რუსეთის გერბი (რუს. Герб России) — რუსეთის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად.

რუსეთის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1993 წლის 30 ნოემბერს
ფარი მეწამული, მასზე გამოსახულია ორთავიანი, სამგვირგვინოსანი ოქროსფერი არწივი, ერთ კლანჭში სკიპტრით, მეორეში კი სამეფო სფეროთი. არწივის მკერდზე გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი, რომელიც ასახავს შავი გველეშაპის განმგმირავ თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლაჟვარდისფერმოსასხამიან თეთრ მხედარს.

იგივე ჰერალდიკურ სიმბოლოებზე დაფუძნებული გერბი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ XIV-XV საუკუნეებიდან. ის წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის გერბის ძირითად ნაწილსაც. 1918 წლიდან რუსეთის სფსრ-ში გამოიყენებოდა საბჭოური სიმბოლოებით შექმნილი გერბი. ძველი გერბი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღდგა 1993 წლის 30 ნოემბერს.[1]

რუსეთის იმპერიის გერბი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის პერიოდში გაჩნდა. იგი შედგებოდა ორი ძირითადი გამოსახულებისაგან (ემბლემისაგან): გველეშაპის განმგმირავი შუბოსანი მხედრისა (XIV საუკუნის დასასრულიდან) და ორთავიანი არწივისაგან (XV საუკუნის დასასრულიდან). ეს გამოსახულებები აღბეჭდილი იყო მოსკოვის დიდი მთავრებისა და მეფეების ბეჭდებზე. ალექსი I მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676) სახელმწიფო გერბი იყო ფრთებშემართული სამგვირგვინოსანი ორთავიანი არწივი, რომელსაც მკერდზე მოსკოვის გერბი (მხედარი) ჰქონდა, ბრჭყალებში კი სკიპტრა და სამეფო სფერო ეკავა. ანდრია პირველწოდებულის ორდენის დაწესების (1698) შემდეგ მხედრისგამოსახულებიან ფარს შემოვლებული ჰქონდა ორდენის ჯაჭვი. ეკატერინე I-ის მეფობის დროს (1725-1727) დაადგინეს გერბის ფერები — ყვითელ ფონზე შავი არწივი, წითელ ფონზე მხედარი. 1730 წელს დამტკიცდა გერბის სურათი, რომლის აღწერილობაში მხედარს პირველად ეწოდა წმინდა გიორგის (გიორგი ძლევამოსილის) სახელი.

XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან ორთავიან არწივს გამოსახავდნენ ფართოდ გაშლილი ფრთებით, მარჯვენა კლანჭში ფრინველს ლენტებჩაწნული ელვის ისრები და ჩირაღდანი ეჭირა, მარცხენაში — დაფნის გვირგვინი. 1832 წლის ბრძანებულებით არწივის ფრთებზე გამოსახავდნენ ყაზანის, ასტრახანის, ციმბირის, აგრეთვე პოლონეთისა და ტავრიდის სამეფოთა და ფინეთის დიდი სამთავროს გერბებს. 1832 წელს დამტკიცდა რუსეთის სახელმწიფოს დიდი გერბი, მასზე გამოსახული იყო მრავალი ჰერალდიკური დეტალი, საფუძვლად კი ორთავიანი არწივი დარჩა მკერდზე მოსკოვის გერბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დროებითმა მთავრობამ სახელმწიფო ემბლემად ორთავიანი არწივი შეინარჩუნა, თუმცა მას დაშვებული ფრთებით, გვირგვინის, მხედრის, კვერთხისა და სამეფო სფეროს გარეშე გამოსახავდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება