კიკია მამულაიშვილი
კიკია (იასონ) მამულაიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1881, დვაბზუ — ივნისი, 1914, ფამფალეთი) — ქართველი ფირალი, ტერორისტი და რევოლუციონერი. იყო კარგი მსროლელი, ჩუბინი, იყენებდა მაუზერს, მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში.
კიკია მამულაიშვილი | |
---|---|
„ოგონეკ“ ჟურნალი (№ 3, 19 იანვარი 1914) | |
დაბ. თარიღი | 7 ოქტომბერი, 1881 |
დაბ. ადგილი | დვაბზუ, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | ივნისი, 1913 |
გარდაცვალების ადგილი | ფამფალეთი |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
დაკრძალულია | დვაბზუ |
ეროვნება | ქართველი |
თანამშრომლობა | დათიკო შევარდნაძე, ისაკი თოიძე |
ცნობილია, როგორც | ფირალი, ტერორისტი, რევოლუციონერი |
მამა | ნიკო მამულაიშვილი |
იარაღი | მაუზერი |
მკვლელობების არეალი | გურია |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამაისი გადამდგარი ოფიცერი იყო, დედა — დიასახლისი. სწავლობდა ჯერ სოფლის სკოლაში, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. აპირებდა სოხუმის სამხედრო სასწავლებელში ჩაბარებას. ამაში ეხმარებოდა ბიძაშვილი, მწერალი არსენ მამულაიშვილი. მამის და დის გარდაცვალების გამო სასწავლებელში ჩაბარება ვეღარ მოახერხა. მამულაიშვილი 1905 წლისთვის ჩაბმული იყო გურიის რევოლუციურ მოძრაობაში, დაუმეგობრდა დათიკო შევარდნაძესა და ისაკი თოიძეს. ერთხელ ლანჩხუთში მას თავს დაესხა ორი პოლიციელი, მაგრამ გადარჩა. მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში, სადაც ერთ-ერთი ვერსიით პირველმა ისროლა ყუმბარა.
1907 წელს წითელ პარასკევ ბაზარში თეოფილე მუხაშავრიასთან ერთად თავს დაესხა ოზურგეთის ურიადნკ დიმიტრი მგელაძეს, რომელსაც ხუთი ტყვია დაახალა. მგელაძეზე თავდასხმისთვის გაასამართლეს სხვა პირები: არონიშიძე, ფირცხალაიშვილი და გალოგრე. 1908 წელს იყო მისი დაჭერის მცდელობა, მაგრამ მამულაიშვილი სახლში ვერ ნახეს.[1]დვაბზუს მოსახლეობას უყვარდა მამულაიშვილი და იფარავდა მას პოლიციისგან. 1908 წელს მოკლა სანდრო გრეკოვი, რომელმაც ადრე ჟანდარმერიას აცნობა ბახვში გამართული საიდუმლო კრების შესახებ. 1908 წელს უთანხმოება მოუვიდა დვაბზუს ეკლესიის მღვდელ იონა ღლონტთან. მამულაიშვილმა ცოლად ითხოვა ღლონტის ქალიშვილი. მღვდელმა მას შვილის მითხოვებაზე უარი უთხრა, რის გამოც მამულაიშვილმა მღვდელი დაჭრა. მას კიდევ ერთხელ მოუვიდა კონფლიქტი დვაბზუს ეკლესიის მღვდელთან ტაძარში თამბაქოს მოწევის გამო. 1909 წლის 3 მაისს მან სასიკვდილოდ დაჭრა იონა ღლონტი. ერთი ვერსიით მამულაიშვილი დააპატიმრეს 1909 წელს და ის ციხიდან ან ეტაპიდან გაიქცა, თუმცა სხვა მოსაზრებით ამ დროს დაპატიმრებული იყო სხვა რევოლუციონერი, კალენიკე მამულაიშვილი.
კიკია მამულაიშვილმა რამდნეიმე მკვლელობა ჩაიდინა. მან დვაბზუში, ხალხის თანდასწრებით წამებით მოკლა პეგასია თოიძე, რომელსაც რევოლუციონერები ჯაშუშობას აბრალებდნენ. 1909 წლის დეკემბერშ, დათიკო შევარდნაძის სიკვდილის შემდეგ ასკანაში მისმა მეგობრებმა, კიკია მამულაშვილმა და სხვებმა მოიყარეს თავი. თავდაპირველად ისინი სტრაჟნიკებსა და პროსტავზე თავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ექვსი მოხელის მოკვლის შემთხვევაში სოფელს გადაწვა ელოდა და ამ გეგმაზე ხელი აიღეს. მიუხედავად ამისა, კიკია მამულაშვილი და ისაკი თოიძე 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ და ორი სტრაჟნიკი მოკლეს, მათვე მოკლეს ფენია ჭელიძე. ფირალებმა შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ.
1910 წელს ბახვში სიმონა დოლიძესთან ერთად მოკლა სამსონ ქიქოძე, რომელიც აპირებდა პოლიციისთვის გაემხილა ფირალების თავშესაფარი ბინა.[2]1910 წლის 17 ნოემბერს ესწრებოდა ვლადიმერ გოგუაძის მიერ გამართულ კრებას, სადაც 97 ფირალი მონაწილეობდა, სადაც გოგუაძე რსდმპ კომიტეტის სახელით ითხოვდა ფირალებისგან ყაჩაღობის შეწყვეტას. მელქისედეკ გუნთაიშვილთან ერთად მოკლა სოფიო დოლიძე, რომელსაც სიმონა დოლიძის და სხვა ფირალების გაცემა ბრალდებოდა.
მამულაიშვილი მოკლეს 1914 წელს (ზოგი ვერსიით 1912 ან 1913 წელს). ფირალების მდევარ მახარაძეს აცნობეს, რომ მამულაიშვილი სოფელ ფამფალეთში იმყოფებოდა. ორმხრივი სროლის დროს მამულაიშვილს ტყვია გაეჭედა მაუზერში და ინგუშმა სტრაჟნიკებმა ადგილზე დაცხრილეს.[3] ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა მამულაიშვილის დედას, შვილის გვამის მშობლიურ სოფელში გადასვენებაზე, მაგრამ ამხანაგებმა ის ღამით ფარულად მაინც გადაასვენეს დვაბზუში. მის საფლავზე უთქვამთ ლექსი
ცხოვრების უსამართლობამ გაგიყვანა ბრძოოლის ველზე
ხელში გეპყრა ჩაგრულთ დროშა ილაშქრებდი ხალხის მტრებზე
ლიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 141-146. ISBN 978-9941-403-95-8.
- ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 113-116.
სქოლიო
რედაქტირებაგურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ. |