ლიეტუვა (ლიეტ. Lietuva), ოფიციალურად ლიეტუვის რესპუბლიკა (ლიეტ. Lietuvos Respublika), 2018 წლამდე გამოიყენებოდა სახელი ლიტვა — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65 300 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).

ლიეტუვის რესპუბლიკა
Lietuvos Respublika
ლიეტუვა
ლიეტუვის
დროშა გერბი
ჰიმნი: Tautiška giesmė
ეროვნული სიმღერა
ლიეტუვის მდებარეობა ევროპაში
ლიეტუვის მდებარეობა
ლიეტუვის მდებარეობა ევროპაში
ლიეტუვის მდებარეობა
დედაქალაქივილნიუსი
54°41′ ჩ. გ. 25°19′ ა. გ. / 54.683° ჩ. გ. 25.317° ა. გ. / 54.683; 25.317
ოფიციალური ენა ლიეტუვური
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი ლიეტუველი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა[1][2]
 -  პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
 -  პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი
 -  სეიმის თავმჯდომარე საულიუს სკვერნელისი
საკანონმდებლო ორგანო სეიმი
დაარსება
 -  ლიეტუვს პირველი ხსენება 9 მარტი, 1009 
 -  მინდაუგასის გამეფება 6 ივლისი, 1253 
 -  გაერთიანება პოლონეთთან 2 თებერვალი, 1386 
 -  პოლონეთ-ლიტვის
თანამეგობრობის
შექმნა
1 ივლისი, 1569 
 -  თანამეგობრობის დანაწილება 24 ოქტომბერი, 1795 
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება 16 თებერვალი, 1918 
 -  1-ლი საბჭოთა ოკუპაცია 15 ივნისი, 1940 
 -  ფაშისტური გერმანიის ოკუპაცია 22 ივნისი, 1941 
 -  მე-2 საბჭოთა ოკუპაცია ივლისი, 1944 
 -  დამოუკიდებლობის აღდგენა 11 მარტი, 1990 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 65 300 კმ2 (121-ე)
 -  წყალი (%) 1.98
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 2,862,380[3]
 -  2011 აღწერა 3 043 429[4]
 -  სიმჭიდროვე 43 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $137,389 მილიარდი[5] (88)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $49,266[5] (39)
მშპ (ნომინალი) 2023 შეფასება
 -  სულ $78,346 billion[5] (78)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $28,094[5] (40)
ჯინი (2020)positive decrease 35.1[6]
საშუალო
აგი (2021) 0.875[7]
ძალიან მაღალი · 35-ე
ვალუტა ევრო (€) (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
თარიღის ფორმატი წწწწ-თთ-დდ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +370
მფარველი წმინდანი წმინდა კაზიმირი
ინტერნეტ-დომენი .lt [ა]
ა. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიეტუვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2 986 072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიეტუველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიეტუვურ ენაზე. მორწმუნე ლიეტუველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიეტუველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტომები. ლიეტუვის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ლიეტუვური ენა, რომელიც განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიკურ ჯგუფს.

ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი ლიეტუვის ტერიტორიაზე განეკუთვნება ქვის ხანას (ძვ. წ. X-II ათასწლეულები). მოსახლეობა ამ დროს გვაროვნულ თემებად ცხოვრობდა, მომთაბარეობდა, მისდევდა ნადირობას, თევზჭერას, იყენებდა ქვის, ძვლისა და რქის იარაღს. ძვ. წ. III ათასწლეულიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე მოვიდნენ ბალტიელთა ტომების წინაპრები. ლიეტუველი ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. 1230 წელს ლიეტუვის მიწები გააერთიანა მინდაუგასმა, რომელიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს მეფე. XIV საუკუნეში ლიტვის დიდი სამთავრო იყო ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მოიცავდა ძირითადად ლიეტუვისა და ბელორუსის და ნაწილობრივ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის ტერიტორიებს.

1569 წელს ლუბლინის უნიის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ — რეჩ პოსპოლიტად გაერთიანება. ჩრდილეოთის ომის დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტის სახელმწიფოს პოლიტიკური დაცემის პროცესში, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა და შესაბამასად დანაწილდა კიდეც. ლიეტუვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე. ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა 1918 წლის 16 თებერვალს.

