გურიის უდაბნოს მონასტერი

(გადამისამართდა გვერდიდან უდაბნოს მონასტერი (გურია))

უდაბნოს მონასტერი — წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების მთის ფერდობზე. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია. ფერდობის ქვედა ნაწილში კიდევ 4 გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად მიცემული აქვს აფსიდის ფორმა (სავარაუდოა, რომ სალოცავის მოვალეობას ასრულებდა). მონასტრის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, მშენებლებს მხოლოდ დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლის ნახევარი აუგიათ. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებით. ეკლესიის დათარიღება დღემდე ვერ მოხერხდა. იგი მრავალჯერაა გადაკეთებული. მკვლევართა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი IX–X საუკუნეებს აკუთვნებს.

გურიის უდაბნოს სავანე
გურიის უდაბნოს მონასტერი — საქართველო
გურიის უდაბნოს მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°03′40″ ჩ. გ. 42°12′31″ ა. გ. / 42.06111° ჩ. გ. 42.20861° ა. გ. / 42.06111; 42.20861
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შუა ამაღლება
სასულიერო სტატუსი მამათა მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჯუმათის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია, კლდეში ნაკვეთი ეკლესია
თარიღდება 1858, 2006

გურიის უდაბნო ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკიას აქ შემოქმედის გულანი გადაუწერია. უდაბნოს ხელნაწერთაგან ყველაზე თვალსაჩინო და უძველესია „მრავალთავი“, რომელიც XVI საუკუნეში ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ. აქვე იყო დაცული ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები. ამაღლების მთის ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე-ეკლესიიდან დაახლ. 200 მ-ზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიიც 1858 წელსაა აშენებული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები ყოფილა კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. იგი 1958 წლამდე ხელუხლებლად იყო შემონახული, ხოლო შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაწილობრივ საგანგებოდ დაანგრია სამშენებლო მასალის მოპოვების მიზნით.

მდებარეობა

რედაქტირება

უდაბნოს მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის ქედის სამხრეთ ციცაბო კალთაზე, ამაღლების მთის ფერდობზე.

უდაბნო დაუსახლებელ, უშენ ადგილს ნიშნავს. მეუდაბნოეობა ბერ-მონაზვნობის ის სახე იყო, რომდესაც განდეგილი განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. საბოლოოდ მეუდაბნოეობა სამონასტრო წესად შეიცვალა.[1]

უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, თუმცა ზუსტად დათარიღებული არ არის. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით უდაბნოს მონასტრის დამაარსებელი არის იოსებ ტუსკია, რომელიც XVIII საუკუნეში იყო უდაბნოს წინამძღვარი. სინამდვილეში მონასტერი უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს.[2], მაგრამ ამ ეპოქის სხვა ძეგლი გურიაში გარდა ვაშნარისა და პეტრასი არ მოიპოვება. დათარიღებას ართულებს ის ფაქტი, რომ მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ ძველი ნანგრევი გამოუყენებიათ. XVII საუკუნის I ნახევარში მაქსიმე I-მა საგანგებო სიგელი გამოსცა უდაბნოს მონასტრის დასაცავად.

წინამძღვრები

რედაქტირება

1846-1921 წლებში სავანეში მოღვაწეობდნენ წინამძღვრები:

არქიტექტურა

რედაქტირება

სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის.

მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. მისი აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ეკლესია მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი. ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი. საკურთხეველი ქვისაა. აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა, მშენებლებს მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთ კედლის ნახევარ აუგიათ. ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია რელიეფური გამოსახულებებით. ამის გარდა მთაგრეხილის ქვედა ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად აქვთ მიცემული აფსიდის ფორმა და სავარაუდოდ სალოცავის მოვალეობას ასრულებდნენ. კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა და სენაკების გამო უდაბნოს გურიის ვარძიას უწოდებდნენ.

 
XIX საუკუნის ეკლესიის კედელი

ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე ეკლესიიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობდა მეორე ეკლესია. ეს იყო თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ 1858 წ. წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას წინამძღვრობის დროს შემდგომში გურიის ეპისკოპოსი). ეკლესია დაანგრია ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1958 წელს სამშენებლო მასალების მოპოვების საბაბით. ნგრევას გადარჩა აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები, იქვე იყო მოგროვებული მონგრეული ქვების ნაწილი. 2006 წელს, ახალი ეკლესიის აშენების საბაბით მოხდა შემორჩენილი კედლების დემონტაჟი, აშენდა ახალი ეკლესია, ხოლო ძველი ქვებით მოეწყო საყრდენი კედელი.

სიძველეები

რედაქტირება

უდაბნოს მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა. დიმიტრი ბაქრაძეს უდაბნოს სავანეში უნახავს ათამდე ბიჭი, რომლებიც წერა-კითხვას ეუფლებოდნენ. აქ მოღვაწეოდბნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომელსაც შემოქმედის გულანი გადაუწერია. ხელნაწერებს უდაბნოს წიგნთსაცავში ინახავდნენ. მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „უდაბნოს მრავალთავი”, რომელიც არ ჩამოუვარდება უძველეს ქართულ ხელნაწერს - 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს. „უდაბნოს მრავალთავი“ 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით ის IX საუკუნეს მიეკუთვნება. იგი XVI საუკუნეში ჩამოუტანია ნიკოლოზ ჯუმათელს კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდგომ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მრავალტავი შესაძლოა ადგილზე იყოს გადაწერილი.[3]

უდაბნოსასევე გააჩნდა ნაბეჭდი წიგნების მნიშვნელოვანი ფონდი. ეს წიგნები სხვადასხვა დროს შეუწირავთ იმერეთის მეფეებს, დედოფლებს, კათოლიკოსებს და სხვებს. აქვე ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.). იგი ოქროთი მოვარაყებულ ხავერდის ყდაშია ჩასმული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. დიმიტრი ბაქრაძემ უდაბნოს მონასტერში აღმოაჩინა უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი, მათ შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტია XVII საუკუნის „ანაწერი და ანდერძი გურიის უდაბნოს მამისა იოსებისა“, სადაც აღწერილია უდაბნოს მონასტრის ქონება. 1958 წელს ეკლესიის დანგრევის შემდეგ განადგურდა მონასტრის სიძველეები: ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 85-87, ISBN 99940-11-89-8.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ივანე ჯავახიშვილი, „ქართული სამართლის ისტორია“ თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VII გვ. 33 — თბილისი, 1984
  2. ა. ჯიბუტი, „ამაღლების მონასტერი“ — გაზეთი „ბრძოლის დროშა“ გვ. 3, 12 დეკემბერი 1958
  3. ზ. სიხარულიძე, უდაბნო — ძველი ქართული კულტურის კერა“ — ჟურნალი „უდაბნო“ N3-4. გვ. 5. 1995 წ.