ერმილე დავითის ძე შარაშიძე (დ. 1860, დაბლაციხე, ოზურგეთის მაზრა, ამჟამად ჩოხატაურის რაიონი — გ. 30 ნოემბერი, 1939) — ქართველი პედაგოგი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1910-1912 წლებში.[1]

ერმილე შარაშიძე

ერმილე შარაშიძე
დაბადების თარიღი 1860
დაბლაციხე, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1939
საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პედაგოგი
ორგანიზაცია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

ბიოგრაფია რედაქტირება

ერმილე შარაშიძე დაიბადა 1860 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ დაბლაციხეში. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში განაგრძო სწავლა, მაგრამ ამ სასწავლებლის დირექტორთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა ბოლო კურსიდან სწავლა მიეტოვებინა.[2]

1888 წელს ერმილემ საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩააბარა გამოცდები და ზუგდიდის მაზრაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. მუშაობდა ჯერ სოფელ კორცხელში, შემდეგ წალენჯიხაში და ბოლოს ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას ცდილობდნენ. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ერმილე შარაშიძის მოღვაწეობა ზუგდიდის მაზრაში. სოფელ კორცხელში მისი მასწავლებლობის დროს, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აგებული იქნა სკოლის ახალი შენობა.

ერმილე შარაშიძის მოღვაწეობამ თვალსაჩინო კვალი დატოვა სოფელ წალენჯიხაშიც. 1891–1898 წლებში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ერმილეს ღვაწლი ზუგდიდის საქალაქო სკოლაში. მას სახალხო მასწავლებელ სტეფანე გაგუასთან ერთად დიდი მუშაობა აქვს ჩატარებული ამ სკოლაში.

1899 წელს ერმილე მშობლიურ სოფელ დაბლაციხეში ბრუნდება. აქ თავის ძმა ალექსანდრესთან ერთად ორკლასიან კერძო სასწავლებელს ხსნის, რომელსაც ძმები საკუთარი მამულის შემოსავლით ინახავდნენ. სკოლას ჰქონდა სამეურნეო განყოფილება და ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დახმარებას უწევდა აგრომინიმუმის შესწავლაში და მის პრაქტიკულ გამოყებენაში.

1903 წლიდან ბათუმის ქალაქის თვითმმართველობამ ერმილე შარაშიძე ბათუმის მე–2 ქართული სკოლის გამგედ მიიწვია. დაბლა ციხის სასწავლებელი ერმილემ ძმას გადააბარა, თვითონ კი ბათუმში წავიდა და სკოლა ჩაიბარა. მას ფართო აგიტაციის ჩატარება უხდებოდა აჭარელთა შორის ეროვნული თვითშეგნების დასანერგად და მათი კულტურის დონის ასამაღლებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქართულ სკოლასთან, რომელსაც მაშინ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მფარველობდა, ერმილეს ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაარსდა სპეციალური განყოფილება აჭარელი მოზრდილი ახალგაზრდებისთვის, სადაც წერა–კითხვის უცოდინარნი იყვნენ ჩაბმული. ცხადია, მოზრდილთა განათლების ამგვარი ტიპის განყოფილება იმ პერიოდში ახალი მოვლენა იყო და ბათუმის სინამდვილეში კი ის პირველი კულტურული კერა, რომელსაც თანაგრძნობით ეკიდებოდნენ მოწინავე ქართველი მოღვაწეები.

საქმისა და მოსწავლეთა ამგვარი დამოკიდებულებით ერმილემ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მისი ღვაწლი არ დააფასა მხოლოდ მეფის მთავრობამ. 1906 წელს გენერალმა ალიხანოვ–ავარსკიმ გადააწვევინა სოფელ დაბლაციხეში არსებული ძმები შარაშიძეების აგრონომიული სასწავლებელი.[1]

ერმილე შარაშიძემ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც ორი ათეული წელი იმუშავა საბჭოთა სკოლაში. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და თბილისის ერთ–ერთ საშუალო სკოლაში მასწავლებლობდა.

ერმილე შარაშიძე გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1939 წლის 30 ნოემბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • არსენ მამულაიშვილი, „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“: კრებული პირველი. - თბილისი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1953

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ერმილე შარაშიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2018.
  2. ერმილე შარაშიძე (1860-1939). nateba.websail.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-18. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2018.