ჩიქოვანები
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჩიქოვანები ასევე ჩიქვანები — ლეჩხუმის დიდგვაროვანი და მმართველი საგვარეულო. ჩიქოვანების გვარი სათავეს იღებს სვანეთიდან. საუკუნეების წინ, გვარმა მიგრაცია განიცადა ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში. ჩიქოვანების გვარის ერთი შტო, რომელიც 1704 წლიდან ფლობდა სამეგრელოს მთავრების — დადიანების ტიტულს უკავშირდება სოფელ გორდს და ზოგადად ლეჩხუმის სამოურავოს.
გორდელი კაცია ჩიქოვანი, იმერეთის სამეფოს ვაზირი, აღზევდა ლევან III დადიანის დროს 1661-1680 წლებში. კაციას, იმერეთის მეფემ ბაგრატ IV-მ, ვაზირობა მისცა, ამასთან ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალევე, კაცია იკავებს სამეგრელოს მთავრის კარის „უფროსობას“. დადიანმა კაციას სალიპარიტიანო მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი ლიპარიტიანად აღიარა. ჩიქოვანის გაძლიერებას ხელი შეუწყო იმერეთის მეფესა და დადიანს შორის ჩამოვარდნილმა დაპირისპირებამ ლეჩხუმისათვის. კაციამ ისარგებლა დაპირისპირებით და დაიწყო სამეგრელოს თავადების და თვით კარის დიდებულების შევიწროება. 1704 წელს კაციას ინიციატივით მისი შვილიშვილი კაცია I, დადიანად აკურთხეს და იგი ოდიშის სამთავროს ახალ (დადიანთა) დინასტიას ჩაუდგა სათავეში.
ვამეყ III დადიანის დაღუპვის შემდეგ, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დასუსტდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს კარზე დაწინაურდნენ ლეჩხუმის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები — ჩიქოვანები. XVII საუკუნის მიწურულში გიორგი ჩიქოვანმა განიმტკიცა სამთავრო ტახტი და მთავართა ახალი დიანტიას ჩაიყარა საფუძველი. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს დასუსტებით ისარგებლეს აფხაზმა ფეოდალებმა, რომელმაც XVII საუკუნის 90-იან წლებში ხელთ იგდეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ტერიტორია მდინარე ენგურამდე. გიორგი IV დადიანმა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა. საზღვარი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსა და აფხაზეთის სამთავროს შორის გავიდა მდ. ღალიძგაზე.
გადადიანებული ჩიქოვანები ოდიშის სამთავროს და ლეჩხუმის სამოურავოს 1680-1857 წწ-ში ფლობდნენ (პერიოდული ცვლილებებით).
კაციას ჩიქოვანის ძმა, ევდომოს ჭყონდიდელი, იყო მარტვილის მთავარეპისკოპოსი. მარტვილის მონასტერს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში. ამ მონასტერმა თავის დროზე, გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით, ფასდაუდებელი როლი შესრულა დავით აღმაშენებლის აღზრდაში.
ჩიქოვანების გვარის ამ შტოს გადადიანებაში, ბაგრატ IV-ის გარდა თავისი წვლილი შეუტანია სამეგრელოში ევდომოს ჭყონდიდელის ავტორიტეტს.
გორდში დადიანების სასახლის ბოლო სახლთუხუცესი იყო — დიმიტრი კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1863-1937). დიმიტრის სამი ვაჟი შეეწირა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. თავად დიმიტრისაც 1937 წელს, 74 წლის ჭარმაგ მოხუცს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრეტა მიუსაჯა.
დიმიტრის დიდი ბაბუა — ბეკო (1780 - ?), იყო ამ მამულის დამფუძნებელი. ბეკოს ჰყავდა 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ერთ-ერთი შვილთაშვილი იყო დიმიტრი, რომელსაც 16 შვილი ჰყავდა. სამწუხაროდ, დღეისათვის, ჩიქოვანების ამ ძირძველ შტოს, გვარის გამგრძელებლად ჰყავს მხოლოდ ორი ახალგაზრდა: დიმიტრი თამაზის ძე და პაპუნა უჩას ძე.
გასული საუკუნის 30-იან წლების ბოლოს, როდესაც რეპრესიების გამო ძალიან გაუჭირდა ამ მამულს, მას ბათუმიდან მხსნელად მოევლინა ქალბატონი ოლია (დომნა) გოგელია, უჩა დიმიტრის ძის მეუღლე. სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა ამ მამულის სიცოცხლის შენარჩუნება. იგი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა საღი აზრი და არაჩვეულებრივი იუმორი. როგორც თავად ამბობდა შრომამ გააძლებინა ამდენი ხანი. ამის დამადასტურებელი იყო მის დაკოჟრილი ხელები. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა სტუმრების მიღებას. ალბათ იმიტომ, რომ სტუმრიანობა, მისთვის იყო თავისი შრომითი მიღწევების გამოფენა. მისი სული ალბათ დღესაც გახარებულია, მის მაგალითზე აღზრდილმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა შეინარჩუნეს ეს ტრადიცია.
გადადიანებული ჩიქოვანები ოდიშის სამთავროს ტახტზე:
1691 წელს სამეგრელოს ტახტზე ადის გიორგი ლიპარტიანი (ჩიქოვანთა, ანუ ჩიქვანთა გვარიდან) | |
1691-1704 და 1710-1715 | გიორგი IV ლიპარტიანი |
1704-1710 | კაცია I |
1715-1728 | ბეჟანი |
1728-1758 | ოტია |
1758-1788 | კაცია II |
1788-1792, 1795-1802 და 1803-1804 | გრიგოლი |
1792-1795 | მანუჩარ II |
1802-1803 | ტარიელი |
1804-1840 | ლევან V |
1840-1853 | დავითი |
1853-1857 | ნიკო |
1804 წლიდან სამეგრელო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა, ხოლო 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით საბოლოოდ იქნა გაუქმებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით კოპალიანი „ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან“, ქუთაისი. 2002 წ.
- მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. III ტომი, გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
- ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, ტ. 3;
- ბერძენიშვილი ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
- ინგოროყვა პ., რუსთაველიანას ეპილოგი, თხზ. კრ., ტ. 1, თბ., 1963;
- სოსელია ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
- ბერაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 329, თბ., 1978
- აკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810), ტფ., 1922;
- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
- სოსელია ო., ქსე, ტ. 11, გვ. 142, თბ., 1987
- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 163, თბ., 1978 წელი.
- ოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
- ქსე, ტ. 5, გვ. 444, თბ., 1980
- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 311, თბ., 1977 წელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მარტვილის მონასტერი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, 15 მაისი 2021