შეფიცულთა რაზმი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შეფიცულთა რაზმი — პარტიზანული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში 1922 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღსადგენად.
რაზმის შექმნის იდეა
რედაქტირება1921 წლის თებერვალში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ ქართულმა მხედრობამ პარტიზანული ბრძოლები წამოეწყო დამპყრობლებისა წინააღმდეგ. ამ საქმისთვის სათავეში ჩადგომა პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალეს, როგორც გამოცდილ სამხედროს. ეს საკითხი თბილისში ყოფნისას განიხილეს კიდევაც გენერალმა კოტე აფხაზმა და ქ. ჩოლოყაშვილმა. წინააღმდეგობის ფრონტის ბაზად მომავალმა შეფიცულებმა გადაწყვიტეს რომ კახეთი აერჩიათ და შედეგად, ისინი დაბანაკდნენ ყვარელში, წინამძღვრიანთ კარის საბაღოსნო სკოლის შენობაში.
ამ პერიოდიდან მოყოლებული იწყება ზრუნვა ფარული ორგანიზაციების შექმნაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით. მოსახლეობაში გავრცელებულმა ხმებმა, რომ ჩოლოყაშვილი პარტიზანულ რაზმებს აყალიბებსო, ხალხმა სიხარულით მიიღო და ადგილობრივი მკვიდრნი ყველანაირად ხელს უმართავდნენ მათ. ყოველივე ამას 1921 წლის ივლისში აკეთებდნენ სრულიად საიდუმლო ვითარებაში. ყოველ სოფელში დანიშნული იყვნენ ათისთავები და ასისთავები (თანამედროვე სამხედრო ტერმინოლოგიით ათმეთაურები და ასმეთაურები). დანარჩენ საქართველოში, სადაც პარტიზანებს ხელი არ მიუწვდებოდათ ჩოლოყაშვილი აგზავნიდა სანდო პირებს და ამგვარად ამყარებდა მათთან კავშირს.
გარდა ამისა, თბილისში ჩამოყალიბდა პარიტეტული კომიტეტიც, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი მეთაურობდა. ეს კომიტეტი კოორდინაციას ახდენდა საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც მუშაობა არ შეეძლოთ პარტიზანებს. საკმაოდ მოკლე ხანში ფარულმა ორგანიზაციებმა მოიცვა არა მარტო მთელი კახეთი, არამედ დუშეთისა და გორის მაზრებიც. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც, სადაც ოფიცერთა ნაწილი, რომელიც მოჩვენებითად კომუნისტებისადმი ლოიალობას იჩენდა, ხოლო სინამდვილეში, ამბოხებისათვის რაზმების ჩამოყალიბებით იყო დაკავებული.
რაზმის ტყეში გაჭრა
რედაქტირება1922 წლის თებერვალში უკვე ჯარიდან ოფიციალურად წასულ ქაქუცა ჩოლოყაშვილს სიღნაღის მაზრის ერთ-ერთ სოფელში გარკვეული შეხლა-შემოხლა მოუხდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან და ამის გამო, იგი დაატუსაღეს. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც სიღნაღის რევკომში მიღებული ჰქონდათ საიდუმლო ბრძანება, რომ თუ სადმე გამოჩნდებოდა ქ. ჩოლოყაშვილი, იგი უნდა დაეპატიმრებინათ და დაუყოვნებლივ თბილისში გადაეგზავნათ. იმ პერიოდში სიღნაღის რევკომში მსახურობდა კაპიტანი დათა გომელაური, რომელმაც ჩეკაში მიღებული ბრძანება სასწრაფოდ გადამალა და ქაქუცას დაპატიმრების ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა მის მეგობრებს. იმავე ღამეს, რევკომს თავს დაესხა ექვსი ადამიანი, განაიარაღეს კომუნისტების მილიციონერები, ცოტაოდენ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და ჩოლოყაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ორიოდე დღის შემდეგ ეს შვიდეული ალვანის თავის ტყეებში დაბანაკდა.
