ვასილ ყიფიანი
ვასილ ყიფიანი (დ. 15 მარტი, 1855 — გ. 27 იანვარი, 1936) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1855 წელს ზემო ქართლის სოფელ ყიფიანთუბანში. სწავლა დაიწყო ახალციხის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში გადადის, რომელიც 1873 წელს დაამთავრა და იმავე წელს ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლები მეტად ნაყოფიერი იყო ვასილ ყიფიანის ცხოვრებაში. იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და გარდა მათემატიკური მეცნიერებისა, გულმოდგინედ სწავლობდა საბუნებისმეტყველო დისციპლინებსაც. ამასთან იგი გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით, საფუძვლიანად იცნობდა ქართული ლიტერატურის ძეგლებს. ასევე გატაცებით ეცნობოდა რუს და ევროპელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს.
1877 წელს ვასილ ყიფიანმა პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის გამგეობამ მას იქვე კათედრაზე საპროფესოროდ დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ვინაიდან ყიფიანი სტუდენტობის პერიოდში კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდიატი იყო, მთავრობამ ნება არ მისცა ოდესაში დარჩენილიყო. ვასილ ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა და სამოღვაწეო ასპარეზად პედაგოგობა აირჩია.
თბილისში ჩამოსვლისთანავე ვასილ ყიფიანი თემირ-ხანშურის რეალურ სასწავლებელში დაინიშნა მათემატიკის მასწავლებლად. თემირ-ხანშურიდან გადაყვანილი იქნა ვლადიკავკაზის პროგიმნაზიაში იგივე საგნის მასწავლებლად.
1883 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, რომელიც იმ პერიოდში ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, ვასილ ყიფიანი მოწვეული იქნა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ ინსპექტორად. ახალი ინსპექტორი მთელი ენერგიითა და მონდომებით შეუდგა საქმეს, მცირე ხანში საგრძნობი ღონისძიებები გაატარა, რითაც ყველას პატივისცემა დაიმსახურა.
1884 წელს ვასილ ყიფიანი თბილისიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლაში გადადის სამუშაოდ. სკოლაში ყიფიანის მისვლამდე ინსპექტირის პოსტზე მუშაობდა და სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობას ხელმძღვანელობდა ალექსი ჭიჭინაძე. სკოლას მაღალიდეური პედაგოგიური კოლექტივი ჰყავდა და მოსწავლეთა დონეც მაღალი იყო. ასე რომ ვასილ ყიფიანს ქუთაისში კარგად გამართული სასწავლებელი დახვდა. ქუთაისის სააზნაურო სკოლაში ვასილ ყიფიანმა 1892 წლამდე იმუშავა და მრავალი ახალი და საყურადღებო რეფორმა გაატარა.
1892 წელს ვასილ ყიფიანი კვლავ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში ბრუნდება სამუშაოდ. პარალელურად მიწვეული იქნა თბილისის საურთიერთო სასოფლო-სამეურნეო ბანკის დირექტორად, რომელსაც 1917 წლამდე უძღვებოდა. ვასილ ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1897 წელს იგი არჩეული იქნა ქალაქის საბჭოს ხმოსნად, სადაც ილია ჭავჭავაძესთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ენერგიული ბრძოლა უხდებოდა ხალხისათვის სასარგებლო ღონისძიებათა გასატარებლად. 1917 წელს ყიფიანი აირჩიეს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობის ხაზინადარად.
ვასილ ყიფიანმა ქართულ ენაზე პირველმა შექმნა სასკოლო მათემატიკის ღერძეული დისციპლინის, ალგებრის ფუნდამენტური კურსი. მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დაწყებითი ალგებრა“ პირველად 1893 წელს ავტორისავე ხარჯით გამოიცა თბილისში, ხოლო მეორედ 1918 წელს ქუთაისში და სპეციალისტების აზრით, იგი არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ალგებრის რევოლუციამდე გავრცელებულ რუსულ საუკეთესო სახელმძღვანელოებს. ყიფიანს ბევრი მეთოდური წერილი აქვს დაწერილი მათემატიკის საკითხებზე. თავისი დაკვირვებული მოსაზრებებით იგი დიდად უწყობდა ხელს კარგი სახელმძღვანელოების შედგენისა და მათემატიკური დისციპლინების უკეთ სწავლების საქმეს, ქართული ნაციონალური სკოლისათვის ამ აუცილებელ საქმეს.
ვასილ ყიფიანი ფართო განათლების მქონე პიროვნება იყო და მისი ინტერესთა სფერო მარტო თავისი სპეციალობის ცოდნით არ იყო შემოფარგლული. ქართული ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად იგი კარგად ერკვეოდა რუსული და საზღვარგარეთული მწერლობის უდიდეს წარმომადგენელთა მდიდარ მემკვიდრეობაში. ასევე დიდ ინტერესს იჩენდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და სულიერი კულტურისადმი, მისი გმირული ისტორიისადმი. ვასილ ყიფიანმა დრამატურგიაშიც სცადა ბედი. მის კალამს ეკუთვნის 5 მოქმედებიანი ისტორიული დრამა „სამეგრელოს მთავარი ლევან“. აღნიშნული პიესა, თავად ავტორის მიერ რუსულად გადათარგმნილი, 1926 წელს შალვა დადიანის ინიციატივით მოსკოვში დაიდგა ცნობილი რეჟისორის ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ მოსკოვის სამხატვრო თეატრთან ჩამოყალიბებული ქართული თეატრალური სტუდიის ახალგაზრდა ძალების მონაწილეობით.
ვასილ ყიფიანს რამდენიმე პიესა დარჩა ხელნაწერის სახით. ესენია: „სისხლის ძიება“, „ზილოთი“ და ქართულად მის მიერ გადმოთარგმნილი შექსპირის „მაკბეტი“.
1918 წლიდან ავადმყოფობის გამო ვასილ ყიფიანი ჩამოსცილდა საზოგადოებრივ ასპარეზს და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მას აღარ უმუშავია.
1936 წლის 27 იანვარს ვასილ ყიფიანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.