ჭოლა ლომთათიძე
ბიკენტი (ჭოლა) ბიბონის ძე ლომთათიძე (დ. 7 ივლისი [ძვ. სტ. 24 ივნისი], 1879, სოფ. მეწიეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 24 ნოემბერი [ ძვ. სტ. 11 ნოემბერი], 1915, სარატოვი) — ქართველი მწერალი, სოციალ-დემოკრატი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან.
ჭოლა ლომთათიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივლისი, 1879 |
დაბადების ადგილი | მეწიეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 24 ნოემბერი, 1915 (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სარატოვი, სარატოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი და მწერალი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
Magnum opus | საპყრობილეში, ჰონორარი, თეთრი ღამე და უსათაურო |
მეუღლე | ცილია გიდერინსკაია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭოლა ლომთათიძე 1879 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ მეწიეთში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), შეძლებული გლეხის ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდებოდა, ბიბონი ძირითადად ოჯახს ვაჭრობით არჩენდა, ასევე დიდად ეხმარებოდა უფროსი ძმა ილარიონი, რომელიც ოზურგეთში ცხოვრობდა, უცოლშვილო იყო და შეძლებული. ჭოლა 9 წლის ასაკში დედით დაობლდა. დედა — ეროდიონე ნიკოლაიშვილი აზნაურის ქალი, ჭლექით გარდაიცვალა. ბიბონმა მალე მეორე ცოლი შეირთო, ჭოლას არ უყვარდა დედინაცვალთან ცხოვრება და მიწიეთში ბიძასთან, ლავრენტისთან გადავიდა, დედობრივ მზრუნველობას კი ბიცოლა, ლასე ელიაძე უწევდა. სწავლობდა სოფელ ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ შევიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამოთავი დაანება სწავლას და დაიწყო მუშაობა ხიდისთავის ბიბლიოთეკაში.
1895 წელს მიიღეს ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მალე დაითხოვეს მოსწავლეთა გაფიცვებში მონაწილეობისათვის. ქუთაისში დაუახლოვდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ წრეებს და აქტიურად ჩაება მათ საქმიანობაში. 1898 წელს გაემგზავრა ხარკოვში და გახდა სამეურნეო სკოლის თავისუფალი მსმენელი, მაგრამ რევულუციურ გამოსვლებში ჩაბმულმა ახალგაზრდამ სასწავლებელი ვერ დაამთავრა. ერთხანს მუშაობდა მიტროფანე ლაღიძის ლიმონათის ქარხანაში. სამწერლობო ასპარეზზე ჭოლა ლომთათიძე გამოვიდა 1901 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“. მწერლის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში წარმოჩნდა ავტორის შემოქმედებითი ინტერესთა ფართო სპექტრი — სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა და სხვა
1903 წლიდან კი გაზეთ კვალის რედაქციის თანამშრომელია. ამავე წელს გახდა რსდმპ-ის წევრი.ჭოლა ლომთათიძის პირველი მოთხრობები („დავითი”, „ზღვა”, „აღსარება”, „სიცრუე”, „კვლავ ფიქრი, ფიქრი”) 1905 წელს გამოქვეყნდა. 1906 წელს აირჩიეს რსდმპ IV ყრილობის დელეგატად გურიის კომიტეტიდან.
„ჯერ ნაწილობრივადაც არ არის შესწავლილი ჭოლა ლომთათიძის ოსტატობა, გამოცდილება და იმათ, ვისაც თავიანთ აღმოჩენად მიაჩნია ჭოლას პროზა, არც კი იციან, საიდან არის ის ჟრუნტელი, რომელიც მას ახლავს და რა ძალა ტეხავდა და ამავე დროს კვებავდა მის ოსტატობას. ამ მხრივ ჭოლა ლომთათიძე ყველაზე უფრო საინტერესო ფიგურაა უახლეს ქართულ პროზაში.“
| |
ქალაქ ნოვოროსიისკში ჭოლამ გაიცნო ოდესელი ებრაელის ბენიამინ გიდერინსკის ქალიშვილი, ცილია გიდერინსკაია, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და 1904 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ცილია ქრისტიანად მოინათლა და მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ცილია გიდერინსკაიასთან ჭოლას შეეძინა ვაჟი – ჭოლიკო, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად. ამ ხნის მანძილზე ჭოლა მუდამ პატიმრობაში იყო.
1903-1905 წლებში იყო რსდმპ-ის გურიის კომიტეტის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა გურიის რესპუბლიკაში.[1] 1906 წელს, დამსჯელმა რაზმმა ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში იმყოფებოდა და იმალებოდა ბიძის, ლავრენტის სახლში.
1907 წლის 2 თებერვალს ჭოლა ლომთათიძე აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან[2]. იმავე წლის 3 ივნისს მთავრობამ სათათბირო დაითხოვა და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 55 წევრი, მათ შორის ჭოლა ლომთათიძეც, გაასამართლეს. მიუსაჯეს 5 წლიანი კატორღა, მაგრამ ჭლექით ავადმყოფობის გამო შვიდნახევარი წლის პატიმრობით შეუნაცვლეს. იმავე წელს მონაწილეობდა რსდმპ V ყრილობაზე.
რევოლუციონერის ბობოქარმა ცხოვრებამ იგი ერთხანს განარიდა ლიტერატურულ სარბიელს, მაგრამ 1907 წლიდან იწყება მეორე პერიოდი, როცა პატიმრობაში, მძიმედ დაავადებული უბრუნდება თავის საყვარელ შემოქმედებას და ქართულ მწერლობას ამდიდრებს ახალი ნაწარმოებით. 1907 წელს გამოქვეყნდა „სახრჩობელას წინაშე”, „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“, „დუმილი“, „მოღალატე“, „უბედური“ და სხვა.
1911 წელს ჭოლას გაეყარა მეუღლე ცილია, რომელიც ქმართან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა მისი დაპატიმრების შემდეგ, ის ბოლშევიკური პარტიის წევრ რუბენ პავლეს ძე კატანიანზე დაქორწინდა და საქართველო დატოვა, თან წაიყვანა შვილიც – ჭოლიკო, რომელიც ახალი ქმრის გვარზე გადაიყვანა. 1937 წელს რეპრესიების დროს, ჭოლიკო კატანიანს დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა ცილიამ მოახერხა და ქვეყნის პირველ პირს, ჭოლას ძველ მეგობარს, სტალინს შეატყობინა ამის შესახებ, ჭოლიკოს დახვრეტა მცირე ხნით გადასახლებით შეუცვალეს.
ჭოლა ლომთათიძე მძიმედ დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული 1912 წელს მოათავსეს სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში. იქ გარდაიცვალა იგი 1915 წელს, 5 ნოემბერს.
მოსკოვის სახელმწიფო პარლამენტის წევრის აკაკი ჩხენკელის და ქართველი სოციალ-დემოკრატების თაოსნობით ჭოლას ნეშტი თბილისში გადმოასვენეს სადაც მეფის ჟანდარმერია სრულიად მობილიზებული იყო, რომ ჭოლას გადმოსვენება დიდ მიტინგად არ ქცეულიყო. ჭოლა ლომთათიძე უზარმაზარი პროცესიის თანხლებით კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც 1957 წელს, იოსებ მეგრელიძის ინიციატივითა და თაოსნობით მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 238, თბ., 1994
- ქართული პროზის საგანძური, თბილისი, 2011.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 17.
- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 466