კონსტანტინე აფხაზი

ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.
(გადამისამართდა გვერდიდან კოტე აფხაზი)

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (დ. 27 ნოემბერი, 1867, კარდანახი ― გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923). საქართველოს ეროვნული გმირი (2023).[1]

კოტე აფხაზი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1867
დაბადების ადგილი კარდანახი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1923
გარდაცვალების ადგილი ტფილისი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სამხედრო სამსახურის წლები 1890-1921
წოდება გენერალ-მაიორი
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი
კავშირი ილია ჭავჭავაძე (ბიძა)
ელენე აფხაზი (მეუღლე)
ნიკოლოზ აფხაზი (ვაჟი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების — შარვაშიძეებისკახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. აფხაზის დედა, ნინო ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის და. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890). 1887 წლის მაისში მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, 1888 წლის 9 აგვისტოს მიანიჭეს პოდპორუჩიკის წოდება და გაამწესეს ფეხოსანთა არტილერიის 39-ე საველე ბრიგადაში. ერთი წლის შემდეგ დანიშნეს იქვე სასწავლო რაზმის უფროსად. 1891 წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის მთავარი სამმართველოს გრენადერთა ბრიგადაში. 1895 წლის მაისში მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. 1896 წელს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის გრენადერთა ბრიგადის მესამე ბატარეის უფროსად. 1901 წლის აგვისტოში მიანიჭეს კაპიტნის წოდება. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში იყო ამავე გრენადერთა ბრიგადის მესამე და მეოთხე ბატარეების უფროსი. 1908 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს იმავე ბრიგადის მეშვიდე ბატარეის უფროსად. 1911 წლის დეკემბერში აფხაზი მის ბატარეასთან ერთად გაგზავნილი იყო სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.

1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. 1913 წელს აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებისთანავე, 1914 წლის 1 აგვისტოს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წინადადებით დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 31 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1915 წლის მარტის დასაწყისში აფხაზი თავისი ბრიგადით, რომელიც მე-5 კორპუსში შედიოდა, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ფრონტზე გამოჩენილი თავდადებისთვის ორგზის იქნა დაჯილდოებული თავად ვალდიმირის IV და III ხარისხის ორდენებით 27 აპრილსა და 14 ოქტომბერს, იმავე წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის ბრძანებით გამოწვეულ იქნა ფრონტიდან და დაინიშნა კავკასიაში სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებულ რწმუნებულად, თებერვალში კი დაინიშნა კავკასიის ფრონტის საინჟინრო-სამშენებლო რაზმების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1916 წელს გახდა არტილერიის გენერალ-მაიორი.

1916-17 წლებში კვლავ იყო არჩეული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად და ამავდროულად იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 15 მარტს, ის დაბრუნდა საქართველოში. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 11 დეკემბერს მისი ხელმძღვანელობით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საკრებულოს ქონება გადაეცა იმავე წლის ნოემბერში შექმნილ საქართველოს ეროვნულ საბჭოს. აფხაზი იყო ეროვნული საბჭოს წევრი „უპარტიოთა კავშირიდან“ და ამ კავშირის თავმჯდომარე. როგორც ეროვნული საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში და იყოს მისი ერთ-ერთი ხელმომწერი. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლიდანვე იყო თბილისის საადგილმამულო სამეურვეო კომიტეტის წევრი.

1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.

საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. „ჩეკა“) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

 
„მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს.“

კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი მისი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, 2023 წლის 4 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.[1]

კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, - ელენე (1870-1942) და ვაჟი - ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთში, პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, - ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბენდიანიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 34.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 14-16, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • ურუშაძე, ლ., გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრაფიისათვის.- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია, N 3 (48-B), თბილისი, 2012, გვ. 230-246.
  • საითიძე გ., სწამდა სამშობლოს აღორძინება, თბ., 1997
  • ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, #21-22, 1937.
  • ჟურნ. „მხედარი“, პარიზი, #2, 1929, გვ. 22-23.
  • დ., კონსტანტინე აფხაზი // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 10-11.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]