კიევის რუსეთი (რუს. Киевская Русь ან Древнерусское государство, ძვ. სლავ. Рѹ́сь ან აგრეთვე Кы́ѥвьска Рѹ́сь, ბელარ. Кіеўская Русь, უკრ. Ки́ївська Русь) — აღმოსავლური სლავების ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო IX-XII საუკუნეებში. შეიქმნა VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე შუა დნეპრისპირეთში აღმოსავლური სლავური ტომების გაერთიანების შედეგად, ცენტრით ქ. კიევში. იყო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო გაერთიანება. მისი შექმნის წინა ხანა — VI-VIII საუკუნეები — იყო პერიოდი ფეოდალური ურთიერთობათა ჩასახვისა სამხედრო დემოკრატიის პირობებში. კიევის რუსეთში ჩამოყალიბდა ერთიანი აღმოსავლური ხალხი, რომელიც შემდეგ გახდა საფუძველი 3 ეროვნების — რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების — შექმნისა.

კიევის რუსეთი, XI ს.
რუსეთის ისტორია
რუსეთის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ვოლგა ბულგარეთი
ხაზარეთი
ძველი სლავები
კიევის რუსეთი
რუსეთის სამთავროები
ნოვგოროდის რესპუბლიკა
ვლადიმერის სამთავრო
მონღოლების შეჭრა
მონღოლების უღელი
ლიტვის დიდი სამთავრო
მოსკოვის დიდი სამთავრო
რუსეთის სამეფო
რუსეთის იმპერია
დროებითი მთავრობა
საბჭოთა რუსეთი
საბჭოთა კავშირი
რუსეთის ფედერაცია
  •  •  

პოლიტიკური ისტორია

რედაქტირება

ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული კიი, შჩეკი და ხორივი (დაახლოებით 852). კიევის რუსეთის ისტორიის შემდგომ ეტაპს კი იგივე მატიანეები უკავშირებენ ვარიაგთა (ნორმანთა) ლეგენდარული მთავრის რიურიკის მოწვევას (862). ეს ფაქტი ადასტურებს ნორმანულ თეორიას კიევის რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა ოლეგის ხელში, რომელმაც 882 წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და დირი და დაიპყრო კიევი, 883-885 წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო 907 და 911 ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების (912) შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელმაც ასევე ორგზის (941, 944) ილაშქრა ბიზანტიაში. 913 წელს დალაშქრა კასპიისპირეთი. 945 წელს დრევლიანებმა მოკლეს იგორი. მისმა მეუღლემ ოლგამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში ქრისტიანობა.

იგორისა და ოლგას ვაჟმა სვიატოსლავმა (994-972) დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა მისი საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა ვლადიმირმა (980-1015). მის დროს კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (988-989), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა. ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრე ვაჟებს შორის კვლავ ატყდა ბრძოლა, სვიატოპოლკმა მოკლა 2 ძმა — ბორისი და გლები (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავთან ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მთავრის ტახტი იაროსლავ ვლადიმირის ძემ (იაროსლავ ბრძენმა, 1019-1054) დაიკავა. მის დროს შესამჩნევად გაიზარდა კიევის რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, დაარსდა კიევის დამოუკიდებელი მეტროპოლია (1037), გაშენდა ქალაქები. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი და სვიატოსლავი. კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი (1078-1093), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. მდგომარეობას ვერც მთავრების ყრილობებმა (1097, 1113) უშველა.

1113 წელს კიევის მთავარი გახდა ვლადიმირ ვსევოლოდის ძე მონომახი. მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზება (ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება). მისმა ვაჟმა მსტისლავმა (1125-1132) კიდევ ერთხელ შეძლო ყივჩაყთა დამარცხება. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. რუსეთში დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი.

მეურნეობა

რედაქტირება

კიევის რუსეთის არქეოლოგიურმა შესწავლამ წარმოაჩინა სოფლური დასახლებების ტიპები და მეურნეობის ხასიათი. მეურნეობის ძირითად დარგს წარმოადგენდა სახვნელი მიწათმოქმედება, გაჩნდა ე. წ. სამმინდვრიანი სისტემა, ითესებოდა ხორბალი, ქერი, შვრია, ფეტვი და სვა. მოსახლეობა მისდევდა აგრეთვე მესაქონლეობას, ნადირობას, თევზჭერას და ველური თაფლის მოპოვებას. სოფლურ ხელოსნობას მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირა.

საზოგადოებრივი წყობის საფუძველს წარმოადგენდა მიწის ფეოდალური საკუთრება, რომელსაც თან სდევდა თავისუფალ მიწისმოქმედთა დაყმევების მზარდი პროცესი. გაჩნდა მსხვილ ფეოდალთა და მთავართა მამულები გამაგრებული სასახლეებითურთ.

ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას მოჰყვა ქალაქების გაჩენა. კიევის რუსეთის უძველესი ქალაქებიდან გამოირჩეოდა კიევი, ჩერნიგოვი, პერეიასლავლი, სმოლენსკი, როსტოვი და სხვა.

კიევის რუსეთის ვაჭრობის ისტორია 2 პერიოდად იყოფა:

  • I პერიოდი (IX-XI საუკუნეები) ხასიათდებოდა არაბი ვაჭრების როლის მნიშვნელოვანი ზრდით და ბიზანტიასა და ხაზარეთთან ურთიერთობის განმტკიცებით.
  • II პერიოდში (XI საუკუნის შუა წლები — XII საუკუნე) აღინიშნა საერთაშორისო ურთიერთობათა გაუარესება (არაბთა სახალიფოს დაცემა, ყივჩაყთა მოძალება და სხვა), რამაც დასცა კიევის რუსეთის ვაჭრობაც.

სოციალურ-პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

კიევის რუსეთის სახელმწიფოებრივი ფორმა იყო ადრინდელი ფეოდალური მონარქია. დიდი მთავარი — ერთპიროვნული მმართველი — ეყრდნობოდა მთლიანად მასზე დამოკიდებულ რაზმს. ამ დროს გარკვეულ როლს ასრულებდა ვეჩეც. ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთად იზრდებოდა მთავრის მოვალეობებიც, ხოლო მისი ძალაუფლება თანდათან იზღუდებოდა ფეოდალთა ფენის მხრივ. ქალაქებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ვაჭრებსა და ყველაზე მრავალრიცხოვან ფენას — ხელოსნებს. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა სამღვდელოებას, რომელიც ორად იყოფოდა: შავ (ბერ-მონაზნები) და თეთრ (ეკლესიების მსახურნი) სამღვდელოებად.

კიევის რუსეთის კულტურა გამოირჩეოდა განვითარების მაღალი დონით. იგი ეყრდნობოდა სლავი ხალხების თვითმყოფ კულტურას, მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიური კულტურის გავლენაც. ჩვენამდე მოღწეულია კიევის რუსეთის ლიტერატურის ძეგლების საკმაო რაოდენობა, რომელთა შორის უძველესია ე. წ. ოსტრომირის სახარება. კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობას ძირითადად საეკლესიო პირები ეწეოდნენ (კიევის მიტროპოლიტი ილარიონი, მემატიანეები ნიკონი, ნესტორი, სილვესტრი და სხვები). იწერებოდა მატიანეები, ჰაგიოგრაფიული თხზულებები, მოგზაურობათა აღწერები, პატრიოტული ეპოსი, დიდი ადგილი ეჭირა ბერძნულიდან თარგმნილ ლიტერატურას. კიევის რუსეთის ლიტერატურულ ტრადიციებზე შეიქმნა ბრწყინვალე ძეგლი „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.

კიევის რუსეთის ეპოქის სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ჩამოყალიბდა სამხრეთ-სლავური ტომების მხატვრული შემოქმედების ტრადიციებისა და უცხოურ გავლენატა (ბიზანტია, ბალკანეთისა და სკანდინავიური ქვეყნები, ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი) გარკვეული ზემოქმედებით. კიევის რუსეთის ხელოვნებაში დიდხანს შემორჩა ძველი სლავური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. IX საუკუნე -X საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქალაქ-სიმაგრეები, საფუძველი ჩაეყარა ხის ნაგებობებით განაშენიანებულ ახალ ქალაქებს, რომელთა ქუჩები შუაში აღმართული კრემლისაკენ (კიევი, ფსკოვი) ამ მდინარის პარალელურად (ნოვგოროდი) იყო მიმართული. IX საუკუნის II ნახევრიდან მატიანეებში იხსენიება ხის ქრისტიანული ეკლესიები (კიევი), რომლებიც 5 და ზოგჯერ 13 გუმბათითაც იყო დაგვირგვინებული. ქვის პირველი ეკლესია (X საუკუნის დასასრული) კიევში აგებული იყო ქვისა და აგურის მონაცვლეობაში ნაწყობი რიგებით (დანაყილი აგურისა და კირის ხსნარით).

ასევე იყო ნაშენი ქალაქის სიმაგრეები კიევში, კიევ-პეჩერის მონასტერი, ძველი ლადოგა (ყველა XI საუკუნის დასასრული — XII საუკუნის დასაწყისი), აგრეთვე სამნავიანი (მაცხოვარ-ფერისცვალების ეკლესია ჩერნიგოვში, 1036) და ხუთნავიანი (სოფიოს ტაძარი კიევში, 1037) თაძრები. ბიზანტიური საკულტო ნაგებობის ტიპი — ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ძველმა რუსმა ოსტატებმა თავისებურად გაიაზრეს და შექმნეს ადგილობრივი ხასიათის ორიგინალური ხუროთმოძღვრული სტილი, რომელიც დიდხანს განაპირობებდა რუსულ საეკლესიო მშენებლობის ფორმებს (მრავალგუმბათიანობა, კამარების მრავალსაფეხუროვანი განლაგება და მათ შესაბამისად ფასადზე დაყოლებული ნახევარწრეების — ზაკომარების რიგები, სტოა-გალერეა, რომელიც 3 მხრიდან ეკვროდა ტაძარს და სხვა). კიევის სოფიოს ეკლესიაში (XI საუკუნის შუა წლები) შემორჩენილია ძირითადად ბიზანტიელ ოსტატთა მიერ შესრულებული ფრესკები და მოზაიკა. ამ ეპოქის მინიატურა („ოსტრომირის სახარება“, 1056-1057, მ. სალტიკოვ-შჩერდინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, სანქტ-ოეტერბურგი) გამოირჩევა ფერადოვნებითა და შესრულების სიფაქიზით. XI საუკუნეში ვითარდება ხატწერა. XI საუკუნის II ნახევარში დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ეკლესიის ახალი ტიპი — სამნავიანი, ექვსსვეტიანი სადა ნაგებობა, რომელიც ხშირად გარშემოსავლელის გარეშე იყო. აგებენ ერთგუმბათიან ტაძრებსაც (კიევ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძარი, 1073-1078, დაინგრა 1941). XII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის ტაძრები სამ- ან ხუთგუმბათიანია. ამ ხანების რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია იურის მონასტერი (ხუროთმოძღვარი პეტრე). XII საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა ფერწერის სტილიც. ბიზანტიელ და ძველ რუს მხატვართა ფრესკებსა და მოზაიკაში გაჩნდა უფრო თავისუფალი კომპოზიცია, ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებაში გამოჩნდა ინდივიდუალური ხასიათი. ამავე დროს ფრესკულ ფერწერაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაიზარდა ადგილობრივ ოსტატთა როლი (სოფიოს ტაძრის სანათლავისა და კირილეს მონასტრის ტაძრის მოხატულობა — ორივე კიევში, XII საუკუნე).

ფეოდალური დაქუცმაცულობის პერიოდში კიევის რუსეთის კულტურის შემდგომმა განვითარებამ ძველ რუსეთის სამთავროებში გადაინაცვლა. იქმნებოდა ადგილობრივი ხუროთმოძღვრული კერები (ვლადიმირ-სუზდალის, ნოვგოროდისა და სხვა). კიევის რუსეთის ხელოვნური მიღწევები შემდეგში საფუძვლად დაედო რუს, უკრაინელ და ბელარუს ხალხების ხელოვნებას. მრავალფეროვანი იყო მუსიკალური კულტურა (სამხედრო-საცერემონიო, ინსტრუმენტული, სასიმღერო და ა. შ.).

საქართველოს ურთიერთობა კიევის რუსეთთან

რედაქტირება

X-XII საუკუნეებში სამი უდიდესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს — ბიზანტიის, კიევის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას აქტიური ხასიათი ჰქონდა. რუსული წყაროების მიხედვით, კიევის დიდმა მთავარმა იზიასლავმა ცოლად შეირთო (1154) „აფხაზთა“ (ქართველთა) მეფის ასული. ქართულ ისტოგრაფიაში, არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქმულია საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოში ყივჩაყები გადმოასახლა ვლადიმირ მონომარხთან დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად.

კიევის რუსეთისა და საქართველოს შორის დადასტურებულია კულტურული ურთიერთობის ფაქტებიც. კერძოდ, კიევის რუსეთის ეკლესიების (კიევის ლავრა, ნოვგოროდისა და ვლადიმირის ტაძრები და სხვა) ფერწერითა და მოზაიკით შემკობაში მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები.

კიევის რუსეთის მმართველები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Повесть временных лет, ч. 1–2, М. — Л., 1950;
  • მესხია შ., ძლევაჲ საკვირველი, თბ., 1972;
  • ბუაჩიძე თ., ძველი რუსული მწერლობა, ტ. 1, თბ., 1973;