სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალხინო (მრავალმნიშვნელოვანი).

სალხინოსოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვახა, ლეგულორდავე, ლესხულუხე, ლეცავე, პატარა ჟინოთა, სალხინო, წაჩხური). მდებარეობს მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე გაშლილ ვაკე-ბორცვიან სივრცეზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ეკვრის სოფლები გაჭედილი და ბალდა, ხოლო ჩრდილოეთით ნობულევი. სამხრეთ-დასავლეთით დიდი ჭყონისა და ტალერისაგან ჰყოფს ტეხური. ზღვის დონიდან 250 მეტრზეა. მარტვილიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.

სოფელი
სალხინო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი სალხინო
კოორდინატები 42°30′38″ ჩ. გ. 42°20′38″ ა. გ. / 42.51056° ჩ. გ. 42.34389° ა. გ. / 42.51056; 42.34389
ცენტრის სიმაღლე 250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1335[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1335 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1163 563 600
2014[1]   1335 663 672

ლევან დადიანის სასახლე

რედაქტირება
 
სალხინოს რეზიდენცია

სოფელში დგას ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდინარე წაჩხურას ნაპირზე. 1825-1826 წლებში იქ უბრალო ხის ოდა იდგა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა აქ სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს ზუგდიდის მსგავსად თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.

სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული.

 
„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა... სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“
(იონა მეუნარგია)

ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II