ღვთისმშობლის სარტყელი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი – ჩამოტანილი იყო ბიზანტიის სამეფო ქალაქში.ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას, იერუსალიმში, კეთილმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახებში ინახებოდა შთამომავლობით.ძვირფას კიდობანში მოთავსებული სიწმინდე დააბრძანეს ყოვლადწმინდა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ე.წ. "ხალკოპრატიის" ადგილას, ანუ სპილენძის სავაჭრო ადგილას.მონასტერი თეოდეოსი მცირემ დააფუძნა. მრავალი წლის შემდეგ, ლევ ბრძენის მეფობის დროს, დედოფალი ზოია შეეპყრო ბოროტ სულს. იგი ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით განიკურნა.
გამოცხადებით ეუწყა მას ღვთისმშობლისაგან, რომ როგორც კი შეეხებოდა სარტყელს განიკურნებოდა.
ამის შემდეგ წმინდა სარტყელის დიდების დღე აღინიშნება 31 აგვისტოს. სამეფო ქალაქში სარტყელი ზუსტად როდის მოიტანეს უცნობია. ერთ სვინაქსარში აღნიშნულია, რომ იუსტინეს მეფობის დროს ილიას საეპისკოპოსოდან არის მოტანილი, მეორეში კი – იერუსალიმიდან იმპერატორ არკადიის (395-408) მეფობის დროს.
სარტყლის ნაწილები ინახება ათონის ვატოპედის მონასტერში, ტრირის მონასტერში და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში.