გუბაზეული
გუბაზეული, გუბაზოული — მდინარე საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.[1] სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზღვის დონიდან 2210 მ სიმაღლეზე. მდინარე სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 47 კმ, მდინარის აუზის ფართობი 371 კმ². მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 13,7 მ³/წმ.
გუბაზეული | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°48′27″ ჩ. გ. 42°31′22″ ა. გ. / 41.807750° ჩ. გ. 42.523028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2210 მ |
შესართავი |
სუფსა 42°01′05″ ჩ. გ. 42°10′09″ ა. გ. / 42.018194° ჩ. გ. 42.169306° ა. გ. |
სიგრძე | 47 კმ |
აუზის ფართობი | 371 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 13,7 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
გუბაზეული ვიკისაწყობში |
გადმოცემის თანახმად გუბაზეულისა და სუფსის შესართავში იდგა ეგრისის მეფის, გუბაზ II-ის სასახლე. მდინარის სახელწოდება სწორედ გუბაზიდან მომდინარეობს.[2]
გუბაზეულის ხეობაში მდებარეობს სოფლები ქვაბღა, ზოტი, თავპანტა, ბჟოლიეთი, ხევი, ხიდისთავი, ბუქსიეთი, ზენობანი, ქვენობანი, მეწიეთი, ჭაჭიეთი, ბუკნარი, ნაბეღლავი, ახალშენი, წიფნაგვარა, ბასილეთი.
გუბაზეულის ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. აღსანიშნავია სანისლიას თერმული მინერალური წყალი სოფელ ზოტში, ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი ნაბეღლავი სოფელ ნაბეღლავში. ხეობაში არის პირიტის საბადო სოფელ ზოტში და წაბლის ტყის კორომი სოფელ თავპანტაში.
2014 წელს ექსპლუატაციაში შევიდა „ნაბეღლავი ჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 1.9 მგვტ-ია.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 171.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გუბაზეულის ხეობა დაარქივებული 2016-03-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
- ↑ სიხარულიძე ი,, გუბაზ მეფის სასახლე მდინარე გუბაზეულის პირას // „ალიონი“ : გაზეთი, 2015, № 40, გვ. 7.