ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო
ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო — X-XIII საუკუნეებში რუსეთის ფეოდალური სამთავრო მდინარეებს ოკასა და ვოლგას შუა. X საუკუნემდე ამ მიწაზე ცხოვრობდნენ ფინურ-უნგრული ტომები. X საუკუნის ბოლოს ამ ტერიტორიაზე კოლონიზაცია დაიწყეს სლოვენებმა და კრივიჩებმდა, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი ტომების გარუსება და ველიკორუსი ხალხის ჩამოყალიბება. X-XI საუკუნეებში გაჩნდა ქალაქები: როსტოვი, იაროსლავლი, მურომი, სუზდალი. სამტავროს ცენტრი იყო როსტოვი, რომელიც კიევის რუსეთის ძლიერების პერიოდში ემორჩილებოდა და ხარკს უხდიდა კიევის მთავრებს.
ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო რუს. Владимиро-Суздальское княжество | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დაშლილი კიევის რუსეთი | |||||||
დედაქალაქი | ვლადიმირი | ||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
ისტორია | |||||||
- შექმნილია | 1157 | ||||||
- შეუერთდა მოსკოვის დიდი სამთავროს | 1389] | ||||||
1054 წელს როსტოვის მიწა ერგო ვსევოლოდ იაროსლავის ძეს. 1108 წელს ვლადიმირ მონომახმა მდინარე კლიაზმაზე დააარსა ციხესიმაგრე ვლადიმირი. იური დოლგორუკის დროს სამთავრო გაძლიერდა, აშენდა რამდენიმე ქალაქი (გაამაგრეს მოსკოვი 1156); საფუძველი ჩაეყარა ვლადიმირ-სუზდალის სკოლას. იური დოლგორუკის კიევში გამთავრების შემდეგ ვლადიმირ-სუზდალის მთავარი გახდა მისი ვაჟი ანდრია ბოგოლიუბსკი (1157-1174), რომელიც მამის პოლიტიკას განაგრძობდა და ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს რუსეთის ცენტრად თვლიდა. მან გააფართოვა ქ. ვლადიმირი და იქ გადაიტანა მთავრის რეზიდენცია (ბოგოლიუბოვო, ვლადიმირიდან 10 კმ-ზე). 1169 წელს ანდრიამ ილაშქრა კიევზე, დაიპყრო იგი და მთავრად დასვა თავისი ძმა გლები. 1170 წელს დროებით დაიმორჩილა ნოვგოროდიც.
ანდრია ბოგოლიუბსკი ცდილობდა ვლადიმირი რუსეთის ქრისტიანობის ცენტრადაც ექცია. ამგვარი პოლიტიკის შედეგი იყო საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურის აყვავება. 1174 წელს ანდრია ბოგოლიუბსკი შეთქმულმა ბოიარებმა მოკლეს. სამთავროში არეულობა დაიწყო. საბოლოოდ გაიმარჯვა ანდრიას ძმამ ვსევოლოდ დიდმა ბუდემ (1176-1212). იგი წარმატებით განაგრძობდა მამისა და ძმის პოლიტიკას. 1203 წელს მან კვლავ დაარბია კიევი, 1207 წელს დაიმორჩილა რიაზანი. ჟამთააღმწერლები მას „დიდს“ უწოდებდნენ. ვსევოლოდის საქმიანობა აისახა ცნობილ თხზულებაში „ამბავი იგორის ლაშქრობისა“. მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადიმირ-სუზდალის სამთავროში კვლავ არეულობა დაიწყო. 1218 წელს ტახტზე ავიდა ვსევოლოდის შვილი იური. მან კვლავ განამტკიცა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს ჰეგემონია რუსეთის სამთავროებს შორის, 1220 წელს დაამარცხა ვოლგის ბულგარები და 1221 წელს დააარსა ნიჟნი-ნოვგოროდი.
1238 წელს ბათო-ყაენის ურდოებმა ააოხრეს ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, დაწვეს და დაანგრიეს ქალაქები. მაგრამ თატარ-მონღოლთა უღელმა ვერ შეძლო ვლადიმირ-სუზდალის სამთავროში ჩასახული პოლიტიკური და კულტურული ტრადიციების მოსპობა. ეს ტრადიციები XIV-XV საუკუნეებში გააგრძელა და განავითარა მოსკოვის სამთავრომ ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის პროცესში.
ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს მმართველები
რედაქტირებასახელი | მმართველების წლები |
---|---|
ანდრია ბოგოლიუბსკი. | 1168 - 1174 |
მიქაელი | 1174 - 1176 |
ვსესლოდ ბოგოლუბსკი | 1176 - 1212 |
იური II | 1212 - 1216 |
კონსტანტინე I | 1216 - 1218 |
იური II, მეორედ გამეფება | 1218 - 1238 |
იაროსლავ II | 1238 - 1246 |
სვიატოსლავ III | 1246 - 1249 |
ანდრეი II | 1249 - 1252 |
ალექსანდრე ნეველი. | 1252 - 1263 |
იაროსლავ III | 1264 - 1271 |
ვასილი იაროსლავის ძე | 1272 - 1277 |
დიმიტრი ალექსანდრეს ძე | 1277 - 1294 |
ანდრეი ალექსანდრეს ძე | 1294 - 1304 |
მიქაელი ტვერელი | 1304 - 1318 |
იური მოსკოველი | 1318 - 1322 |
დიმიტრი ტვერელი | 1322 - 1326 |
ალექსანდრე ტვერელი | 1326 - 1327 |
ივანე I მოსკოველი | 1328 - 1341 |
სიმონ მოსკოველი | 1341 - 1353 |
ივანე II მოსკოველი | 1353 - 1359 |
დიმიტრი კონსტანტნეს ძე | 1359 - 1362 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 438.