1940 წლის 21 ივლისს შეიქმნა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, 1940 წლის 3 აგვისტოდან შედიოდა სსრკ-ის შემადგენლობაში. ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიეტუვას შეეხო 1939 წლის მარტში — გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს კლაიპედა. 1944 წელს ლიეტუვა განთავისუფლდა ფაშისტური გერმანიისგან.

1990 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირის დაშლამდე 1 წლით ადრე, ლიეტუვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც გამოთქვა დამოუკიდებლობის სურვილი. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე ლიეტუვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად სწრაფმზარდი ქვეყანა იყო. ლიეტუვა არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (2004 წლის 29 მარტიდან), ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და აგრეთვე შენგენის ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ლიეტუვის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Lietuva; Lietuvos Respublika.
  • ეტიმოლოგია: ლათინური ფორმა Lituae ქრონიკებში პირველად გამოყენებულ იქნა 1009 წელს. მე-16 საუკუნეში მეცნიერები ამ სიტყვას აკავშირებდნენ ლათინურ litus-თან (ნიშნავს „მილს“). ეს იყო მისი ასოცირება ხის საყვირთან, რომელზეც ლიეტუვური ტომები უკრავდნენ. თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ ქვეყნის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მდინარისაგან, თუმცა მათ არასაკმარისი არგუმენტები აქვთ ასეთი მდინარის არსებობის თაობაზე. არსებობს ვერსიები, რომ შესაძლებელია ამ მდინარის ლოკალიზება თანამედროვე ნიარისთან მიმართებაში, რომელიც სათავეს იღებს რა ბელორუსიიდან, გადაკვეთს აღმოსავლეთ ლიეტუვას ვილნიუსის გავლით (თავად ქალაქი ვილნიუსიც ამ მდინარეზე მდებარეობს) და ქალაქ კაუნასთან, ცენტრალურ ლიეტუვაში შეერთვის მდინარე ნიამუნასს (ქართულად უფრო ცნობილია, როგორც ნემანი) მარჯვენა მხრიდან. ძველად ამ მდინარეს ეწოდებოდა ლიეტავა. არის ვერსიაც, რომ სახელწოდება ლიეტუვა (Lietuva) ნიშნავს წვიმიან ქვეყანას, ან წვიმიან მიწას. რადგანაც ლიეტუვურ ენაში წვიმას ეწოდება ლიატუს. (Lietus), ხოლო ლიეტუვური სუფიქსი -ავა ისეთივე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც ქართული -ეთი. შეადარე: საფრანგეთი, რუსეთი, შვედეთი, სომხეთი, იმერეთი, სვანეთი, კახეთი, ჯავახეთი და ა. შ.

როგორც ვხედავთ, ვერსიები მრავალფეროვანია. თუმცა ეტიმოლოგებს და მათ შორის თავად ლიეტუველ ეტიმოლოგებს, საბოლოო პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ გააჩნიათ.

ისტორია

 
ლიეტუვის საზღვრების ცვლილება XIII საუკუნიდან დღემდე.

თანამედროვე ლიეტუველთა წინაპრები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ სხვა ბალტიისპირელ ტომებთან ერთად თანამედროვე ლიეტუვის ტერიტორიაზე. თუმცა პირველი ოფიციალური წყარო, სადაც პირველად მოიხსენიება ლიეტუვა, ეს არის 1009 წლით დათარიღებული გერმანული კვედლინბურგის ანალები, სადაც მითითებულია, რომ პოლონეთის-ვისლასა და ნემანის გადაღმა მოსკოვიტიის სახელმწიფომდე ცხოვრობენ ლიეტუველები, სხვადასხვა სამთავროებში.

ამ თარიღამდე ჩვენთვის უცნობია ლიეტუველთა პოლიტიკური მოწყობის სახე, მას შემდეგ კი ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები. ერთ-ერთი ფეოდალმა-მინდაუგასმა(ისტორიკოსები ვარაუდობენ რომ მისი პირვანდელი სამფლობელო თანამედროვე ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს მოიცავდა თანამედროვე ქალაქ პანევეჟისის გარშემო) ფეოდალური შინაბრძოლების მეშვეობით თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცია სხვადასხვა სამთავროები და ამით ფაქტობრივად გააერთიანა ქვეყანა, გახდა რა ლიეტუვის პირველი და უკანასკნელი მეფე. (მინდაუგასის შემდეგ ლიეტუველთა მმართველები ყოველთვის ჰერცოგებად იწოდებოდნენ და არა მეფეებად. შესაბამისად, ლიეტუვის ოფიციალური სახელწოდება იყო ლიტვის დიდი სამთავრო და არა ლიტვის სამეფო). მინდაუგასმა თავისი რეზიდენცია გადაიტანა ქალაქ კიარნავეში. (დღეს დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი თანამედროვე დაბა კერნავე ვილნიუსიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს), ამით აქცია რა იგი გაერთიანებული ლიეტუვის დედაქალაქად.

მინდაუგასმა გაატარა დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმები. მათ შორის უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ქრისტიანობის (მისი კათოლიკური კონფესიის) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. თუმცა ამ რეფორმის გარდა, ფაქტობრივად ყველამ გაამართლა. მინდაუგასის სიკვდილის შემდეგ კი ლიეტუველები სწრაფად დაუბრუნდნენ წარმართულ კულტებს. ქრისტიანობის საბოლოო დამკვიდრება ქვეყანაში ბევრად უფრო გვიან, თვით XVI საუკუნემდეც კი გაგრძელდა. ამ გზით კი ლიეტუვა იქცა უკანასკნელ ქვეყნად ევროპაში, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. თვით ისლანდიის და გრენლანდიის შემდეგაც კი.

მინდაუგასის შემდეგ მრავალი მთავარი გამოიცვალა. მათ შორის აღსანიშნავია ვიტაუტასი, ანუ როგორც მას ლიეტუველები უწოდებენ, დიდი ვიტაუტასი. მის სახელს უკავშირდება ტრაკაის განთქმული კომპლექსის მშენებლობა და რეზიდენციად გადაქცევა. (თანამედროვე დაბა ტრაკაი მდებარეობს ვილნიუსიდან დასავლეთით 10 კილომეტრზე).

ვიტაუტასის შემდგომი მთავრებიდან აღსანიშნავია გედიმინასი. მისი წვლილი ლიეტუვის ისტორიაში ფასდაუდებელია თუნდაც იმით, რომ მან დააარსა ქალაქი ვილნიუსი. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ჰერცოგმა გედემინასმა ტრაკაიდან აღმოსავლეთით სანადიროდ წასვლა გადაწყვიტა. მოკლა უზარმაზარი დომბა და შემოაღამდა შვენტარაგიოს წმინდა ველზე, იქ სადაც ნიარისს ვილია შეერთვის, წმინდა ბორცვის დაბლა. (ამ დროს ლიეტუველები კვლავ წარმართები არიან). სიზმარში ჰერცოგმა იხილა წმინდა ბორცვის თავზე მდგომი რკინის მგელი, რომელიც ათასობით მგლის ხმით ყმუოდა. როდესაც მისან-ქალს ჰერცოგმა მოსთხოვა სიზმრის ახსნა, მისანმა უპასუხა რომ მას უნდა დაეარსებინა ქალაქი ამ ადგილას. ეს ქალაქი იქნებოდა რკინის მგელივით ძლიერი, ხოლო მისი სახელი საქვეყნოდ გახდებოდა ცნობილი. მას ურიცხვი მოქალაქე ეყოლებოდა, ათასობით მგლის ხმის მსგავსად.

1353 წელს დაარსდა ქალაქი ვილნიუსი, ნიარისის და ვილია შეერთების ადილას. ,,ვილნიუსი” ნიშნავს ,,ქალაქს მდინარე ვილიაზე.” დღეს შვენტარაგიოს წმინდა ველზე აღმართულია ლიეტუვის კათედრალური ტაძარი, წმინდა ბორცვის თავზე კი გედემინასის კოშკი და შუასაუკუნეებრივი საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები. დღეს ეს ადგილები ვილნიუსის გულია.

ვილნიუსმა სწრაფად დაიწყო ზრდა და სულ მალე გადაიქცა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად. დაარსებიდან სულ ნახევარი საუკუნის შემდეგ ის მართლაც საყოველთაოდ ცნობილი გახდა. გადმოიტანა რა გედემინსმა თავისი რეზიდენცია. 1354 წლიდან ვილნიუსი გახდა ლიეტუვის მესამე და უკვე საბოლოო დედაქალაქი, რომელიც დაარსებიდანვე იქცა ქვეყნის ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და კულტურულ გულად. იგი დამშვენდა ბრწყინვალე შენობა-ნაგებობებით: ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით, ტაძრებით და ა. შ. არქიტექტურა ვილნიუსში მრავალფეროვანია, თუმცა ჭარბობს ბაროკოს ტიპის ნაგებობანი. ამიტომაც ვილნიუსს ხანდახან ბაროკოს ქალაქად მოიხსენიებენ.

მინდაუგასის დროსაც და შემდეგაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა გერმანული ორდენების აგრესიული პოლიტიკა ლიეტუვის (და მასთან ერთად ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის) მიმართ. ტევტონთა ორდენმა დაიპყრო რა პრუსია (თანამედროვე კალინიგრადის ოლქი) და დასავლეთ ლიეტუვური ბალტიის ზღვისპირა მიწები, ამით უდიდესი წარმატება მოიპოვა. 1252 წელს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, კურშიუს ნახევარკუნძულის დაბოლოების მოპირდაპირედ, იქ სადაც მდინარე დანგიე ბალტიის ზღვას შეერთვის, ტევტონთა ორდენმა გაანადგურა ხის ლიეტუვური ციხე-სიმაგრე კლაიპედა და მის ადგილას ააშენა ციხე-სიმაგრე მემელბურგი, ანუ შემოკლებით მემელი. ამით კი შესანიშნავი ფორპოსტი მოიმზადა ბალტიისპირეთში აგრესიული პოლიტიკის საწარმოებლად.

ლიეტუვის მმართველები შესანიშნავად აცნობიერებდნენ დასავლეთიდან მომდინარე ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიეტუვისათვის. თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ მათი ძალები არ იყო საკმარისი ამისთვის. ამიტომაც ურთიერთანამშრომლობა საერთო მტრის წინააღმდეგ არცთუ უკანასკნელი იყო მიზეზთა შორის, რამაც გამოიწვია პოლონეთის და ლიეტუვის დაახლოება, რაც საბოლოოდ XIV საუკუნეში პოლონეთში, ლუბლიანას უნიით გაფორმდა. ამ უნიამ პოლონეთი და ლიეტუვა ერთ სახელმწიფოში ჟეჩ-პოსპოლიტაში გააერთიანა.

ჟეჩ-პოსპოლიტა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აღმოჩნდა. სულ მალე დაარსებიდან მან შეძლო გერმანელთა გარეკვა ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან, როდესაც პოლონელების, ბელორუსების, უკრაინელების, რუსების, ლატვიელების და ესტონელების გაერთიანებულმა არმიამ ქალაქ გრიუნვალდთან სასტიკად დაამარცხა გერმანული მხედრობა და ტევტონთა ორდენი ხერხემალში გატეხა. ამიერიდან ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი (და შემდეგ დიდი ჰერცოგი)ჟეჩ-პოსპოლიტის ვასალი გახდა. (თუმცა ტევტონთა ორდენის ხელში კვლავ დარჩა კლაიპედა-მემელბურგი).

ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, როდესაც ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებს ეგზისტენციალური საფრთხე მოეხსნათ, ჟეჩ-პოსპოლიტამ თავად დაიწყო აგრესიული პოლიტიკის წარმოება. სულ მალე მის კონტროლქვეშ მოექცა სამხრეთი ლატვია, ბელორუსია და უკრაინა. მალე მისი ნადავლის სიაში აღმოჩნდნენ მთელი ლატვია, ესტონეთი და უკრაინის გასასვლელი შავ ზღვაზე. მეტიც, ჟეჩ-პოსპოლიტის გავლენა ყუბანის ტრამალებზეც კი გრძელდებოდა. ჟეჩ-პოსპოლიტამ წამოიწყო მძიმე და არასწორი ინტერვენცია მოსკოვიტიის სახელმწიფოს მიმართ (მოსკოვის დალაშქვრა, მინინის და პოჟარსკის ეპოპეა და ა. შ). ამ აგრესიულმა მანევრებმა ჟეჩ-პოსპოლიტა დაასუსტა. მაგრამ მისი უმთავრესი და გამანადგურებელი შეცდომა იყო ომი შვედეთთან.

XVII საუკუნეში შვედეთს და ჟეჩ-პოსპოლიტას შორის დაიწყო გაუთავებელი, დაძაბული და ორივე მხარისთვის შედეგების ფაქტობრივად არამომტანი ბრძოლა ჰეგემონიისათვის ბალტიის ზღვაზე. ამ ომთა სერიამ, რომელიც XVIII საუკუნეშიც კი გაგრძელდა, უკვე კატასტროფულად არაქათგამომცლელი სახე მიიღო ორივე მხარისთვის. ამასობაში კი ამით სხვა სახელმწიფოები სარგებლობდნენ. ჟეჩ-პოსპოლიატას I და II დანაწილებისას პრუსიამ მსხვილი ლუკმები მიითვისა, ხოლო შვედეთმა ნორვეგიაზე კონტროლი დაკარგა. მაგრამ საბოლოო გამანდგურებელი დარტყმა 1796 წელს იწვნია ჟეჩ-პოსპოლიტამ, როდესაც მან დამოუკიდებლობა დაკარგა. ამ დროს მოხდა მისი მესამე და საბოლოო გაყოფა პრუსიას, ავსტრიას და რუსეთს შორის. ავსტრიას სამხრეთი მიწები ერგო, პრუსიას დასავლეთ პოლონეთი და აღმოსავლეთ პრუსია-ზღვისპირა ლიეტუვა, რუსეთმა კი აღმოსავლეთ პოლონეთი და დანარჩენი ლიეტუვა მიიღო. ამ დროს შვედეთმაც გამანადგურებელი დარტყმა იგემა. მას რუსეთმა ხელიდან გამოაცალა ფინეთი და ამდენად შვედეთი მეორეხარისხოვან ჩრდილო-ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცა.

1796 წელს ლიეტუვა შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვილნას (ვილნიუსის) და კოვნას (კაუნასის) გუბენიათა სახით. ქვეყანაში დაიწყო რეფორმების გაუთავებელი კასკადი და როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. დადებითი რეფორმებიდან უნდა აღინიშნოს სტაბილურობის და უსაფრთხოების ზრდა, კაპიტალიზმის და საწარმოო ურთიერთობების სწრაფი განვითარება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს შრომით ბაზარზე. გამოცოცხლდა კულტურული ცხოვრებაც. მაგრამ ამის ფასი უზარმაზარი იყო. უპირველეს ყოვლისა, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა. დაიწყო ცხოვრების ყველა სფეროს ინტენსიური რუსიფიკაცია. დაიხურა ვილნიუსის უნივერსიტეტი-ერთ-ერთი უძველესი აღმოსავლეთ ევროპაში. აიკრძალა ლათინური შრიფტი და მოხდა კირილიცით მისი ჩანაცვლება.

1831 და 1862 წლებში ლიეტუვაში უდიდეს ანტირუსულ და ანტიცარისტულ აჯანყებებს ჰქონდა ადგილი. პატრიოტთა ხელმძღვანელობით ამ აჯანყებებმა მთელი ლიეტუვა მოიცვა. თუმცა მეფის რუსეთმა სისხლში ჩაახშო იგი, რასაც უმკაცრესი რეპრესიები მოჰყვა. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ლიეტუველებს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რაც კიდევაც მიიღეს I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

