დიომიდე თოფურიძე
დიომიდე თოფურიძე (დ. 16 აგვისტო, 1871, სოფ. ხეთა, ზუგდიდის მაზრა — გ. 11 დეკემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
დიომიდე თოფურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 აგვისტო, 1871 |
დაბადების ადგილი | ხეთა |
გარდაცვალების თარიღი | 11 დეკემბერი, 1937 (66 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, შემდგომ - ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე. გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას. 1895 წელს სწავლა დაიწყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. 1896 წელს ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული „Искра“-ს პირველი და მეორე ჯგუფის წევრი. 1901 წელს თავისი დისერტაციის („გაღატაკების თეორიის“ შესახებ) დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა და ფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში. ერთხანს იყო გაზეთ „კვალის“ რედაქტორი, შემდეგ მუშაობდა რუსულ გამოცემებში სარატოვსა და მოსკოვში.
1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთის კომიტეტში. რსდმპ-ის კავკასიის კავშირის მეორე ყრილობაზე კვლავ აირჩიეს კავშირის წევრად. ივლისში თბილისის კომიტეტის წარდგენით მონაწილეობდა რსდმპ-ის II ყრილობაში, სადაც მიემხრო მენშევიკებს. ყრილობის შემდეგ წავიდა სარატოვში. 1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიის საზღვრებიდან გაძევებული. უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას ე. წ. „კრეპოსტში“ პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა, პეტერბურგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო. ცხოვრობდა ყალბი პასპორტით კიკვიძის გვარით, თუმცა „ოხრანკამ“ მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა. გადაგზავნეს სარატოვის ციხეში, იქიდან კი სამარაში.
1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვის გუბერნიაში, არჩეული იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი. მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ-ის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე. არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარედ. 1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში. იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. დააარსა ჟურნალი „ეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი. 1919 წელს მუშაობდა ბათუმში რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის წევრად, სადაც ჩართული იყო გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში. 1919 წელს არჩეული იყო ქუთაისის ქალაქის თავად.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1923 წელს დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა საქართველოს სსრ-ის სხვადასხვა უწყებაში. 1930 წლისათვის გადაწყვიტა, მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმო დრო და პენსიაზე გავიდა; გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე. დააპატიმრეს 1937 წელს, თბილისში, საკუთარ სახლში, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობისა და „დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთა ორგანიზაციაში“ „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირების“ ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 11 დეკემბრის ღამეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 198.
- რამიშვილი ი., „მოგონებები“, თბილისი, 2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება