ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (დ. აგვისტო, 1885, საღვთო — გ. 22 თებერვალი, 1937, მინუსინსკი) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
დაბადების თარიღი აგვისტო, 1885
დაბადების ადგილი საღვთო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1937 (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი მინუსინსკი, რუსეთის სფსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა იოსებ ნაკაშიძე (1855-1924)
მეუღლე/ები ბოლქვაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თავად იოსებ ნაკაშიძის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება თბილისის ქალთა გიმნაზიაში, პროფესია კოოპერატორი. 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წლიდან მიემხრო მენშევიკებს და იყო გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში დაქორწინდა გლეხ ბოლქვაძეზე, რამაც მისი მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრების შემდეგ ნაკაშიძე გადაასახლეს ამიერკავკასიიდან და დაბრუნდა მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. იყო ნატანების რაიონულ კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ ჩეკას დადგენილებით „მენშევიკური პარტიის“ 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში. ამავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს მისი მამა - იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. ჩეკამ მისი ბრალდების ფაქტებით დასაბუთება ვერ მოახერხა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობების მიუხედავად იოსებ ნაკაშიძე მაინც დატოვა პატიმრობაში რამდენიმე თვით; იოსებ ნაკაშიძე გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა. 1923 წლის 30 დეკემბერს, სსდპ ყოფილი წევრის, ილარიონ გიორგაძის მკვლელობის შემდეგ საგანგებო კომისიამ მძევლად გამოაცხადა გადასახლებასა და პატიმრობაში მყოფი 38 სოციალ-დემოკრატი, მათ შორის ლიზა ბოლქვაძე და ფაქტის განმეორების შემთხვევაში მათი დახვრეტით დაიმუქრა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. მან განაგრძო ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობა, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას მდივანმა. 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა მახვილაძის დაპატირების შემდეგ ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი.

1926 წლის 29 ივნისს ის ჩეკამ დააპატიმრა. 8 ივლისს, დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მართალია აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო. 1926 წლის 24 ივლისს ის მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც 20 აგვისტოს ლიზა ბოლქვაძეს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში. 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში. მუშაობდა გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით. 1936 წლის დასაწყისში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა; ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექნიზმების, მიმოწერის და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი - ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყვნენ.

ლიზა ბოლქვაძე შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა. 1936 წლის 21 სექტემბერს მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში. 1936 წლის 6 ნოემბერს ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში. 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება