ბათუმის მუშათა გაფიცვა

ბათუმის მუშათა გაფიცვაბათუმის მუშათა საპროტესტო გამოსვლა რუსეთის იმპერიაში 1902 წლის თებერვალსა და მარტში.

მუშათა პროტესტის მიზეზები იყო მძმე ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური უუფლებობა, მკაცრი ექსპლუატაცია, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, ჯარიმები და ფიზიკური შეურაცხყოფა. გაფიცვა დაიწყო 1902 წლის იანვარში მანთაშევბის ქარხანაში რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის ორგანიზებით. ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელები იყვნენ ნოე ხომერიკი, ნოე რამიშვილი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ისიდორე რამიშვილი, გიორგი ცინცაძე და სხვები. პირველი გაფიცვა წარმატებით დასრულდა. ქარხნის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნები.

იმავე წლის 27 თებერვალს დაიწყო მეორე გაფიცვა როტშილდის ქარხანაში, რისი მიზეზიც იყო 389 მუშის დათხოვნა. ქარხნის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის. ბათუმში ჩავიდა ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი. სმაგინის შეხვედრა გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა. გაფიცვამ ბიძგი მისცა სხვა საწარმოების მუშებს გაფიცვისთვის. 5 მარტს გაფიცვა გამოაცხადეს სიდერდისის ქარხნის მუშებმა. მათ ადმინისტრაციას წარუდგინეს 120 მუშის მიერ ხელმოწერილი განცხადება. 7 მარტს პოლიციამ დააპატიმრა როტშილდისა და სიდერდისის ქარხნების 40 მუშა. იმავე დღეს გაფიცვა დაიწყეს ხაჩატურიანის ქარხნის მუშებმა.

8 მარტს რსდმპ ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელობით მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია, რომელშიც 800-მდე მუშა მონაწილეობდა. დემონსტრანტები შეიკრიბნენ პოლიციის სამმართველოსთან და მოითხოვეს დაპატიმრებული მუშების გათავისუფლება. საპასუხოდ პოლიციამ 300-მდე მუშა დააპატიმრა და საეტაპო ყაზარმებში მოათავსა. 9 მარტს კვლავ გაიმართა დემონსტრაცია, რომელში 6 ათასამდე მუშამ მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყვანილ იქნა ჯარი, მოკლეს 15, დაჭრეს 50 და დააპატიმრეს 500-მდე მონაწილე. 21 ორგანიზატორი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტმა დაიქირავა საუკეთესო ადვოკატები და მოახერხა მიეღწია მუშათა გამართლებისთვის.

გამართლების მიუხედავად, მუშებმა დაკარგეს სამსახური და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ საკუთარ მშობლიურ სოფლებს გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში და იქ გააგრძელეს რევოლუციური საქმიანობა. ამ საქმიანობის გადატანამ სოფლებში გააძლიერა გლეხთა მოძრაობები. ბათუმის მუშათა უმრავლესობა შედგებოდა ოზურგეთის მაზრის მცირემიწიან და უმიწაწყლო გლეხებისაგან.[1] მათმა გასახლებამ ქალაქიდან გააძლიერა გლეხთა მოძრაობა გურიაში 1902 წლიდან რაც 1905 წლის რევოლუციის დროს გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში გადაიზარდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯიჯეიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 150.
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 1971
  1. ჯავახიშვილი ივ., პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში, თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2016 [1906]. — გვ. 60-61, ISBN 978-9941-13-503-3.