ნიკოლოზ თავდგირიძე

ქართველი თანამდებობის პირი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ნიკოლოზ თავდგირიძე (დ. 15 ნოემბერი, 1871, აკეთი) — ქართველი თანამდებობის პირი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1896 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის ქალაქისთავად. ნიკოლოზ თავდგირიძის შუამდგომლობით დააარსა პროგიმნაზია, საჯარო სამკითხველო, სკოლები, სამკურნალო-ამბულატორია, შეადგინეს რკინიგზის პროექტი შეკვეთილიდან ნატანებ-ოზურგეთამდე და სხვა. (მთავრობას არ მოეწონა მისი ასეთი საზოგადოებრივი აქტიურობა და მეორედ არჩევის დროს აღარ დაამტკიცეს ოზურგეთის მოურავად, რის გამოც ოზურგეთის ხმოსანთა შემადგენლობამ ერთხმად დატოვა ხმოსნობა). 1901 წელს ნიკოლოზ თავდგირიძემ არჩილ ჯორჯაძესთან და ვლადიმერ (ვახუშტი) ლორთქიფანიძესთან ერთად, ჰექტოგრაფზე დაბეჭდეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის საწინააღმდეგო მოწოდებები, სადაც ხალხს ურჩევდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. 1904 წელს იგი სიტყვით გამოვიდა კრებაზე ქუთაისში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში დაწყებულ აგრარული მოძრაობას, ამ კრებაზე დაადგინეს საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა, რაც იმ დროს მთავრობის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლის პირველი ნაბიჯი იყო. 1904 წლიდან იყო ოზურგეთის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. 1905 წელს ნიკოლოზ თავდგირიძემ მოსკოვში გამართულ ერთობათა და ქალაქის წარმომადგენლების კრებაზე, ვრცელი დასაბუთებული მოხსენება წარადგინა საქართველოსთვის ავტონომიის შემოღების შესახებ (ეს მოხსენება ცალკე გამოიცა 1906 წელს). 1905 წლამდე მთავრობა მას არცერთ თანამდებობაზე არ ამტკიცებდა, თუმცა ქუთაისის გუბერნიის მარშლად მაინც იქნა არჩეული. 1905 წელს მოპოვებულ უფლებათა საშუალებით, დაამტკიცეს სოხუმის მოურავად (სოხუმში დააარსა ქართული სკოლა, საურთიერთო ნდობის საზოგადოებისათვის ააშენა საუცხოო სამსართულიანი შენობა, ქალაქისათვის მოაწყო ელექტროგანათების სისტემა). მთავრობამ მას ბრალად დასდო 1905 წელს საქართველოს ავტონომიის მომხრე, თედო სახოკიას სამსახურში მიღება, სასამართლომ ნიკო თავდგირიძე გაამართლა და იგი მეორედ იქნა არჩეული სოხუმის მოურავად. 1895 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილები „შთაბეჭდილებანი პარიზიდან“, იმავე წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილები ანარქისტ სებასტიანე ფორის თხზულების „მსოფლიო მწუხარების მიზეზების“ შესახებ, ხოლო 1901 წელს გუსტავ ლე ბონი. „ცნობის ფურცლის“ განახლების შემდეგ იყო მუდმივი თანამშრომელი, თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, წერდა რუსულ გაზეთებშიც. 1906 წელს კიტა აბაშიძესთან და დავით მიქელაძესთან ერთად დააპატიმრეს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონისა და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს გამოსარჩლებისათვის. გადასახლება მიუსაჯეს გაზეთ „საქართველოში“ აფხაზეთის კომისრების გაკრიტიკებისათვის, მაგრამ საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო, მთავრობამ ეს დადგენილება გააუქმა და ნიკოლოზ თავდგირიძე არჩეულ იქნა აფხაზეთის მომრიგებელ-მსაჯულთა კრების თავმჯდომარედ.

პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) „თემში“ გამოაქვეყნა წერილი საქართველოს ავტონომიის შესახებ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1917 წელს იყო სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წევრი.[1]

ბოლო პერიოდში მუშაობდა საბანკო-საფინანსო სფეროში, სხვადასხვა დარგის ვაჭრებისა და მრეწველების გაერთიანებით დააარსა დიდი კომერციული ბანკი „მერკურბანკი“. 1924 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან და საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად სასამართლო პროცესზე ცნეს დამნაშავედ გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმით მიმართვის გამო და მიუსაჯეს პატიმრობა 3 წლით და ცხრა თვით, ქონების კონფისკაციით.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩვენი ახალი თაობის უკუღმართი ცხოვრების ძირითადი მიზეზები: წერილები ნიკო თავდგირიძის, სოხუმი, 1913, გვ. 55

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, ტ. II, იოსებ იმედაშვილი, თბ., 2021, გვ. 252

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება