის სახელწოდებამ ცვლილება განიცადა: მჩოჩავი ხატი - ჩოჩხატი - ჩოჩხათი.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაჩოჩხათში არის ხელოვნური გამოქვაბული. იგი გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო. სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. იქ აღმოჩენილი ქვითკირის ნამტვრევები ადასტურებენ, რომ გამოქვაბული ორი ნაწილისგან – სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან შედგებოდა. ლეგენდის თანახმად გამოქვაბულს ჰქონია ხის მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი, რომელიც ვიღაცას ჩამოუხსნია და სახლში წაუღია. ამის შემდეგ ქურდს თურმე სიზმრები არ ასვენებდა, ამიტომ კარი უკან დაუბრუნებია.[5]
სოფლის ცენტრში დგას ადმინისტრაციული შენობა. მართკუთხა გეგმის ორ-სართულიანი ნაგებობა განზიდულია დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მთავარი ფასადი სიმეტრიულია და გადის საავტომობილო გზის მხარეს. რვა-წახნაგა კოლონა სადა ბაზის ეყრდნობა და მთავრდება კომპოზიტური კაპიტელით. კოლონადების რიგის უკან, პირველ სართულზე სიმეტრიულად გაჭრილია მართკუთხა ფორმის კარ-ფანჯრების რიგი. მეორე სართულზეც ანალოგიური თანმიმდევრობით გაჭრილია თაღიანი ღიობები, რომლებიც შემკულია პროფილირებული საპირეებით. კარების წინ რკინის მოაჯირიანი აივნებია, რომლებიც ფსევდოკრონშტეინებს ეყრდნობა. დაასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე პირველ სართულზე ორი ფართო შეისრულ თაღიანი ღიობია გაჭრილი. მეორე სართულზე ორ-ორად შეწყვილებული ოთხი სარკმელია, რომლებიც შემკულია პროფილირებული საპირეებით და ეყრდნობა პროფილირებულ თაროებს. ნაგებობა მთავრდება ფსევდო კრონშტეინებზე დაყრდნობილი ლავგარდანით. სახურავზე გამართულია ატიკი რომლის ცენტრში გამოსახულია საბჭოთა სიმბოლიკა.[6]
საჯარო სკოლა
რედაქტირებაჩოჩხათში დაწყებითი სკოლა გაიხსნა 1879 წელს. სკოლაში 1879—1885 წლებში ასწავლიდა ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. 1925 წელს ჩოჩხათის სკოლა გადაკეთდა 7-კლასიან სკოლად. 1938 წლიდან ის საშუალო სკოლა გახდა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883[7] | 2405 | ||
1893[8] | 3509 | ||
1902[9] | 3863 | 1992 | 1871 |
1908[10] | 890 | ||
2002 | 709 | ||
2014 | 580 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- გიორგი გურიელი — რუსეთის არმიის გენერალი
- ვასიფ მეჰმედ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე
- გიორგი მურვანიძე — საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქის თავი
- სოლომონ თავაძე — მწერალი
- ვახტანგ ბლაგიძე — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 150.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ბიბლიოთეკის დღე ჩოჩხათში, გაზეთი „ლანჩხუთი +", 5.2.2012, N46, გვ.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
- ↑ სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ გრძელიძე გ. „საველე ეთნოგრაფიული დღიური“ — თბილისი, 2012
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20862
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год