დამოუკიდებლობის წლებმა ლიეტუვას ახალი ცხოვრება მოუტანა. მაგრამ ევროპაში სულ უფრო და უფრო იგრძნობოდა დაძაბულობა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პოლონეთის არმია ლიეტუვაში შეიჭრა და ვილნიუსის რაიონის ოკუპაცია მოახდინა. 1932 წელს ლიეტუვის ისტორიაში ერთ-ერთი თავი გადაიშალა. 800 წლიანი ოკუპაციის შემდეგ მას კლიპედა და კურშიუს ნახევარკუნძული დაუბრუნდა გერმანიისაგან, მაგრამ ამ სიტუაციამ მხოლოდ 1939 წლამდე გასტანა, როცა გერმანიამ ლიეტუვა იძულებული გახადა ეს მხარეები კვლავ დაებრუნებინა უკან. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უფრო და უფრო ძლიერდებოდა საბჭოთა კავშირის დაწოლა ბალტიისპირეთზე. რასაც საბოლოოდ 1940 წელს ამ სამივე რესპუბლიკის ანექსია მოჰყვა საბჭოთა კავშირის მიერ. საბჭოთა კავშირის არმიამ პოლონელები ვილნიუსიდან გარეკა და ვილნიუსი ახლადწარმოქმნილ ლიტვის სსრ-ს დედაქალაქად გამოაცხადა. სულ მალევე ლიეტუვაში ფაშისტთა მმართველობა დამყარდა 1944 წლამდე, როცა საბჭოელებმა გერმანელები გაყარეს ლიეტუვიდან.

საბჭოთა ლიეტუვის ცხოვრება ისეთივე იყო, როგორც დანარჩენი საბჭოეთის. არსებობდა დისიდენტური იატაკქვეშა დაჯგუფებები, რომელთაც რა თქმა უნდა, ხელისუფლება დევნიდა. მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ ,,საუდის”-მა, რომელიც გამოვიდა რა იატაკქვეშეთიდან, წამოიწყო აშკარა ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1989 წლის ზაფხულში საკმაოდ ცნობილ ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც ვილნიუსიდან რიგის გავლით ტალინამდე მილიონობით ბალტიისპირეთის ცოცხალი, ხელიხელჩაკიდებული ჯაჭვი გადაიჭიმა. ამით ლიეტუველებმა, ლატვიელებმა და ესტონელებმა გააპროტესტეს 1939 წლის ცნობილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, რომლის ძალითაც საბჭოთა კავშირმა და ფაშისტურმა გერმანიამ ურთიერთშორის გადაინაწილეს ბალტიისპირეთი.

ცხადია, რეჟიმმი უსისხლოდ არ შეურიგდებოდა მისი დამხობის მცდელობას. სამივე რესპუბლიკის დედაქალაქში ადგილი ჰქონდა შემძვრელ ტრაგედიებს. მაგალითად, 1990 წლის იანვრის თვეში, როდესაც ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, საბჭოთა გარნიზონი ტელევიზიის ანძაში შეიჭრა და მისი ბლოკირება მოახდინა, რათა ეს განცხადება სატელევიზიო ქსელით არ გადაცემულიყო. არმიამ სეიმის შტურმიც სცადა, მაგრამ პარლამენტის კედლებს მომიტინგეთა ცოცხალი ბარიკადა შემოერტყა დასაცავად. საბჭოელებმა ტანკები გამოიყვანეს...

ვილნიუსის ტრაგედიამ, ტელევიზიის ანძასთან და პარლამენტთან მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალიც დაშავდა. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ლიეტუვამ დამოუკიდებლობა მიიღო.

დამოუკიდებლობის გამოცხადებას მტკივნეული რეფორმები მოჰყვა. მაგრამ ლიეტუვამ წარმატებით გადალახა სიძნელეები. ლიეტუვის უახლესი ისტორიის გადამწყვეტი მომენტი დადგა 2002 წელს კოპენჰაგენის ევროპულ სამიტზე, სადაც მან ოფიციალური მიწვევა მიიღო ევროკავშირის წევრობაზე. რამდენიმე თვეში პრაღის კონფერენციაზე ასეთივე წინადადება მიიღო ნატოსაგანაც. 2003 წლის მაისში ლიეტუველთა უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავდროულად, ქვეყანა ნატოს წევრიც გახდა.

გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ბალტიის ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის სამხრეთ–დასავლეთ პერიფერიაზე. იგი ყველაზე დიდია ბალტიის სამ ქვეყანას შორის, როგორც მოსახლეობით, ასევე ტერიტორიით. მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 65 300 კვ. კმ.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - სეიმი (141 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 10 ოლქი (apskritis). კერძოდ, ეს ოლქებია: ვილნიუსის, კაუნასის, კლაიპედას, შიაულიაის, პანევეჟისის, უტენას, ალიტუსის, მარიამპოლეს, ტაურაგეს და ტელშიაის. ოლქები, თავიანთ მხრივ, უფრო მცირე რაიონებად იყოფიან.

დემოგრაფია

ლიეტუვის ქალაქები

2008 წლის მონაცემები:

ქალაქი რეგიონი მოსახლეობა სიმჭიდროვე* (ად./კმ²) ფართობი (კმ²)
  ვილნიუსი აღმოსავლეთი 544 206 1,354 401
  კაუნასი შუა 355 586 2,281 157
  კლაიპედა დასავლეთი 184 657 1,926 98
  შიაულიაი ჩრდილოეთი 127 059 1,605 81
  პანევეჟისი ჩრდილოეთი 113 653 2,236 52
  ალიტუსი სამხრეთი 68 304 1,747 40
  მარიამპოლე სამხრეთი 47 010 2,271 21
  მაჟეიკიაი ჩრდილოეთი 40 572 2,956 14
  იონავა შუა 34 446 n/d n/d
  უტენა აღმოსავლეთი 32 572 2,191 15,1
  კედაინიაი შუა 31 055 n/d 44

ეთნოგრაფია

ლიეტუვა, მიუხედავად იმისა რომ მცირე ფართობის ქვეყანაა, დიდი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი იყოფა ოთხ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ პროვინციად. ესენია: აუქშტაიტია, ჟემაიტია, სუვალკია და ძუკია. პირველი, ფართობით უდიდესი, მოიცავს ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებს, მეორე ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებს. მესამეში, (რომელიც ყველაზე პატარაა და ხანდახან სუდუვა დიწოდება) ერთიანდება პოლონეთის და რუსეთის საზღვრისპირა სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი ლიეტუვა. მეოთხე კი, ქვეყნის ყველაზე ტყიანი მხარე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიეტუვას მოიცავს.

ეს დაყოფა ლიეტუვის ისტორიული და კულტურული ევოლუციის რთულ და გრძელ გზას ასახავს. თითოეული ეს მხარეთაგანი ერთმანეთისგან გამოირჩევა არა მხოლოდ ეთნოგრაფიული კოსტუმებითა და სასოფლო-სამეურნეო იარაღთა სახეებით. სხვაობა ბუნებაში აირეკლება მოსახლეობის აზროვნებაშიც. რთულია განსხვავება ვერ დაინახო გორაკ-ბორცვიან და ტბიან აუქშტაიტელსა და ტყიან ძუკიელს შორის. სხვაობები იმდენად საგრძნობია, რომ ჩვენ საქმე ფარულ სეპარატიზმთანაც კი გვაქვს. მაგალითად: ჟემაიტიის (რომელიც ევროპულ წყაროებში უფრო სამოგიტიადაა ცნობილი) მაცხოვრებელთა ნაწილი საკუთარ თავს საერთოდ მიჯნავს ლიეტუვისგან-მოითხოვს, რა რომ პასპორტში ჩაეწეროს ჟემაიიტელი და არა ლიეტუველი და საერთოდ, ჟემაიტიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. თუმცა ეს სეპარატიზმი ჯერჯერობით ფარულია.

ამ ოთხი პროვინციისაგან ცალკე გამოყოფენ ვილნიუსის რაიონს და ე. წ. „მცირე ლიეტუვას“. პირველი, როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, ქალაქ ვილნიუსს მოიცავს და ამდენად ის ადგილია, სადაც ერთმანეთში ირევა მთელი ლიეტუვის კულტურული ფუნქციები და რთულია ვილნიუსელი ან მისი გარემოების მცხოვრები რომელიმე ეთნოგრაფიულ ტიპაჟს მიაკუთვნო. მეორეს ცალკე გამოყოფას კი არა იმდენად ეთნოგრაფიულმა, რამდენადაც ისტორიულმა მიზეზმა დაუდო საფუძველი. „მცირე ლიეტუვა“ ეს იგივე ჟემაიტიია, მაგრამ იგი ჟემაიიტის ზღვისპირა მხარეა; ე. ი. ადგილი, რომლის სამხრეთი და ცენტრალური მონაკვეთი 800 წლის მანძილზე გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი ლატვიას ეკუთვნოდა. ამ რაიონებს, (რომელთაც ერთხანს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიც კი ჰქონდათ) და დანარჩენ, ე. წ. „დიდ ლიეტუვას“ შორის ძალზე საგრძნობია განსხვავება. ქალაქ კლაიპედაში, „მცირე ლიეტუვის“ დედაქალაქში პროპაგანდისტული მონუმენტიც კია აღმართული ამ სხვაობის ნიველირებისთვის. მონუმენტი წარმოადგენს მასიური გრანიტის სვეტს (განასახირებს „დიდ ლიეტუვას“), მეორე მცირე და თლილი მარმარილოს სვეტს (განასახიერებს „მცირე ლიეტუვას“) და მათ არქიტრავზე გადებულ ბაზალტის ჰორიზონტალურ ძელს, რომელიც გადატეხილია რა ნახევრად, ასიმბოლოებს დაკარგულ ტერიტორიებს. (უპირველეს ყოვლისა გერმანელებისგან წართმეულ ქალაქ კარალიაუჩიუსს და მის რაიონს, რომელიც უფრო ცნობილია ქიონიგსბერგის სახელწოდებით. ხოლო დღეს რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქს დედაქალაქითურთ - კალინიგრადით წარმოადგენს). ამ კომპოზიციაზე მიწერილია „ESAME VIENA TAUTA, VIENA ŽEMĖ, VIENA LIETUVA.“ (თარგანში: „ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი მიწა, ერთი ლიეტუვა.“)

დღევანდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული ავბედობით გამოწვეული მემკვიდრეობის წაშლას. მაგრამ ,,მცირე ლიეტუვის” და განსაკუთრებით ჟემაიტიის პრობლემა ქვეყანაში კვლავ იგრძნობა.

ეკონომიკა

  • რესურსები - ტორფი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - კვების პროდუქტები, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3660 $.
  • ვალუტა - ევრო (EUR).

ტურიზმი

მემკვიდრეობა

  • ვილნიუსი - ისტორიული ცენტრი, წმ. ანას ტაძარი (XVII ს.), ბერნარდინელთა ეკლესია (XVI ს.), გედიმინასის კოშკი;
  • კაუნასი - XVIII ს-ის ტაძარი, „მეცხრე ფორტი“, ჩურლიონისის გალერეა;
  • შიაულიაი - ეკლესია პიატრო (XVII ს.);
  • სხვადასხვა - ციხე ტრაკაის ტბაზე (XIV ს.).

სქოლიო

  1. Nutarimas დაარქივებული 2013-10-20 საიტზე Wayback Machine. , ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლო, 1998.
  2. Lina Kulikauskienė, Lietuvos Respublikos Konstitucija (Constitution of Lithuania), Native History, CD, 2002. ISBN 9986-9216-7-8
  3. Pradžia – Oficialiosios statistikos portalas.
  4. (2012) Lithuanian 2011 Population Census in Brief. Statistics Lithuania. ISBN 978-9955-797-17-3. ციტირების თარიღი: 2014-08-12.  დაარქივებული 2015-09-03 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 World Economic Outlook Database, April 2023. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (April 2023). ციტირების თარიღი: 27 November 2022
  6. Gini coefficient of equivalised disposable income. Eurostat. ციტირების თარიღი: 22 June 2022
  7. Human Development Report 2021/2022 en. გაეროს განვითარების პროგრამა (8 September 2022). ციტირების თარიღი: 8 September 2022
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: