საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, ესერები — მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის პოლიტიკური პარტია საქართველოში 1918-1921 წლებში. გამოეყო თანამოსახელე რუსულ პარტიას 1918 წლის ივნისში. საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის თებერვლის არჩევნებში 5 მანდატი მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის ბოლოს პარტიამ არსებობა შეწყვიტა.
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 1918 |
დაიშალა | 1921 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | მემარცხენე |
წარმომადგენლობითობა | |
საქართველოს დამფუძნებელი კრება |
5 / 130 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ესერები საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში ესერთა მცირერიცხოვანი წრეები 1901 წლიდან არსებობდა. მასში შედიოდნენ ინტერნაციონალურად განწყობილი, უმთავრესად არაქართველი რევოლუციონერები, განსაკუთრებით რუსები (ალექსანდრე კალიუჟნი, ცოლ-ქმარი ბეკები, ვ. მაიკოვი და სხვ.), ასევე ქართველები (ივანე ჯაბადარი, მიშო ყიფიანი). მათი გავლენა საქართველოში უმნიშვნელო იყო. 1905 წლიდან ესერთა თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდა რუსეთის ესერთა პარტიის კავკასიის კავშირში. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის პერიოდში ესერთა პარტიის კავკასიის სამხედრო ორგანიზაციამ მოაწყო თავდასხმა თბილისის პოლიცმაისტერ მარტინოვზე, გამოსცა რამდენიმე პროკლამაცია, ჩაატარა ამიერკავკასიის საოლქო ყრილობა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ესერები კვლავ გააქტიურდნენ საქართველოში. 1917 წლის აპრილში შედგა ამიერკავკასიის ესერთა ორგანიზაციების კონფერენცია, რომელმაც გადაწყვიტა მენშევიკებთან და სოციალისტ-ფედერალისტებთან ერთად შეემუშავებინა ერთიანი პლატფორმა. ქართველი ესერები მონაწილეობდნენ ინტერპარტიული საბჭოსა და ეროვნული ყრილობის მუშაობაში, მათი 12 წარმომადგენელი შევიდა საქართველოს ეროვნულ საბჭოში.
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
რედაქტირება1918 წლის მაისში გაიმართა ესერების პარტიის კავკასიის ორგანიზაციების VII კონფერენცია, რომელზეც მომხდარი განხეთქილების შედეგად 1918 ივნისში ქუთაისის I დამფუძნებელ ყრილობაზე შეიქმნა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა დამოუკიდებელი პარტია. იმავე წლის 10-15 დეკემბერს შეიკრიბა ქართველ ესერთა პარტიის მეორე ყრილობა. მასზე პროგრამა და წესდება გადაისინჯა. პარტიის ქვაკუთხედად აგრარულ სფეროში რჩებოდა მიწების სოციალიზაცია. ესერებს მიაჩნდათ, რომ რუსული ბოლშევიზმი იყო სოციალიზმი უდემოკრატიოდ, ხოლო ქართული მენშევიზმი — დემოკრატია უსოციალიზმოდ. ისინი პირდაპირ სოციალისტური სისტემის რეალიზაციის მომხრენი იყვნენ და ხშირად მემარცხენე პოზიციებიდან აკრიტიკებდნენ მთავრობას.
II ყრილობამ ესერთა პარტიის თავმჯდომარედ და ესერთა მთავარი პარტიული ორგანოს, გაზეთ „შრომის“ რედაქტორად აირჩია ლეო შენგელაია. მისი მოადგილე იყო ივანე გობეჩია. საქართველოს ეროვნულ საბჭოში, შემდგომ პარლამენტში შედიოდნენ ესერები: კოტე მესხი, გრიგოლ ნათაძე, ვლადიმერ გობეჩია, ივანე ჩერქეზიშვილი, ივანე გობეჩია, იოსებ აბაკელია, კონსტანტინე ჯავრიშვილი, ლეო შენგელაია, მიხეილ ფაჩუაშვილი, ილია კაკაბაძე, ივანე ვარაზაშვილი. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში ესერები წარმოდგენილი იყვნენ გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის, სახით, თუმცა, მისით კმაყოფილი არ იყვნენ. საქართველოში ჩამოყალიბდა აგრეთვე ესერ ინტერნაციონალისტთა მცირე ჯგუფი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას (გაზეთ „ზნამია ნაროდას“ ჯგუფი: ნიკოლოზ თარხანოვი, ლეონ თუმანოვი).
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-3 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პარტიის 73 კაციან საარჩევნო სიაში 5 ქალი კანდიდატი იყო. საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებში 5 მანდატი (ლ. შენგელაია, ივანე და იოსებ გობეჩიები, ილია ნუცუბიძე და გრ. ნათაძე) მიიღო.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანებბში ესერების პარტია ორად — მემარცხენე და მემარჯვენე ნაწილებად გაიყო. მემარცხენეებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არჩიეს. მემარჯვენეები გაზეთ „შრომაში“ აკრიტიკებდნენ ბოლშევიკურ ხელისუფლებას ქართველი ერის დენაციონალიზაციაში, ქართული ენის უფლებების შელახვაში, ეწინააღმდებოდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. მათი მოღვაწეობა მცირე ხანს გაგრძელდა. 1921 წლის ბოლოს ქართველი ესერების პარტიამ არსებობა შეწყვიტა. თვით საქართველოს საგანგებო კომისიას (ჩეკას) 1922-1923 წლებში ესერთა აქტივობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გააჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 411-412.
- შველიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 100.
- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, — გვ. 42.