გლეხთა კომიტეტები

გლეხთა კომიტეტებიგლეხთა მასობრივი ორგანიზაციები რუსეთის 1905–1907 წლების რევოლუციის დროს.

გლეხთა პირველი კომიტეტი საქართველოში ჩამოყალიბდა გურიაში, ოზურგეთის მაზრაში 1903 ზაფხულში. თავდაპირველად ისინი ფარულად მუშაობდნენ, ზოგიერთ სოფელში ბოიკოტსაც უცხადებდნენ სამღვდელოებასა და მთავრობის დაწესებულებებს. 1904 იანვარში 43 გურიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების II კონფერენციამ მოიწონა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) II ყრილობის გადაწყვეტილებები. ბრძოლის მთავარ ფორმად აღიარა ბოიკოტი, რომელიც სოფლად უშუალოდ გლეხთა კომიტეტებს უნდა განეხორციელებინათ. ერთ-ერთ მთავარ საბრძოლო ამოცანად კონფერენციამ წამოაყენა სახელმწიფო და მემამულეთა მიწების ხელში ჩაგდება რევოლუციური გზით.

1904 წლის გურიის თითქმის ყველა სოფლის გლეხობამ ბოიკოტი გამოუცხადა მთავრობის დაწესებულებებს, მემამულეებს, სამღვდელოებას, წლის ბოლოს პარალიზებული იყო მაზრის მთელი ხელისუფლება. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა საკითხს გლეხთა კომიტეტები წყვეტდნენ. ზოგიერთ სოფელში მოქმედებდა შეიარაღებული „წითელი რაზმები“. მემამულეთა ნაწილი თავს ან ოზურგეთს აფარებდა, ან ქუთაისს. 1904 წლის ბოლოს გლეხთა კომიტეტები, სახალხო სასამართლოები და „წითელი რაზმები“ შეიქმნა სენაკის მაზრის ზოგიერთ სოფელშიც.

პეტერბურგის 1905 წლის 9 იანვრის სისხლიანი ამბების შემდეგ გლეხთა კომიტეტები საქართველოს სხვა მაზრებშიც დაარსდა. 1904 წლის ბოლოსა და 1905 იანვარ-მარტში მრავალი გლეხთა კომიტეტი ითხოვდა მემამულეთა მთელი მიწების კონფისკაციასაც და ზოგჯერ მიზანსაც აღწევდა. დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დროს საქართველოში წარმოიშვა პატარ-პატარა „რესპუბლიკები“ (სენაკის, გორის, გურიის და სხვ.), რომელთა სათავეში გლეხთა კომიტეტები იდგნენ. გლეხთა კომიტეტები ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, „წითელ რაზმებს“, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, სტამბებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და ა. შ. შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ გლეხთა კომიტეტებმა არსებობა შეწყვიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება