ვიტოვტი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიტაუტასი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიტაუტას დიდი იგივე ვიტოვტი დიდი (ლიტ. Vytautas Didysis; დ. 1350, 27 ოქტომბერი – გ. 1430) — შუასაუკუნოვანი ლიეტუვის ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი. ვიტაუტასი ზეობდა 1401 წლიდან 1430 წლამდე. მან განამტკიცა და გაზარდა ლიეტუვის ტერიტორიები. იგი ატარებდა კუნიგასის (მთავრის) ტიტულს და იყო უმაღლესი ხელისუფალი საკუთარ სამფლობელოში. იყო ფრთოსანი ურჩხულის ორდენის წევრი.

მე–17 საუკუნის პორტრეტი

ვიტაუტას დიდის სახელმწიფო ლიეტუვის გარდა მოიცავდა კიევის რუსეთს (თანამედროვე ბელარუსი და უკრაინა). (1370–1382) წლებში იყო ჰროდნას, ხოლო (1387–1389) წლებში ლუცკის უფლისწული, აგრეთვე თავს უწოდებდა ჰუსისტების მეფეს. თანამედროვე ლიეტუვაში ვიტაუტას დიდი ეროვნულ გმირადაა შერაცხილი, მე-20 საუკუნის დასაწყისის ეროვნული მოძრაობის დროს დიდი ავტორიტეტი იყო. თანამედროვე ლიეტუვაში ვიტაუტასი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადამიანის სახელია. მის სახელს ატარებს ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი კაუნასში.

სიყმაწვილე

რედაქტირება
 
ობელისკი ვიტაუტას დიდის დაბადების ადგილას

ვიტაუტას დიდი დაიბადა ძველ ტრაკაიში 1350 წელს. მამამისი იყო კეისტუტისი, ხოლო დედა ბერუტე, რომელიც კეისტუტისის მეორე ცოლი ყოფილა. ვიტაუტასს ბიძაშვილად ერგებოდა იაგაილო (შემდგომში პოლონეთის მეფე ვლადისლავ II) და იყო ვასილი II-ის (მოსკოვის მთავრის) ბაბუა.

ვიტაუტასის მამას თავის ძმა ალგირდასთან (რომელიც იყო ლიტვის დიდი მთავარი) არ ჰქონია ქიშპი ძალაუფლებისთვის. კეისტუტისი უბრალოდ იცავდა ქვეყანას ტევტონთა თავდასხმებისგან. ალგირდასის გარდაცვალების შემდეგ 1377 წელს ტახტს დაეუფლა იაგაილო და იმის შემდეგ მშვიდობიანი ურთიერთობა კეისტუტისსა და იაგაილოს შორის გადაიზარდა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. 1380 წელს იაგელომ ტევტონებთან ხელი მოაწერა დოვიდიშკეს შეთანხმებას კეისტუტისის წინააღმდეგ. როცა კეისტუტისმა ეს შეიტყო, დაასწრო, ერთი წლის შემდეგ აიღო ვილნიუსი და იაგელო დაატყვევა, თავი კი ლიტვის დიდ მთავრად გამოაცხადა. იაგელომ გაქცევა მოახერხა და დაიწყო ჯარის შეკრება ბიძამისისა და ბიძაშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად დაპირისპირებისა ისინი ომში არ ჩართულან. საქმე შერიგებამდეც კი მიდიოდა, კეისტუტისი მზად იყო შესათანხმებლად. თუმცა, იაგელომ მოტყუებით დაატყვევა კეისტუტისიცა და ვიტაუტასიც და ისინი კრევას ციხეში გამოკეტა. ერთი კვირის შემდეგ კეისტუტისი გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იაგელომ მოაკვლევინა, თუმცა ზუსტი მიზეზი დღემდე არ იციან ისტორიკოსებმა.

 
კეისტუტისსა და ვიტაუტასს ატყვევებს იაგელო. უოიციჩ ჰერსონის ნახატი

ბრძოლა ძალაუფლებისთვის

რედაქტირება

1382 წელს ვიტაუტასი თავს აღწევს ტყვეობას და თავს შეაფარებს ტევტონებს. ამ დროისთვის ტევტონებსა და იაგაილოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა არის დამყარებული დუბისას შეთანხმების წყალობით. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე იაგაილომ კათოლიკობა მიიღო და ტევტონებს გადასცა სამოგიტიის ნაწილი მდინარე დუბისამდე. 1383 წელს ომი ტევტონებსა და იაგაილოს შორის გაჩაღდა. ვიტაუტასი კათოლიკედ მონათლა ვიგანდის სახელით და რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო იაგაილოს წინააღმდეგ. მას მოუხდა ტევტონებთვის დაეთმო სამოგიტია მდინარე ნევეჟისამდე იმისათვის, რათა საბოლოოდ მიეღო ლიტვის დიდი მთავრობა და 1384 წლის იანვარში აისრულა კიდეც საწადელი. მიზნის მიღწევის შემდეგ, იმავე წლის ივლისში უარი თქვა ტევტონებთან მეკავშირეობაზე, უარყო კათოლიკობა, დაუბრუნდა თავის პანთეისტურ რწმენას და შეეკრა იაგაილოს. ვიტაუტასმა იერიში მიიტანა ტევტონების სამ უმთავრეს ციხეზე, გადაწვა ისინი და დაიბრუნა მამამამისის მიწები ტრაკაის გარდა.

ვიტაუტასმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთთან კრევოს შეთანხმებაში 1385 წელს. 1386 იგი კვლავ მოინათლა ქრისტიანად და მიიღო სახელი ალექსანდრე. კრევოს შეთანხმება იაგაილოსა და იადვიგა პოლონელის ქორწინებით იაგაილოს პოლონეთის მეფედ კურთხევას ითვალისწინებდა. ასეც მოხდა, იაგაილო პოლონეთის მეფედ ეკურთხა,ლიეტუვის მმართველად კი თავისი ძმა სკირგაილო დატოვა, რომელიც ხალხის სიყვარულით ვერ დაიკვეხნიდა. ამით ისარგებლა ვიტაუტასმა და 1389 წელს დაიწყო ბრძოლა ლიტვის დიდი მთავრის ტიტულის მოსაპოვებლად. მან ალყა შემოარტყა ვილნიუსს, თუმცა დამარცხდა. 1390-იანი წლების დასაწყისისთვის იგი იძულებული გახდა ისევ ტევტონებისთვის ეთხოვა დახმარება. ტევტონებმა თანხმობა განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ ვიტაუტასი 1384 წლის შეთანხმება აღდგებოდა და ორდენი სამოგოტიას დაიბრუნებდა. ამჯერად ვიტაუტასი ლიეტუვური მიწების წინააღმდეგ იბრძვის.

საკუთარი გავლენის სფეროს გასაფართოებლად 1391 წელს ვიტაუტასმა თავისი მხოლოდშობილი ასული სოფია მიათხოვა მოსკოვის მთავარ ვასილი I-ს. იზრდებოდა უკმაყოფილება პოლონელ დიდებულებს შორის იმის გამო, რომ იაგაილო აქტიურად იყო ჩართული ლიეტუვის საქმეებში, იბრძოდა ვიტაუტასის წინააღმდეგ, პოლონეთი კი ზარალდებოდა. შექმნილ ვითარებაში იაგაილომ გამოსავალი მოძებნა ვიტაუტასთან შეთანხმებით. 1392 წელს თავისი დესპანის ჰენრი მასოვიელის შუამდგომლობით შესთავაზა ლიეტუვის რეგენტობა სკირგაილოს ნაცვლად. იგი დათანხმდა და კიდევ ერთხელ გადაწვა ტევტონთა სამი უმთავრესი ციხე. მათი დაპირისპირება დასრულდა ასტრავას შეთანხმებით, რომლის ძალითაც ვიტაუტასი ლიტვის დიდი მთავარი გახდა და იმავდროულად აღიარებდა იაგაილოს ნომინალურ ძალაუფლებას. ამიტომაც, ვიტაუტასის გარდაცვალების შემდეგ ლიტვის დიდ მთავართა მიწები და ძალაუფლება პოლონეთის მეფეების ხელში გადავიდა.

ლიტვის დიდი მთავარი

რედაქტირება

აღმოსვლეთზე გავლენის მოპოვების მცდელობა

რედაქტირება
 
ვიტაუტას დიდი სიგელი ვილნიუსის კათედრალისადმი. გამოცემულია ვილნიუსში 1410-02-16. ლათინურ ენაზე

ვიტაუტასი აგრძელებდა ალგირდასის პოლიტიკას, რაც შეიძლება მეტი რუსული მიწები დაემორჩილებინა. ისედაც, რუსეთის დიდი ნაწილი მისი გავლენის ქვეშ იყო, მეორე დიდ ნაწილს კი მონღოლები აკონტროლებდნენ. ვიტაუტასსს წინსვლი საშუალება მიეცა, როცა 1395 თემურ-ლენგის მიერ ოქროს ურდოს ტახტიდან ჩამოგდებულმა თოხთამიშ ხანმა ლიტვის დიდ მთავარს სთხოვა დახმარება ტახტის დასაბრუნებლად. ვიტაუტასმა რუსული მიწები მოითხოვა, 1398 წლის ყირიმში ლაშქრობის შემდეგ მისი სახელმწიფო ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმა. ამ ლაშქრობის დროს ვიტაუტასმა ყირიმში ციხე ააგო და თათრები გადაასახლა ლიტვის ტერიტორიაზე.

 
გედიმინასის სვეტები, ვიტაუტასის სახელმწიფოს სიმბოლო

ასეთი წარმატებით გაგულისებულმა ვიტაუტასმა იაგაილოსთან ერთად რომის პაპ ბონიფაციუს IX-ის მოწოდებით მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობა მონღოლების წინააღმდეგ. ეს პოლიტიკური ნაბიჯი ცხადყოფდა, რომ ლიტვის დიდი სამთავრო ქრისტიანული სახელმწიფო იყო და დაიცავდა კიდეც მის ღირსებას. რაც ერთგვარი გარანტია იქნებოდა ლიეტუვისთვის ტევტონთა მხრიდან თავდაუსხმელობისა. კამპანია დასრულდა გენერალური ბრძოლით მდინარე ვორსკლაზე 1399 წელს. ბრძოლა დიდი დანაკარგით დასრულდა. თითქმის ოცი უფლისწული დაიღუპა მოკავშირეთა მხრიდან, მათ შორის იაგაილოს ორი ძმა და თავად ვიტაუტასიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გარდა ამისა, ლიეტუვის საფლობელოებზე დაიწყო აჯანყებები ვიტაუტასის წინააღმდეგ, ხოლო სმოლენსკი დაიბრუნა თავისმა ძველმა მმართველმა გიორგი სმოლენსკელმა, სანამ ვიტაუტასმა 1404 წელს არ დაიბრუნა სმოლენსკი. 1406-1408 წლებში ვიტაუტასმა წამოიწყო ბრძოლა თავისი სიძის ვასილი I-ისა (მოსკოვის მთავრის) და შვიტრიგაილოს წინააღმდეგ. შვიტრიგაილოს მხარს უჭერდნენ ტევტონებიც, რომლებიც დიდ თავადად მოიხსენიებდნენ. დაპირისპირება დასრულდა ომის გარეშე ურგას შეთანხმებით, რომლის ძალითაც დიდი ნოვგოროდი გადაეცა შვიტრიგაილოს ძმა სიმეონ ლინგუენს, უმნიშვნელოვანესი ქალაქი ფსკოვი კი, იაგაილოს დესპან იერცი ნოსს. ომი მოსკოვთან დასრულდა 1408 წელს, ამ შეთანხმებამ კი უფრო გააღვივა კონფლიქტი ტევტონებთან.

ომი ტევტონებთან

რედაქტირება
 
ვიტაუტას დიდი გრიუნვალდის ბრძოლაში იან მატეიკოს ნახატი

1398 წელს ოქროს ურდოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მზადებისას ვიტაუტასმა ტევტონებთან ხელი მოაწერა სალინის შეთანხმებას და გადასცა მათ სამოგიტია, რადგანაც ლიეტუვის ამ მხარეს ტევტონებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მიჯნავდა პრუსიაში გაბატონებულ ტევტონებს ლატვიაში გამაგრებული ლივონიის ორდენისგან. ამ ორ ორდერს სურდა გაერთიანება და ძლიერი ჯარის ჩამოყალიბება. თუმცა, მხოლოდ სამი წელი ეპყრათ ორდენის წევრებს სამოგიტია, რადგანაც 1401 წელს ვიტაუტასის წაქეზებით აჯანყებულმა სამოგიტიელებმა გადაწვეს ტევტონების ორი ციხე. რაინდებმა დახმარება მიიღეს შვიტრიგაილოსგან, რომელსაც ლიტვის დიდი მთავრის ტიტული სურდა. 1404 წელს დადებულმა რაციაზის შეთანხმებამ გაიმეორა სალინის შეთანხმების პირობები: სამოგიტია დარჩა ტევტონებს, პოლონეთმა პირობა დადო არასდროს დახმარებოდა ლიეტუვას, ტევტონები კი პირობას დებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ ვიტაუტასს აღმოსავლეთის კამპანიაში და არც ერთ გედიმინიდს აღიარებდნენ ლიტვის დიდ მთავრად, ვიტაუტასის გარდა. ვერც ამ შეთანხმებამ მოუღო ბოლო დაპირისპირებას, ორივე მხარე ისევ ომისთვის ემზადებოდა.

 
ლიტვის დიდი სამთავრო XIII-XV საუკუნეებში

1408 წელს ვიტაუტასმა მშვიდობა დაამყარა აღმოსავლეთით და ისევ სამოგიტიას დაუბრუნდა. 1409 წლის სამოგიტიის მეორე აჯანყება ტევტონების წინააღმდეგ დაიწყო ვიტაუტასის მხარდაჭერით. აჯანყებულებმა გადაწვეს სკირსნემუნეს ციხე. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებს ლიეტუვა და პოლონეთი მიემხრნენ, ომი ტევტონების წინააღმდეგ დაიწყო. ვიტაუტასის უზარმაზარი ლაშქარი პოლონეთის ჯარს შეუერთდა და იერიში მიიტანეს მარიენბურგის (დღევანდელი მალბორკი ციხეში გამაგრებულ ტევტონებზე. 1410 წელს გაიმართა გრიუნვალდის ბრძოლაში ვიტაუტასი თავად მეთაურობდა ლიეტუვის ლაშქარს. ბრძოლა ლიეტუვისა და პოლონეთის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. ამის მიუხედავად, მარიენბურგის ალყა, სადაც გამაგრებული იყო ტევტონთა ხელმძღვანელი, წარუმატებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შემდეგ ტევტონებმა თავისი სიძლიერე ვეღარ დაიბრუნეს.

1411 წლის თორნის შეთანხმებამ ვიტაუტასს სამუდამოდ დაუბრუნა სამოგიტია. თუმცა მხარეები საზღვრებზე არ შეთანხმებულან. ლიეტუვა მიიჩნევდა, რომ მდინარე ნემანის მარჯვენა ნაპირი ეკუთვნოდა სამოგიტიას, რასაც არ ეთანხმებოდნენ ტევტონები. საზღვრების დაუზუსტებლობამ ახალი ომი წარმოშვა 1414 წელს. ომი გაგრძელდა რამდენიმე თვე, საზღვრებზე კამათი გაგრძელდა კონსტანცას კრებაზე. კონსტანცას კრებაზე სამოგიტიელებს მიეცათ საშუალება ევროპის ლიდერებისთვის მიეწვდინათ ხმა. ამ შემთხვევას ლიეტუვური დიპლომატიის ისტორიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არც კონსტანცას კრებამ გაჭრა და 1422 წელს ახალი ომი დაიწყო ლიეტუვასა და ტევტონებს შორის. რამდენიმითვიანი ომის შემდეგ ტრადიციული შეთანხმება გაიმართა მელნოს ტბაზე. სამოგიტიას ლიეტუვას დარჩა, მემელი თავისი შემოგარენით ტევტონებს. ამ შეთანხმბით მიღებული საზღვრები შემდგომი 500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მშვიდობის დამყარების შემდეგ ვიტაუტასს მეტი დრო დარჩა რეფორმების გასატარებლად და პოლონეთთან ურთიერთობის განსამტკიცებლად.

პოლონეთთან ურთიერთობა

რედაქტირება

1399 წელს იადვიგა პოლონელი მშობიარობას გადაჰყვა. იაგაილოს ძალაუფლება საფრთსის წინაშე აღმოჩნდა, რადგან არაპოლონელი მეფე იყო და ერთადერთი რაც გვირგვის აკავშირებდა მისი ცოლი იყო. ასევე ვორსკას ბრძოლა კიდევ უფრო მეტ მნეშვნელობას მატებდა პოლონეთ-ლიეტუვის მეგობრობას. 1401 წელს გაფორმდა ვილნიუსისა და რადომის უნია. უნიის მიხედვით, ვიტაუტასს ეძლეოდა ფართო ავტონომია, მაგრამ მისიწოდება და ძალაუფლება გადაეცემოდა პოლონეთის მეფეს. ასე რომ, იაგაილო გარდაიცვალა ვიტაუტასის მემკვიდრეობის გარეშე, პოლონელმა თავადებმა კი გადაწყვიტეს ვიტაუტასთან კონსულტაციის გარეშე არ აერჩიათ პოლონეთის ახალი მეფე. ამ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ლიეტუველმა დიდებულებმა მიიღეს თავისი დოკუმენტები და პირველად ხდებოდა, რომ თავადებს ეძლეოდათ სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უფლება.

 
ვიტაუტას დიდის ეკლესია. 1400 წელს კაუნასში

ვიტაუტასი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ჰოროდლოს შეთანხმებისა პოლონეთსა და ლიეტუვას შორის 1413 წელს. რომლის ძალითაც ლიტვის დიდი სამთავრო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასა და თავის პარლამენტს. ლიეტუვისა და პოლონეთის სეიმები იმსჯელებდნენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ამ შეთამხმებას ჰქინდა უდიდესი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა, რადგანაც იგი ლიეტუველ ქრისტიან დიდებულებს აძლევდა ისეთსავე უფლებებს, როგორც პოლონელ დიდებულებს. ჰოროდლოს შეთანხმების აქტში მოხსენიებული არ არიან მართლმადიდებლები. ამ შეთანხმებამ ხელი შეუწყო პოლონეთ-ლიეტუვის დაახლოებასა და შემდგომში რეჩ პოსპოლიტას ჩამოყალიბებას.

1429 წლის იანვარში ვიტაუტასმა გერმანელი ერის საღთო რომის იმპერატორის სიგიზმუნდის მხარდაჭერით მიიღო ლიტვის მეფის ტიტული, მაგრამ დესპანები, რომლებსაც გვირგვინი მოჰქონდათ პოლონელმა მაგნატებმა 1430 წლის შემოდგომით, გზაში შეაჩერეს. მეორე გვირგვინიც გამოგზავნეს, რომელმაც ვიტაუტასის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის მერე ჩამოაღწია ლიეტუვამდე. ვიტაუტასი გარდაიცვალა 1430 წლის 27 ოქტომბერს, ტრაკაის კუნხძულის სასახლეში. დაკრძალულია ვილნიუსის კათედრალში

1911 წლის ენციკლოპედია ბრიტანიკაში ვკითხულობთ, ვიტაუტასი „უდავოდ იყო ყველაზე შთამბეჭდავი პიროვნება აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში, მისი მხედრული მამაცობა კი შერწყმული იყო სახელმწიფო მოღვაწის შორსმჭვრეტელობასთან“.

რეფორმები

რედაქტირება
 
ვიტაუტას დიდის საიუბილეო მონეტა

ვიტაუტასმა ხელი შეუწყო ლიეტუვის ეკონომიკის განვითარებას და განსახილველად წარადგინა მრავალი რეფორმა. მისი მმართველობის ქვეშ ლიეტუვა გადაიქცა უფრო ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. ვიტაუტასმა ადგილობრივი დიდგვაროვანი თავადები ჩაანაცვლა მისთვის სანდო გუბერნატორებით. გუბერნატორები იყვნენ მდიდარი მემამულეები, რომლებმაც შექმნეს ლიეტუვის თავადაზნაურობის საფუძველი. ვიტაუტასის მმართველობის დროს ძლიერდებიან რაძივილისა და გოშტაუტაის ოჯახები.

  • ლათინური: magnus dux Lithuanie terrarumque Russie etc
  • ქართული: „დიდი მთავარი ლიტვისა, რუსეთისა და სხვისა“

(1422 წლის დოკუმენტიდან კურთხევანის ამონაწერი: Nos Alexander alias Witoldus eadem < Dei > gracia, magnus dux Lithwanie terrarumque Russie etc.)

ფაქტობრივად, კი ვიტაუტასი იყო თავისი ბიძაშვილის იაგაილოს ნომინალური ვასალი, რომელიც ატარებდა დამატებით ტიტულს „ლიტვის უზენაესი თავადი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება


წინამორბედი:
სკირგაილო
ლიტვის დიდი მთავარი

14011430
შემდეგი:
სვიდრიგაილო
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიტოვტი“-დან