სამოურავო
სამოურავო — მეფის სახასო ან მსხვილი საერო და საეკლესიო ფეოდალების სამფლობელო ტერიტორიის ნაწილი შუა საუკუნეების საქართველოში, რომელსაც მოურავი განაგებდა. სამოურავოს არსებობას XIII საუკუნიდან ვარაუდობენ, მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV საუკუნიდან, როდესაც საქართველოს პოლიტიკური დაშლის შედეგად მოიშალა ძველი ცენტრალიზებული მმართველობა, გადავარდა საერისთავოების სისტემა და მისი ადგილი სათავადოებმა დაიკავეს. სამოურავო სხვადასხვა სიდიდისა და მნიშვნელობისა იყო — ერთი ან ორი სოფლიდან მთელ პროვინციამდე (მსხვილი სამეფო სამოურავოები იყო ქიზიყისა, თუშეთისა, ენისელისა, ბამბაკისა, ყაზახისა, თრიალეთისა და სხვა). დროდადრო კახეთის მეფეები (თეიმურაზ I, ერეკლე I, ერეკლე II) ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებისა და ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებისას ცდილობდნენ შეეზღუდათ ან გაეუქმებინათ სათავადოები და სხვა ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები და მათ მაგივრად დაენერგათ სამოურავოების სისტემა (მაგ., XVIII საუკუნეში გაუქმდა არაგვისა და ქსნის საერისთავოები (სათავადოები), ყაზახისა და ბორჩალოს სახანოები, სადაც შემდეგ სამოურავოები დაწესდა). სამოურავოს სისტემა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გაუქმდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., სახელმწიფოებრივი რეფორმების საკითხისათვის XV საუკუნის კახეთის სამეფოშ, კრ.:ძიებანი საქართველოსა და კავკასის ისტორიიდან, თბ., 1976;
- კოპალიანი ჯ., მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოში, „საისტორიო კრებული“, 1973, ტ. 4;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 22.