შუამავალი (ამხანაგობა)
სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალი“ — სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიაში 1893-1903 წლებში.
ამხანაგობა დაარსდა 1893 წელს ოზურგეთის მაზრაში. მისი დამაარსებლები იყვნენ კონსტანტინე თავართქილაძე, იაგორ თაყაიშვილი და ვასილ ხუნდაძე. ამხანაგობას კონსტანტინე თავართქილაძე ხელმძღვანელობდა, მის შემდეგ კი სოლომონ ჭეიშვილი. ამხანაგობას მიზნად ჰქონდა გურიაში მეაბრეშუმეობის გავრცელება და წარმოების განვითარება.
ამხანაგობამ დააწესა საწევრო ერთი თუმანი. საქმის დასაწყებად ამხანაგობამ ისესხა 8000 მანეთი და მოქმედება დაიწყო ლანჩხუთიდან, სადაც თავს იყრიდნენ აბრეშუმის პარკის მყიდველები. ამხანაგობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ვაჭრებს და დაიწყო პირდაპირ მოსახლეობისგან აბრეშუმის პარკის შესყიდვა. პირველ წელიწადსვე ამხანაგობის საქმიანობის შედეგად აბრეშუმის პარკის ფასი ერთი-ორად გაიზარდა. პირველივე წელიწადს ამხანაგობას 1300 მანეთი მოგება დარჩა. პირველივე წლის წარმატების შემდეგ „შუამავალმა“ ლანჩხუთში გახსნა სახელოსნო აბრეშუმის ძაფის ამოსართავად, გამოიწერა მანქანები ხონის მეაბრეშუმეობის ამხანაგობისგან და სოფლის ქალებს წმინდა ძაფის ამოღება შეასწავლა, ასევე გახსნა ძაფსახვევი სახელოსნო და სკოლა დვაბზუში, სადაც დავით მამულაიშვილმა შესწირა მიწა „შუამავალს“. დვაბზუს სახელოსნოში 30-40 ქალი სწავლობდა და მუშაობდა. მეორე წლისთვის „შუამავალმა“ 4000 მანეთის საღი თესლი უფასოდ დაურიგა ხელმოკლე სოფლელებს. შემდეგ წელს შუამავალმა 16 000 მანეთის პარკი იყიდა, გაუშვა ფარდულებში და დამზადებული ფუთი 43 მანეთად გაყიდა. სუფთა მოგება 4000 მანეთი დარჩა.
გარდა აბრეშუმისა, „შუამავალმა“ დაიწყო გლეხებისგან თაფლის, თაფლის სანთლის, ვაშლის, მსხლის, ბროწეულისა და თხილის შესყიდვა და ამ პროდუქციაზეც გაზარდა ფასები. შესყიდული პროდუქცია „შუამავალს“ გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში.
„შუამავალმა“ გურიაში მეაბრეშუმეობა მომგებიან საქმედ აქცია. 1895-დან 1898 წლამდე ამხანაგობის წევრთა რიცხვი 200-დან 500-მდე გაიზარდა. 1896 წელს მას ლანჩხუთში ცინცაძეებმა შესწირეს 600 მანეთის ღირებულების მიწა.[1] 1897-1902 წლები დიდი მოგების წლები იყო. 1897 წელს დაარსდა „შუამავლის“ სამეგრელოს განყოფილება.[2] სამეგრელოს განყოფილება სოფელ საჭილაოში იყო გახსნილი. 1899 წელს ამხანაგობის ბრუნვა 152 ათასი მანეთი იყო, წმინდა მოგება 7555,69 მანეთი.თითოეულ წევრს, რომელსაც 20 მანეთიანი პაი ჰქონდა, მოგება 7-8 მანეთი უწევდა, მაგრამ ამხანაგობამ დაადგინა მხოლოდ 12% მოგება გამოეტანათ და დანარჩენი საბრუნავ თანხად დაეტოვებინათ. მოგების 20% სარეზერვოდ, ხოლო 20% საქველმოქმედოდ იქნა გადადებული. ამხანაგობამ ასევე დაადგინა ლანჩხუთში გაეხსნათ ისეთივე სახელოსნო, როგორიც დვაბზუში მოქმედებდა.[3]აბრეშუმის პარკი „შუამავალს“ გაჰქონდა მარსელში. იქ მდებარეობდა ამხანაგობის ძირითადი საწყობი. 1900 წელს მარსელის საწყობში „შუამავალს“ 184 ათასი კილო პარკი ჰქონდა დასაწყობებული. 1901 წლის აპრილისთვის მარსელის საწყობში 647 ათასი კილო პარკი იყო.
ამხანაგობის მუშაობა შეწყდა 1903 წელს.[4] შუამავალის სახელოსნო დვაბზუში გადაწვეს ხელისუფლების ძალებმა 1905 წლის 22 ოქტომბერს, ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი, „სავაჭრო ამხანაგობა — შუამავალი // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 108-117, ISBN 978-9941-0-8204-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საყურადღებო ამბები // კვალი : გაზეთი, 19 მაისი, 1896, № 22, გვ. 2-3.
- ↑ სხვადასხვა // კვალი : გაზეთი, 1897, № 25, გვ. 478-479.
- ↑ ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1900, № 1053, გვ. 1.
- ↑ დეპეშა // ივერია : გაზეთი, 1903, № 196, გვ. 3.
- ↑ გურიის ამბები // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 2-3.