პარტიზანებს ბაზად საიმედო ადგილი სჭირდებოდათ, სადაც შეძლებდნენ შიკრიკების მეშვეობით მოკავშირეების საქმის კურსში ჩაყენებას და ახალი წევრებით. ამ თვალსაზრისით არჩეულ იქნა პანკისის ხეობა, სადაც მათ მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიც და მოკავშირეებიც. პარტიზანებმა ბინა დაიდეს ხეობის სათავეებში მდებარე ვრცელ ტყეში, საიდანაც საცხენოსნო გზა გადის კავკასიონის ქედისკენ. ამ ადგილებში მათ დიდ ხანს მოუხდათ დარჩენა. იმ მიდამოებში ქისტების რამდენიმე სოფელია, რომლებიც დიდ მხარდაჭერას უწევდნენ და ყოველნაირად ეხმარებოდნენ მათ.
რაზმის შეფიცვა
რედაქტირებაამასობაში, მთელ საქართველოში გავარდა ხმა, ქაქუცა საბრძოლველად გავიდაო. 1922 წლის მარტში, აღდგომა დღეს პარტიზანები აღნიშავდნენ დღესასწაულს და ჰყავდათ სტუმრები, უაღრესად სანდო პირები და მოკავშირეები, რომელთა შორის იყო ხევსური დიმიტრი ჭინჭარაული, რომელსაც ადგილობრივები ბაბოს ეძახდნენ. სააღდგომო ნადიმზე დიმიტრიმ, რომელიც ფრიად განსწავლული კაცი იყო, მიმართა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით:
„”დღეს ჩვენ ვუქმობთ ბრწყინვალე საქრისტიანო დღეს, აღდგომას, და მასთან ერთად ბრძოლის დასაწყისს წმინდა საქმისათვის. აი, ამ მთებში ბალახმა აიტანა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ დაქნილი ბილიკები. რუსეთის უსამართლობას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვითომდა მოყვრულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც. შენ, ქაქუცაო, შენა გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ალექსანდრე ბატონიშვილის ნათელი ბილიკები. თქვენ, რაზმელებო, ალბათ გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი თავის ირგვლივ. თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ეს არის ჩვენი მთავარი მტერი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ. ჩვენი წინაპრების თავგანწირული ღვაწლის მეოხებით კიდევ ღვივის საქართველოს ნაპერწკალი. ჩვენ არ უნდა ჩავაქროთ ეს ნაპერწკალი. დღეს თქვენზეა დამოკიდებული ამ ნაპერწკლის გაღვივება. მაშ გაუმარჯოს დიდი თამარის და ერეკლეს საქართველოს!”“
|
ამას შემდეგ, დ. ჭინჭარაულმა რაზმის წევრები ხევსურული წესით დააფიცა და სწორედ ეს მომენტი მიიჩნევა შეფიცულთა რაზმის დაარსების ოფიციალურ თარიღად. ამ დროისათვის შეფიცულთა შეიარაღებული რაზმი თითქმის ოც კაცს ითვლიდა, რომელთა შორის იყო რამდენიმე ქისტი პანკისის ხეობიდან.
ანტიკომუნისტური ოპერაციების დაწყება
რედაქტირებაკომუნისტები ერთი წამითაც არ წყვეტდნენ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას და ამ მიზნით ძალებს არ იშურებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებთან საბრძოლველად. ამის გამო, შეფიცულთა რაზმს ხშირად უხდებაოდა ადგილმდებარეობის შეცვლა. ერთხელაც, ბაზირების ადგილცვლისას შეფიცულთა რაზმი გზაზე გადაეყარა მილიციონერებს, რომლებიც ალყას არტყამდნენ მათ. ურთიერთსროლის შედეგად კომუნისტებმა დაკარგეს ახმეტის რაიონის კომისარი, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
ახმეტის ინციდენტის შემდეგ რაზმმა არაერთი ადგილი შეიცვალა, თუმცა დიდი ხნით არსად გაჩერებულან, ვინაიდან კომუნისტებმა გააძლიერეს ქაქუცას მომხრეების ძებნა. შემდგომში შეფიცულები დაბანაკდნენ ყარაღაჩის ტყეებში, დედოფლისწყაროს მახლობლად.
ძალიან მალე, სიღნაღის მაზრაში მთავრობამ შექმნა თითქმის სამოცკაციანი რაზმი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მილიციონერებისგან და კომუნისტებისგან და დაიწყეს ქაქუცას რაზმის გამალებული დევნა. პარალელურად, პარტიზანებიც ცდილობდნენ ამ დაგეშილი კომუნისტების მომწყვედევას. ერთკვირიანი ურთიერთდევნა დასრულდა იმით, რომ შეფიცულთა რაზმმა უზუნდარას ხევში ხელსაყრელ პოზიციაში იგდო სოფელ დედოფლისწყაროსკენ მიმავალი მოწინააღმდეგე. კომუნისტები ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი, ხოლო შეფიცულები ქვეითად იყვნენ. მალე სროლაც ატყდა. ამ ბრძოლაში პარტიზანთაგან მონაწილეობდა 21-22 ადამიანი, რომლებმაც მალე დაამარცხეს საგანგებოდ შექმნილი რაზმი.
უზუნდარას ხევის შეტაკების შედეგად შეფიცულთაგან დაიჭრა ვ. ვაჩნაძე, ხოლო მსხვერპლი არ ყოფილა. მოწინააღმდეგეთაგან დაიხვრიტა 6 თუ 7 ადამიანი; დაიჭრა 4 თუ 5; 10-12 კაცი ბრძოლისას დაიხოცა, ხოლო დანარჩენები ტვედ ჩაბარდნენ შეფიცულებს. ქაქუცამ ტყვეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ”ჩვენ რუსებს ვებრძვით; ქართველ ხალხს თუ კომუნიზმი სურს, ჩვენ არ დავუშლით, ოღონდ რუსის ჯარი გაიყვანონ; საქართველო დამოუკიდებელი უნდა იქნეს; ამიტომ, ნუ შეხვალთ მილიციასა თუ პარტიაში; აი, ხომ ხედავთ, დღეს ჩვენ, ქართველები, ერთმანეთსა ვხოცავთ; რისთვის? ნუთუ იმისათვის, რომ რუსეთის ინტერესები დავიცვათ?..” ამის შემდეგ პარტიზანებმა იარაღაყრილი ტყვეები გაათავისუფლეს.
ამის მიუხედავად კომუნისტებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. იმ დროისათვის თუქურმიშაში რუსის ჯარის ბატალიონი იდგა და თუ აქამდე შეფიცულებს მხოლოდ მილიცია დასდევდა, ახლა რამდენიმე ასეულმა შეუკრა მათ გზები, რომ თელავის მაზრისკენ არ გაეშვათ.
იმავე ხანებში დააპატიმრეს არჩილ ვაჩნაძე, რომელიც ბევრი სტანჯეს კომუნისტებმა და ბოლოს დახვრიტეს. ასევე დააპატიმრეს სუსლიკა ანდრონიკაშვილი, რომელიც ბევრი აწამეს და მაინც მისგან ვერაფერი გაიგეს. შულმანთან მორიგი დაკითხვისას, ანდრონიკაშვილმა კედლიდან ლურსმანი ამოაძრო და საქართველოში განთქმულ ჯალათს ყელში გაურჭო. შულმანის ყვირილზე კარისკაცები შეცვივდნენ ოთახში და იგი ადგილზევე მოჰკლეს.
ამასობაში რუსებმა ფეხი მოიდგეს საქართველოში და ხელი მიჰყვეს ღვთისმგმობელობასა და მკრეხელობას. ქართული ეკლესიები ჯერ გაძარცვეს, ხოლო შემდეგ ისინი კომკავშირის დარბაზებად, საწყობებად, აბანოებად აქციეს. წინანდლის, ქვემო ხოდაშნის და კისისხევის რაიონებში იყო ერთი კომისარი, ვინმე ბულიაშვილი, რომელიც ხშირად აფორიაქებდა მოსახლეობას. ამ რაონებიდან ხშირად მიდიოდნენ ქაქუცასთან და მას დახმარებას სთხოვდნენ, რომ როგორმე მოეშორებინათ ეს ადამიანი. კომისარს და მის თანაშემწეს ხალხის თანდასწრებით გამოჰქონდათ ეკლესიებიდან ხატები, საეკლესიო წიგნები, მღვდლის სამოსელი და მათ თვალწინ სწვავდნენ წმინდა ნივთებს. ერთხელ მან განაცხადა, რომ ეკლესიის გუმბათიდან ჩამოხსნიდა ჯვარს და დღეც დანიშნა საამისოდ. ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობეს ქაქუცას. დათქმულ დღეს ბულიაშვილი იარაღებით აძვრა ეკლესიის გუმბათზე ჯვრის მოსახსნელად და სწორედ იმ მომენტში, ჩასაფრებულმა შეფიცულებმა მოახდინეს რჯულის მგმობელი კომუნისტის ლიკვიდაცია. ამ ამბავმა ფრიად გაახარა არა მხოლოდ იმ რაიონების, არამედ თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობა.
1922 წლის აგვისტოში შეფიცულთა რაზმი დუშეთის მაზრაში ტრიალებდა, საიდანაც მათ მოულოდნელად მოუწიათ. ამის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ შეფიცულთა ბანაკიდან დიდი მოშორებით შალიკო კანდელაკი წააწყდა ძაღლით მოსეირნე რუს ჩეკისტს, რომელიც სავარაუდოდ მათ დასაზვერად იყო გამოსული. კანდელაკმა ჩეკისტი თავის ძაღლთან ერთად მიაკლა და ამის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ თავიანთი ადგილსამყოფელი შეეცვალათ.
ამასობაში შიფიცულთა რაზმი გაიზარდა და მისი რაოდენობა 65 კაცამდე აღწევდა. აგვისტოს დასაწყისისთვის ამბოხება მზადდებოდა ხევსურეთში და პარტიზანებმა იქითკენ გასწიეს. გზად მაღაროსკარში, ვაჟა-ფშაველას მიერ დაარსებულ სკოლაში შეჩერდნენ. კომუნისტებმა მალე მიაგნეს მათ კვალს და ამ მიდამოებში ცხარე სროლა ატყდა. ამ შეტაკებისას შეფიცულებმა მოკლეს ავლაბრის კომისარი და კიდევ ორი მილიციონერი, ხოლო დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. კომუნისტების მდევარისგან მოკლული იქნა 15-დან 20 კაცამდე; 10-12 დაიჭრა; ხოლო ტყვედ ჩაიგდეს 15 თუ 18 მათგანი. ამ ბრძოლაში 65 შეფიცულის წინააღმდეგ იბრძოდა 250 ადამიანი, რომელიც იყო ნარევი კომუნისტების, ორი მწყობრი რუსის ჯარის და ავლაბრის კომისრისა თავისი მილიციით.
ამ ბრძოლის შემდეგ შეფიცულებმა უმალ შეიცვალეს ადგილი და უფრო ზევით, ორწყალისკენ ავიდნენ, სადაც ხევსურეთის და ფშავის არაგვი ერთდება. იქვე მათ დახვრიტეს ტყვედ აყვანილი 6 ჩეკისტი და იმავე დღეს, ისინი ხევსურეთისკენ გაემართნენ. შეფიცულები დაუბრკოლებლად ჩავიდნენ ხევსურეთის პირველ სოფელ ბარისახოში და იქვე დაბანაკდნენ.
ხევსურეთის აჯანყებისთვის მზადება
რედაქტირებასავარაუდოდ, ხევსურეთის აჯანყება 6 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ამის თაობაზე თითქმის მთელი ხევსურეთი იყო ინფორმირებული და შეფიცულებს ყოველ სიფელში ჰყავდათ ათისთავები და ასისთავები. ამასობაში რუსის ჯარმა შეტევა მიიტანა მაღაროსკარზე, რომელსაც რამდენიმე შეფიცული იცავდა. გეგმის თანახმად, ბრძოლის მსვლელობისას, შეფიცულებს თანდათან უკან უნდა დაეხიათ და ამ გზით, არაგვის ხეობაში უნდა შემოეტყუებინათ ისინი. ეს ბრძოლა ორ-სამ დღეს გაგრძელდა და მოულოდნელად რუსებმა, ერთ ღამეს უკან დაიხიეს და ბარში დაბრუნდნენ. ამ შესვენებით ისარგებლეს შეფიცულებმა და ხალხი აფრინეს შატილში რომ დასახმარებლად ჩეჩნებს მოლაპარაკებოდნენ. ისინი გადავიდნენ სოფელ ჯარეგოში (ჩეჩნეთი) და ადგილობრივ თავკაცებს მოელაპარაკნენ. შატილში დაბრუნებისას მათ დახვდათ ქაქუცას წერილი, რომ უკან დაებრუნებინათ ქისტების რაზმები, ვინაიდან აქ ყველაფერი წახდაო.
ხევსურეთის აჯანყებას დიდძალი ჯარით შეებნენ რუსები, მაგრამ შეფიცულებს ბარმა უღალატა, რომელსაც შეთანხმების თანახმად ზურგიდან უნდა დაერტყათ. ხანდაკის ხეობაში თავმოყრილნი იყო 300-400 მეამბოხე, რომელთა სათავეში იდგნენ სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელი და ოფიცერი ყარალაშვილი და კიდევ ორი სხვა პირი. შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა მუსხელიშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა სოციალ-დემოკრატებს კოწია არდიშვილის მეშვეობით, რომელმაც თავის მხრივ სოცდეკების წარმომადგენელს ექიმ ცინცაძეს მიმართა, რომ მსგავსად სხვა პარტიებისა, იმათაც პოლკოვნიკ მუსხელიშვილის განკარგულებაში გადაეცათ თავიანთი რაზმები, მაგრამ ცინცაძემ ვერ გასცა ერთპიროვნული პასუხი და თავის პარტიაში დასვა ეს საკითხი. იქ, საქმე კენჭისყრაზე მიდგა და დიდი ბჭობის შემდეგ პარტიამ უარი განაცხადა გამოსვლებში მონაწილეობის მიღებაზე. ვიდრე არაგვის ხეობაში ქართული სისხლი იღვრებოდა რამდენიმე დღე გრძელდებოდა ხსენებული მოლაპარაკებები და კენჭისყრები... ამასობაში, სოცდეკებმა ყველგან დაგზავნეს აგენტები, რომლებიც თავიანთი პარტიის წევრებს ატყობინებდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა უდროო გამოსვლებში. იგივე აგენტები დადიოდნენ ხანდაკის ხეობაში თავმოყრილ მეამბოხეებში და ეუბნებოდნენ: თუ ჩოლოყაშვილმა გაიმარჯვა, ეგ თავადია და მამულებს მაშინვე მემამულეებს დაურიგებსო. ამისთანა პროვოკაციით 300 თუ 400 კაცი ისე დაშალეს რომ ერთი თოფიც არ გაუსვრიათ.
ხევსურეთის აჯანყება ხელსაყრელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იმ მომენტისთვის საქართველოში იდგა მხოლოდ ათი ათასი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც მიმოფანტულნი იყვნენ მთელს ტერიტორიაზე. შტაბის უფროსი პოლკოვნიკი მუსხელიშვილი იყო მეამბოხეების მხარეს და ამბოხების გეგმა შედგენილი იყო მასთან ერთად. მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ იყო გაშლილი ორგანიზაციათა ქსელი. დასავლეთშიც კარგად იყო ორგანიზებული ეს საქმე და რაც ყველაზე მთავარია და საინტერესოც, მოსახლეობა იყო არნახულად მოწადინებული საბრძოლველად, ვინაიდან ისინი მიხვდნენ თუ რა უპატიებელი შეცდომა დაუშვა მთავრობამ, რომელმაც თითქმის უბრძოლველად დაუთმო ქვეყანა რუსებს. ხევსურეთის აჯანყებას ყველანაირი შანსი ჰქონდა, რომ წარმატებით დაგვირგვინებულიყო.
ხევსურეთის აჯანყების წარუმატებლობის შემდგომი პერიოდი
რედაქტირებააჯანყების წარუმატებლობის შემდეგ, რუსების და კომუნისტი ქართველებისგან ნარევმა რაზმებმა იწყეს ხევსურეთის მოსახლეობის აწიოკება და დარბევა. შეფიცულები კვლავ ტყეში გაიხიზნენ და მათი მომავალი, ამის მერე, ბუნდოვანი გახდა. ერთხელ, ქაქუცას მოულოდნელად ეახლნენ მისი ბიძა შაქრო ჩოლოყაშვილი და ბიძინა მაყაშვილი, რომლებმაც მას მთავრობის დანაბარები გადასცეს. ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი მოსვლა შეფიცულებთან. კომუნისტებს აინტერესებდათ, თუ რატომ გვებრძვის ჩვენ და რა უნდაო? მეორეც, წინადადებას შესთავაზეს, თუ საზღვარგარეთ წახვალ, ფულს რამდენსაც გინდა მოგცემთ და თუ არ გვენდობა, საზღვარზე გადასვლის დროს მოითხოვოს ვინმე მძევლად წასაყვანადო და გადასვლის მერე გაათავისუფლონო. ქაქუცამ მათ უპასუხა, რომ ქართველ ერს თუ მოსწონს ბოლშევიკური ხელისუფლება, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებითო და ისევე ვემსახურებით მათო, ოღონდ რუსის ჯარი გავიდეს და საქართველო დამოუკიდებელი იყოს. ”ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მანამდისინ შევძლებთ, და თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ დიადი საქმის შესრულება, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს”. ამ მოვლენის შემდეგ, კომუნისტები მიხვდნენ, რომ ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი არც იარაღს დაჰყრიდნენ და არც ბრძოლას შეწყვეტდნენ.
