დავით ნიჟარაძე
დავით (დათა) ოტიას ძე ნიჟარაძე (დ. 18 სექტემბერი, 1856, სოფ. ოფშკვითი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 27 დეკემბერი, 1922) — თავადი, ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1914). წლების მანძილზე იყო დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი (მარშალი).
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება შინ მიიღო. მოხალისედ მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) სამურზაყანოს ირეგულარული ცხენოსანი პოლკის რიგებში. 1883-1890 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის მე-4 სამხედრო-საცხენოსნო უბნის უფროსად. 1888-1891 წლებში არჩეული იყო ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატად. 1891-1894 წლებში იყო ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობის შემსრულებელი, 1894-1914 წლებში — ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი (არჩეული იყო შვიდგზის). ამავდროულად, 1894-1911 წლებში იყო ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობის შემსრულებელი, 1914-1917 წლებში — ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობაზე ყოფნისას ნიჟარაძის თაოსნობით და ხელშეწყობით ააგეს ქუთაისის ქართული გიმნაზიის ორსართულიანი შენობა, შემცირდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო სამსახურში გასაწვევი ახალგაზრდების რიცხვი. როგორც იმერეთის თავადაზნაურთა ბანკის თავმჯდომარე, არაერთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. ასვე თავმჯდომარეობდა ქართული გალობის მოყვარულთა წრისა და ქართული გალობის აღმდგენელი საზოგადოების გამგეობებს. იდგა ეროვნულ პოზიციებზე, რის გამოც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ ალექსეი სმაგინთანაც იყო დაპირისპირებული.
I მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს მილიციის პოლკოვნიკის ჩინით ნიჟარაძე სათავეში ედგა ქუთაისის ქართულ დრუჟინას და „ჭოროხის რაზმის“ შემადგებლობაში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ოსმალეთის ფრონტზე. 1916 წლიდან ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილობათა გენერლის მოვალეობას. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიჟარაძის თავმჯდომარეობით დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულომ 1917 წლის 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ქართველ ერს გადასცა საკრებულოს ქონება (ქუთაისის ქართული გიმნაზია თავისი შენობებით, სენაკის სკოლა თავისი შენობებით და თავადაზნაურობის ბანკი). ამავე დროს მსგავსი ნაბიჯი გადადგა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ნიჟარაძე დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა სახელით სიტყვით მიესალმა 1917 წლის 19-24 ნოემბერს მოწვეულ პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობას. დაჯილდოებული იყო IV ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით (1877), წმ. ანას II (1899), წმ. სტანისლავის II (1895), წმ. ვლადიმერის IV (1915) და III (1916) ხარისხის ორდენებით, მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლები // ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლები : დოკუმენტების კრებული / საქ. იუსტიციის სამინ.; საქ. ეროვნ. არქივი; ქუთაისის ცენტრ. არქივი. - ქუთაისი, 2009.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Мераб Кезевадзе. Нижарадзе Давид Отиевич. www.nobility.pro. ნანახია 10 სექტემბერი, 2020.
- დავით ნიჟარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი