დადიანების სამთავრო რეზიდენციები
დადიანების სამთავრო რეზიდენციები — სამეგრელოს მთავრების სასახლეები დასავლეთ საქართველოში.
ზუგდიდის სამთავრო რეზიდენცია
რედაქტირებაზუგდიდის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც მოიცავს დადიანების კუთვნილ ორ სასახლეს, კარის ეკლესიას და ბოტანიკურ ბაღს. მთავარი — დედოფლისეული — სასახლე აშენდა (იონა მეუნარგიას ცნობით კი — განახლდა) XIX ს. 70-იან წლებში არქიტექტორ ე. რაისის პროექტით. წარმოადგენს XIX საუკუნის ევროპაში გავრცელებული გოტიკური სტილიზაციის ნიმუშს. ამავე დროს გამოყენებულია ქართული, ისლამური და რუსული არქიტექტურის ცალკეული ელემენტები.
მოგვიანებით, 80-90-იანი წლებში, აშენდა დადიანის მეორე სასახლე. ცნობილი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დასასვენებლად 1830 წელს აშენდა კარის ეკლესია („საბორო“). ეკლესიაში აგრეთვე დაცული იყო დადიანების საგვარეულოს უმთავრესი სიწმინდე – ღვთისმშობლის სარტყელი. კომპლექსის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ბოტანიკური ბაღი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა აღადგინა (ყირიმის ომის დროს, 1856 წელს ოსმალთა შემოსევის გამო ბაღი მთლიანად განადგურებული იყო). 1921 წელს აქ გაიხსნა მუზეუმი. მას თავდაპირველად „სამეგრელოს მუზეუმი“, შემდგომში — ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ზუგდიდის ისტორიული, 2005 წელს კი დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ეწოდა.
გორდის სამთავრო რეზიდენცია
რედაქტირებაგორდის სასახლე (ხონის მუნიციპალიტეტი), დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, რომელსაც მნიშვნელობით მეორე ადგილი ეკავა ზუგდიდის სასახლეთა კომპლექსის შემდეგ. მისი განახლება გორდელი ჩიქოვანების გადადიანებას უკავშირდება. ლევან V დადიანის დროს გორდში უბრალო ოდა მდგარა, რომელშიც სამეგრელოს მთავრები მხოლოდ ნადირობის დროს ჩერდებოდნენ ხოლმე.
იონა მეუნარგიას ცნობით, XIX საუკუნის 40-იან წლებში სამეგრელოს მთავარს დავით დადიანს თავისი სიმამრის ალექსანდრე ჭავჭავაძის რჩევით და არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის პროექტით ციხე-დარბაზის ტიპის ორსართულიანი სასახლე აუშენებია; იქვე, ტყე-პარკის გასაშენებლად ქ. ტრიესტიდან ცნობილი აგრონომ-დეკორატორი ჟოზეფ ბანინი და მებაღეები, ძმები გაეტანო და ჯიევანი ზამბერლეტები მოუწვევიათ. რამდენიმე წელიწადში 80 ჰა-ზე გაშენებულ ტყე-პარკში 15 ჰა ყვავილნარსა და უცხოეთიდან ჩამოტანილ დეკორატიულ მცენარეებს ეკავა. პარკს ირგვლივ ერტყა ეტლებისთვის განკუთვნილი სასეირნო ხეივანი, რომელიც უნიკალური ჯიშის ხეებით იყო გაშენებული.
გორდის სასახლის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ 1856 წელს სამეგრელოში ომარ-ფაშას შემოჭრისას სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა სამხედრო შტაბი აქ გადმოიტანა. 1854 წელს დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ გორდის სასახლესა და ბაღს მისი ვაჟი ნიკო დადიანი პატრონობდა. 1903 წელს ნიკოს გარდაცვალების შემდეგ კი ტყე-პარკის ეგზოტიკური მცენარეებით გამდიდრება შეწყდა, რის გამოც იგი თანდათანობით გაპარტახდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გორდის სასახლეში წითელი არმიის ნაწილები დაბანაკდნენ, 1922-1923 წლებში კი ფოსტა გაიხსნა. 1925 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით, მთავართა კარ-მიდამო დაუნდობლად გაძარცვეს და ააოხრეს.
სალხინოს სამთავრო რეზიდენცია
რედაქტირებასალხინოს სასახლე (მარტვილის მუნიციპალიტეტი). მას მნიშვნელობით მესამე ადგილი ეკავა (ზუგდიდისა და გორდის რეზიდენციების შემდეგ). მდებარეობს მდინარე წაჩხურის ნაპირას. სამეგრელოს მთავრებს სალხინოში უბრალო ხის ოდა ჰქონდათ, რომლის სანაცვლოდ ლევან V დადიანმა ქვის ორსართულიანი სასახლე ააშენა.
სასახლემ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის სალომე დადიანი-მიურატის დროს მიიღო, როდესაც პრინცესა სალომეს დედამისის — ეკატერინე დადიანი-ჭავჭავაძის — გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით სალიპარტიანო ერგო. სასახლის გვერდით დღესაც დგას სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის მიერ 1782 წელს აშენებული ეკლესია. სასახლის ქვედა სართულის შუაგულში ჩატანებული უზარმაზარი ქვევრის გარშემო, დარბაზში გამართული იყო მუხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოჩუქურთმებული თაღით, რაც სავსებით ამართლებდა თავის სახელწოდებას „სალხინო“. იონა მეუნარგიას სიტყვებით, „ამგვარი სასახლის აშენების აზრი უნდა მოსვლოდა ისეთ მთავარს, რომელსაც მთელი სიცოცხლე ლხინში და სიმღერაში გაუტარებია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 249-250.
- ზუტნერი ბ., ქართველებთან საქართველოში, თბ., 1996;
- კალანდია გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006;
- ლამბერტი არქანჯელო, სამეგრელოს აღწერა, თარგმ. ა. ჭყონიასი, თბ., 1938;
- მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, თბ., 1939.