მატანში ცხოვრობდა ქაქუცას ბიძაშვილი ანეტა ჩოლოყაშვილი, რომელიც ყოველნაირად ეხმარებოდა შეფიცულებს წამლებითა და ჭრილობებისთვის საჭირო მასალებით. ერთ დღეს ანაზდაეულად, ეს ქალბატონი ჩეკამ დააპატიმრა. ბევრი წამების მიუხედავად მას ვერაფერი დააცდევინეს და 1922 წლის დამლევს იგი დახვრიტეს. ეს იყო მანდილოსნის დახვრეტის პირველი შემთხვევა საქართველოში.
1923 წლის სუსხიან ზამთარს შეფიცულთა რაზმმა ბინა დაიდო მატნის თავის ტყეებში მთაწმინდაზე. იმავე პერიოდში, რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, პოეტური ნიჭით დაჯილდოებულმა მიხა ხელაშვილმა განიზრახა ორიოდე დღით შინ დაბრუნება დედის და ნათესავების მოსანახულებლად. სანამ ხელაშვილი თავის სოფელში იმყოფებოდა, გაუგია, რომ დუშეთის მილიციის უფროსი თავისი მილიციონერებით მის სოფელში აპირებდა წასვლას და გადაუწყვეტია, რომ ეს საძაგელი პიროვნება მოეცილებინა. მან, სრულიად დამოუკიდებლად გზა შეუკრა მას და სროლა აუტეხა. ორი კაცი მოკლა ხელაშვილმა და თვითონაც დაიღუპა ამ შეტაკებაში.
ერთხელ, ერთმა მოკავშირემ შეფიცულებს შეატყობინა, რომ ახმეტის რევკომის თავმჯდომარე თიანეთში აპირებდა წასვლას. პარტიზანებს დიდი ხანია უნდოდათ მისი ხელში ჩაგდება, რადგან ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა აწიოკებული ჰყავდა და ხალხი ეხვეწებოდა მათ მის მოშორებას. მივიდნენ იმ გზაზე, რომელიც ახმეტიდან თიანეთში გადის და ჩაუსაფრდნენ. საღამოსკენ, ისინიც გამოჩნდნენ და გაუმართეს სროლა, რომლის შედეგად ერთი მილიციონერი მოკვდა, ორი დაიჭრა, ხოლო დანარჩენები გაიქცნენ და მიატოვეს ოთხთვალა, რომელშიც გადასახადებში აკრეფილი სოლიდური ფული აღმოჩნდა. როგორც ირკვევა რევკომის უფროსი იმავე საღამოთი მოდიოდა თავისი მილიციონერებით, მაგრამ სროლა რომ შემოესმათ, შეჩერდნენ და ამგვარად გადაურჩა იგი შეფიცულთა თავდასხმას.
მისია ჩეჩნეთში
რედაქტირებაზამთრის ბინიდან რაზმმა ახმეტის ტყეებში გადაინაცვლა. 1923 წლის აპრილში ქაქუცამ ჩეჩნეთში გაგზავნა ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც ადგილობრივ გავლენიან პირებს უნდა შეხვედროდა და მათი მეშვეობით შეფიცულებს განზრახული ჰქონდათ მთელ იმიერკავკასიელებთან კავშირის დამყარება. ხოლო ამგვარი საქმე, მხოლოდ ჩეჩნების საშუალებით იყო შესაძლებელი. ამგვარად ესტუმრა სულხანიშვილი ჩეჩნეთში განთქმული შეიხის შვილს ათაბეი უმაევს, რომელსაც გადასცა ქაქაუცას გამოტანებული წერილი. ერთ კვირაზე მეტ ხანს მოდიოდნენ დელეგაციები მახლობელი სოფლებიდან და სიამოვნებით უსმენდნენ უმაევს, კითხვებს უსვამდნენ სულხანიშვილს იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოეწყოთ აჯანყება 1924 წლისათვის და იხილავდნენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ნიუანსებს. შემდგომ, მიტაევი და სულხანიშვილი გაემგზავრნენ ურუს-მარტანში ალი მიტაევთან შესახვედრად. ამ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მიტაევმა საკუთარ თავზე აიღო მეზობელ ერებთან კავშირის დამყარება, რომელთა შორის ის დიდი გავლენით სარგებლობდა. ორიოდე კვირაში ქაქუცაც გადავიდა ჩეჩნეთში თავის ოთხ შეფიცულთან ერთად. ჩეჩნეთში ჩოლოყაშვილი შეხვდა ალი მიტაევს და გადაწყდა, რომ ოფიციალურად გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რისთვისაც თბილისიდან უნდა ჩამოსულიყო დამკომის თავმჯდომარე გიორგი წინამძღვრიშვილი. ამბოხების გეგმა უნდა შემუშავებულიყო თბილისში და შემდეგ, მას ჩრდილოკავკასიელ მეთაურებსაც გააცნობდნენ. შეთანხმების თანახმად, ამბოხება ერთდროულად უნდა დაწყებულიყო საქართველოში და იმიერკავკასიაში: რუსეთიდან არ უნდა გამოეშვათ ჯარები, აეყარათ რკინიგზის ლიანდაგები და დასცემოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ რუსის ჯარებს.
რაზმის მომთაბარეობა
რედაქტირებაამის შემდეგ, შეფიცულები შროშანის ტყეებში ბინადრობდნენ, გომბორის მთის ჩრდილოეთით, თელავის მაზრაში. გაჭირვებით და დიდი სირთულეებით გამოიზამთრეს მათ და არაერთი ბინა გამოიცვალეს ამ ხნის განმავლობაში, ვინაიდან კომუნისტები მათ მოსვენებას არ აძლევდნენ, თუმცა მნიშვნელოვან წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ.
1924 წლის გაზაფხულზე შეფიცულთა რაზმი უკვე დუშეთის ტყეებში ბინადრობდა. მიმდინარეობდა გამალებული მზადება მომავალი ამბოხებისათვის, რომელიც 17 აგვისტოსთვის იყო დანიშნული. კახეთში, თიანეთის, დუშეთის და გორის მაზრებში ხალხი კარგად ჰყავდათ დარაზმული ამბოხებისათვის და მხოლოდ დროის შეტყობინება რჩებოდა. ამასობაში, დამკომიდან ცუდი ამბები მოდიოდა, რაც გამოწვეული იყო პარტიათა შორის ქიშპობით და გაუთავებელი, უსაგნო დავა-კამათით. 1924 წლის იანვარში ჩეკამ დააპატიმრა სამხედრო კომისიის წევრი გიორგი ფაღავა. ერთი კვირის თავზე დაატუსაღეს ლ. ბელთაძეც. მისი ადგილი დაიკავა კახიანმა, რომელიც აპრილში დააპატაიმრეს. იგი ჯინორიამ შეცვალა. ასევე იანვარში დააპატიმრეს გიორგი წინამძღვრიშვილიც. ზახულში დააპატიმრეს გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი. ამ მიზეზთა გამო, აუცილებელი გახდა 17 აგვისტოსთვის დაგეგმილი ამბოხების გადადება. ამ მიზნით, დამკომმა ქაქუცასთან გამოგზავნა ს.ზალდასტანიშვილი, რომელსაც შემდგომ გამოირკვა, რომ მითითება ჰქონია მიღებული, რომ ისე წარემართა მოლაპარაკებები, რომ დაახლოებით აგვისტოს ბოლო რიცხვებში მომხდარიყო გამოსვლები. ქაქუცა დიდ უარზე იდგა, ვინაიდან ცუდი ადგილების გამო არასგზით არ შეიძლებოდა იმ მიდამოებში ამოდენა ხალხის შენახვა თითქმის ორი კვირაო, ამას გარდა, ყოველ მეამბოხეს მხოლოდ სამი გზის საგზალი ჰქონდა თან წამოღებული სახლიდან. ამისათვის, ქაქუცას აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ გამოსვლები შედგებოდა ოქტომბრის პირველი ნახევრის შემდეგ. მაგრამ დამკომის წარმომადგენელმა თავისი გაიტანა და გადაწყდა, რომ გამოსვლები აგვისტოს ბოლოს მომხდარიყო. 29 აგვისტო დაინიშნა გამოსვლების დღედ. ამ ხნის განმავლობაში მთალად შემოეფანტათ მოგროვილი ხალხი.
25 აგვისტოს რაზმში მივიდა ი.ჯავახიშვილი და მხოლოდ ერთი ღამე დარჩა მათთან და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. 27 აგვისტოს დამკომის მთელი შემადგენლობა მივიდა შეფიცულებთან პ.ანდრონიკაშვილის მეთაურობით. შეფიცულებმა ტყვია-წამლის მომარაგების მიზნით, რომელიც მათ ჰაერივით სჭირდებოდათ, გადაწყვიტეს, რომ დასცემოდნენ მანგლისის სამხედრო სასწავლებელს, სადაც ერთი ბატალიონი ჯარი იდგა სამას კურსანტთან ერთად.
1924 წლის აჯანყება
რედაქტირება29 აგვისტოს დილით შეფიცულებმა შეიტყვეს თავზარდამცემი ამბავი, რომელმაც ამბოხების გეგმაც ჩაშალა და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. აღმოჩნდა, რომ ერთი დღით ადრე ანუ 28 აგვისტოს გამოსულან ჭიათურაში. ნებით თუ უნებლიეთ, ეს იყო ნამდვილი ღალატი, ზურგში ლახვარის ჩაცემა. იმავე დილით, 29 აგვისტოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო შენიშნული პირების დაპატიმრებები და ადგილზევე დახვრეტა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში. ყველამ იცოდა, რომ გამოსვლები 29 აგვისტოს უდა დაწყებულიყო და საკვირველია იმ ჯგუფში, რომელიც 24 საათით ადრე გამოვიდა, არავის გახსენებია ეს მნიშვნელოვანი დეტალი. ჭიათურის გამოსვლები ორგანიზებული იყო სოციალ-დემოკრატების მიერ და მოგვიანებით, მათ აღიარეს კიდეც თავიანთი შეცდომა. ჭიათურის გამოსვლების შემდეგ, შეფიცულები დარწმუნდნენ, რომ ამბოხება წაგებული იყო და მაინც გადაწყვიტეს მანგლისზე დაცემა. 29 აგვისტოს შუაღამისსას მივიდნენ კურსანტების ყაზარმებთან, სულ 70-მდე ადამიანით. ამ ძალებით ისინი მიადგნენ ბატალიონს, რომ არაფერი ვთქვათ კურსანტებზე. სროლა ნახევარ საათს გაგრძელდა და შეფიცულთა მხრიდან დაიჭრა ერთი კაცი, კურსანტების მხრიდან დაიხოცა მრავალი ადამიანი. მანგლისზე დაცემის შემდეგ, ისინი დუშეთისკენ გაემართნენ პატიმართა გასათავისუფლებლად. ამ საქმეს, ისინი ადვილად გაუმკლავდნენ და მრავალი სიკვდილმისჯილი ტუსაღი გაათავისუფლეს.
ამბოხების წარუმატებლობის შემდეგ შეფიცულები გაშმაგდნენ და სადაც კი კომუნისტებს დაეცნენ ყველგან მძიმე ზიანი მიაყენეს მათ. მაგალითად, იმავე პერიოდში, სოფელ სვიმონიანთხევში ღამით თავს დაესხნენ კომუნისტების და მილიციონერების 160-კაციან რაზმს, რომელთაგან მრავალმა გაქცევით უშველა თავს. სოფელი სიხარულით შეხვდა განმათავისუფლებლებს.
მოლაპარაკების თანახმად, ამბოხების წარუმატებლობის შემთხვევაში შეფიცულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს დატოვება და სწორედ ამ გზას დაადგნენ ისინი. თიანეთის მაზრიდან შეფიცულებმა თელავის მაზრაში გადაინაცვლეს და ხევგრძელის ტყეებში დაიდეს ბინა. ჯაშუშმა ადგილობრივმა ოსმა, რომელიც შეფიცულებს ტყეში გადაეყარა, კომუნისტებს უჩვენა რაზმის ადგილი და ბრძოლის შემდეგ, ისინი იქაურობას გაეცალნენ. შემდგომში, ისინი გადავიდნენ ყარაიაზის ტყეში. შემდეგ ბორჩალოს მინდვრებზე. ამის შემდეგ, აღბულახის ტყეებიდან გეზი აიღეს თეთრიწყაროსკენ. შემდეგ თრიალეთის მიმართულებით გაეშურნენ. შეფიცულები თურქეთისკენ მიემართებოდნენ.
შეფიცულთა რაზმის ემიგრაცია
რედაქტირება1924 წლის სექტემბერში მათ გადალახეს საქართველოს საზღვარი და თურქეთში, სოფელ ზურზუნაში შევიდნენ. მეორე დღეს, ართვინში გადავიდნენ.