სვანეთის აჯანყება (1921-1922)
სვანეთის აჯანყება (1921-1922) | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1921 წლის მაისი — 1922 წლის დეკემბერი | ||
მდებარეობა | საქართველოს სსრ | ||
მიზეზი | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ | ||
შედეგი | საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
სვანეთის აჯანყება (1921-1922) — ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყება სვანეთში, რომელიც მოჰყვა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას.
ზემო სვანეთში პარტიზანული ძალების ფორმირება დაიწყო საქართველოს ოკუპაციისთანავე. ამ ძალების ფორმირებას ეწეოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი. პარტიამ სვანეთში გაგზავნა ეროვნულ-დემოკრატი სტუდენტების სამი ათეული, ხოლო ქართლ-კახეთის კოოპერატორთა კავშირ „წარმოკავშირის“ ხელშეწყობით 10 მილიონი მანეთი გაუგზავნა შეიარაღებული გამოსვლების მოსამზადებლად. პარტიზანულ რაზმებს მეთაურობდნენ ნესტორ გარდაფხაძე, მოსესტრო დადეშქელიანი და ბიძინა პირველი.
აჯანყება დაიწყო 1921 წლის 28 ოქტომბერს. აჯანყებულები თავს დაესხნენ მულახში სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას, დაჭრეს განყოფილების გამგე და ერთი მილიციელი. 80 აჯანყებული სვანი კი ჩაუსაფრდა სვანეთში მყოფ წითელი არმიის ნაწილებს და 80 ადამიანი მოუკლა. წითელი არმიის ნაწილებმა უკან დაიხიეს ჯვარისკენ. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს დიდძალი იარაღი და დაიწყეს მოსახლეობის ხატზე დაფიცებ. მაათ აგრშემო შეგროვდა 1600 ადამიანი. აჯანყებას მიემხრო სვანეთის მაზრის პირველი უბნის რევკომის თავმჯდოამრე სამსონ ქალდანი. მაზრის მილიციის დიდი ნაწილი გადავიდა აჯანყებულების მხარეს. აჯანყებულები შეიარაღებულები იყვნენ რუსული, გერმანული და თურქული მაუზერებით. აჯანყებულებმა კვლავ მიიტანეს იერიში სოფელ მულახზე, სადაც ამ დროისთვის საბჭოთა ხელისუფლების 80 შეიარაღებული წარმომადგენელი იმყოფებოდა. სოფელ კალაში გაიმართა თათბირი, სადაც განიხილებოდა თავდასხმა ცაგერსა და ქუთაისზე, მაგრამ ეს გეგმები უარყვეს.
საბჭოთა ხელისუფლებამ გაგზავნა დამატებითი საჯარისო ნაწილები აჯანყების ჩასახშობად. ამასობაში ზამთარმა სვანეთის გზები ჩაკეტა. 1922 წლის 20 იანვარს აჯანყებულებმა საბჭოთა ხელისუფლებას თბილისში წარუდგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვნდნენ სვანეთიდან წითელი არმიის გაყვანას, ადგილობრივ ირევკომის საქმიანობის შესწავლას, საბჭოთა კომიტეტების შექმნას ისეთივე უფლებებით, რაც ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს. სვანების დელეგაციას თბილისში კარგად შეხვდნენ და გადასცეს 300 მილიონი მანეთი ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაქმნელად. თუმცა დაპირბები არ შესრულდა და საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების ქმედებები კვლავ იწვევდა უკმაყოფილებას.
1922 წლის 15 მარტს სვანები ხელახლა აჯანყდნენ და შეუტიეს ლენტეხის, ჩოლურის და ლაშხეთის საგუშაგოებს, წითელარმიელები განაიარაღეს და დაატყვევეს. შემდეგ შეუტიეს ცაგერს, მაგრამ ვერ აიღეს და უკან დაიხიეს. 1922 წლის 16 მარტს თბილისში შეიკრიბა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სამსონ მამულია. სხდომაზე გადაწყდა სვანეთის აჯანყების ჩაქრობა სადამსჯელო ექსპედიციის საშუალებით. 1922 წლის 11 აპრილს ხელისუფლებამ და აჯანყებულებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით მოხდებოდა სვანეთის მოსახლეობის სრული განიარაღება, მოძრაობის ლიდერები ჩაბარდებოდნენ მთავრობას, ხოლო მთავრობა შეუნარჩუნებდა მათ სიცოცხლეს და ზემო სვანეთი ჩამოყალიბდებოდა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, რომლის ხელმძღვანელ 5 ადამიანში ერთ-ერთი იქნებოდა ნესტორ გარდაფხაძე. დაპირებების შესრულება ჭიანურდებოდა, ამიტომ სვანეთში ნარჩუნდებოდა დაძაბული ფონი. 1922 წლის 9-15 აგვისტოს ხელისუფლებამ ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით მოახერხა ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღება, ამოიღო 300 შაშხანა, 100 ბერდანა და 4 ტყვიამფრქვევი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 49-52.
- დაუშვილი ა., „ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში“, „საისტორიო მოამბე“ N79-80, 2009-2010
- დაუშვილი ა., წენგუაშვილი კ., „იქ სიკვდილი განა ბედნირება არ არის, თამარ!“, თბილისი, 2005