ამბავი იგორის ლაშქრობისა

„ამბავი იგორის ლაშქრობისა“კიევის რუსეთის პერიოდის ლიტერატურული ძეგლი. შეიქმნა XII საუკუნის დასასრულს. ავტორი უცნობია. აღმოჩენილია 1795 წელს, პირველად გამოიცა 1800 წელს. ერთადერთი ნუსხა, რომელიც საფუძვლად დაედო გამოცემას, დაიწვა 1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს. ძეგლი ხანგრძლივი და ყოველმხრივი ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევის საგნად იქცა. ჯერაც სადავოა ცალკეული ადგილების წაკითხვა, აგრეთვე კომპოზიციის, ჟანრის, ავტორის ვინაობის, ძეგლის წარმოშობის საკითხები. ნაწარმოების ისტორიული საფუძველია ნოვგოროდ-სევერსკის მთავრის იგორ სვიატოსლავის ძის ლაშქრობა ყივჩაყების წინააღმდეგ 1185 წელს.

ნაწარმოების დედააზრი რუსეთის სამთავროთა გაერთიანების იდეაა. კ. მარქსი სიტყვით, ძეგლი სწორედ მონღოლთა შემოსევის წინ მოუწოდებდა რუსეთის მთავრებს გაერთიანებისაკენ. პოემაში ასახულია იგორის ლაშქრობის ძირითადი მომენტები: მისი გალაშქრება, პირველი შეხვედრა ყივჩაყებთან და გამარჯვება, მეორე შეტაკება, მარცხი და იგორის დატყვევება. კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის „ოქროს სიტყვა“, იგორის მეუღლის — იაროსლავნას გოდება, იგორის გაქცევა ტყვეობიდან და სამშობლოში დაბრუნება. „ამბის“ ძირითადი ნაწილია სვიატოსლავის მიმართვა მთავრებისადმი. ძეგლი გამსჭვალულია პატრიოტიზმით. აშკარაა, რომ მისი ავტორი შესანიშნავი ოსტატი და ღრმად მოაზროვნე პიროვნება იყო, კარგად იცნობდა მშობლიურ ისტორიას, ფოლკლორს და ფართო ლიტერატურული განათლება ჰქონდა. 1938 საბჭოთა ხალხმა აღნიშნა ძეგლის 750-ე წლისთავი. „ამბავი იგორის ლაშქრობისა“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულად სამჯერ ითარგმნა.

გამოცემები

რედაქტირება
  • Слово о полку Игореве, под ред. В. П. Адриановой-Перетц, М.—Л., 1950.
  • ამბავი იგორის ლაშქრობისა, თარგმ. ს. ჩიქოვანისა, თბ., 1938.
  • ამბავი იგორის ლაშქრობისა, თარგმ. კ. ჭიჭინაძისა, თბ., 1938.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუაჩიძე თ., ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 1968 (ერთვის ავტორის მიერვე თარგმნილი ტექსტი და კომენტარები).
  • რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.