მანგლისი

დაბა საქართველოში

მანგლისიდაბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (მანგლისი, ალგეთი). დაბა მანგლისში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

დაბა
მანგლისი

მანგლისის საკათედრო ტაძარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°41′54″ ჩ. გ. 44°22′14″ ა. გ. / 41.69833° ჩ. გ. 44.37056° ა. გ. / 41.69833; 44.37056
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ცენტრის სიმაღლე 1200 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1441[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 88 %
სომხები 5 %
რუსები 4 %
ბერძნები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 359[2]
საფოსტო ინდექსი 2300[3]
მანგლისი — საქართველო
მანგლისი
მანგლისი — ქვემო ქართლი
მანგლისი
მანგლისი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მანგლისი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, თბილისი-წალკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1200 მ., თეთრიწყაროდან 45 კმ., თბილისიდან 63 კმ.

არის ზომიერად ნოტიო ჰავა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,9 °C იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი მშრალი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2,4 °C, ხოლო აგვისტოსი 18,6 °C. აბსოლუტური მინიმუმი -28 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 35 °C. ნალექები 770 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა 2000 საათი წელიწადში.

მდინარეები

რედაქტირება
 
ერთ-ერთი საცურაო ადგილი - ვანოჩკა (რუს. Ванночка)
 
მდინარე ალგეთი

მანგლისი მდებარეობს მდინარე ალგეთის მახლობლად. მდინარის სრული სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 763 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფ. ტბისიდან - ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდ. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფ. ქესალოს მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლიური ჩამონადენის დაახლოებით 45 %-ს შეადგენს წვიმის, 25 %-ს - თოვლის, 30 %-ს მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის თითქმის 48,1 % ზაფხულზე - 32,4 %, ზამთარში - 11,6 %, შემოდგომაზე - 7,9 %.

გარდა მდინარე ალგეთისა მანგლისის ხევებში არსებობს რამდენიმე მცირე ზომის მდინარე, თუმცა ისინი ძირითადად წვიმის შემდეგ ჩნდებიან. ხშირია მეწყრები ე.წ. „პალანას დასახლების“ გზაზე, რის გამოც ამ გზაზე ასფალტირებული გზის დაგება ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთ-ერთმა ამგვარმა მეწყერმა გამოიწვია მამა არსენის გამოქვაბულიდან გამავალი საიდუმლო გვირაბის ჩამონგრევა. მანგლისი-თონეთის გზაზე მიედინება მდინარე მუხურა, რომელზეც 1851 წელს აშენებულია ე.წ. „მუხრანის ხიდი“.

წყაროები

რედაქტირება
 
ერთ-ერთი წყარო პალანის დასახლებაში.
 
მანგლისის ერთ-ერთი წყარო - 9 ძმის ქუჩის შესახვევში.

მანგლისი გამოირჩევა მცირე წყაროთა სიმრავლით. წყაროთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა წყალუხვად 2 წყარო ითვლება - მანგლისის სიონის გვერდით მდებარე წყარო და 9 ძმის ქუჩაზე მდებარე წყარო. ამავდროულად ხევებსა და მთებზე უამრავი მცირე ზომის წყაროებია. ერთ-ერთი მათგანი ფიჭვის ჭალაში (დიდ როშაში) მდებარეობს. 1990-იან წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ამ ხევს ნაგავსაყრელად იყენებდა, თუმცა 2006 წელს ხევი ნაგვისგან გაიწმინდა და მასში განათება დამონტაჟდა. მანგლისის შემოგარენში ასევე უამრავი წყაროა - საკმაოდ წყალუხვია მამა არსენის გამოქვაბულთან არსებული წყარო. ბევრი წყაროა ე.წ. პალანის დასახლებაში და დასახლებასთან მიმავალ გზაზე. არსებობდა ასევე წყარო სოფელ ბუდიონოვკაში, ეკლესიის გვერდით, თუმცა ეს წყარო დაშრა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა მანგლისის ეტიმოლოგია ბოლომდე გაურკვეველია. ხალხურმა გადმოცემამ შემოინახა მანგლისის სახელის წარმოშობის 2 ვერსია - პირველი გადმოცემების თანახმად მანგლისთან მყოფ სოფელ კველთაში მანგლებს (თანამედროვე ქართულით ნამგლებს) ამზადებნდნენ, რის გამოც ახლოს მყოფ დასახლებას მანგლისი დაარქვეს; მეორე გადმოცემის თანახმად ადგილს მანგლისი ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის — მანგლისის სიონის მშენებლის — ვინმე მანგლის საპატივსაცეოდ დაარქვეს.[4] პროფესორ ლეონ მელიქსეთ-ბეგის აზრით სიტყვა მანგლისი მოდის სიტყვა ნამგალისგან. მისი ვარაუდით, სიტყვის ისტორია ამგვარად გამოიყურება - ნამგალი-ის-ინამგლ-ის-იმანგალ-ის-იმანგლ-ის-ი.[5] მისივე მოსაზრებით:

 
„ვითომდა ბერძნული „მონე ეკლეზიადან“ წარმომდგარი სახელწოდების ვერსია სრულად მიუღებეია.[5]

პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე ასევე ემხრობა ლეონ მელიქსეთ-ბეგის ვარაუდს. იგი წერს:

 
„სახელწოდება ნაწარმოებია -ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. მანგლ არის შეკუმშული ფორმა მანგალ ანუ ნამგალ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად მარცვალი-მარცვლის, სარდალი-სარდლის და სხვ.). მანგალ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესაც იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში „მ“ და „ნ“ ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ „ნამგალი“.[6]

არსებობს ქალაქის სახელწოდების წარმოშობის სხვა ვერსიაც. აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს:

 
„იყო ალგტომი, აქედან, ერთი მხრით მივიღეთ ალგეთ-ი, მეორე მხრით — ალგ-ის-ი, მ-ალგ-ისი, მან-გლისი... ე.ი. ალგეთი დარჩა ქვეყნის სახელად („ალგეთის ლეკვები“), ხოლო მანგლისი — პუნქტის სახელად და ამავე დროს ქვეყნის სახელადაც (მანჯა-ლის)[7]

არქეოლოგია

რედაქტირება

მანგლისისა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია პრეისტორიული ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. ამ ძეგლების გამოკვლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლეონ მელიქსეთ-ბეგს. მისი გამოკვლეულია ბედენის პლატოზე აღმოჩენილი შუაბრინჯაოს ხანის ყორღანები[4]. ამ ყორღანებში აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლო ძეგლები. ძეგლთა დიდი ნაწილი მშრალი, ე.წ. ციკლოპური წყობით არის აგებული. აღმოჩენილია ასევე ბრინჯაოს ხანის საფლავები „მადნის ჭალაშიც“[4]. მოსახლეობა საცხოვრებლად იყენებდა უძველეს ნაგებობებს - ე.წ. ლოდოვნებს. მანგლისის მახლობელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის მონეტებიც, რომლებზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახულნი[4]. ამ პერიოდში მანგლისის ტერიტორიაზე ორი სოფელი არსებობდა - ზემო და ქვემო ოძისი. მანგლისის ნეკროპოლში ასევე აღმოჩენილია ჩ. წ.-მდე IV საუკუნის სამაჯური. არქეოლოგიურ გამოკვვლევაში მონაწილე პროფესორი ლეონ მელიქსეთ-ბეგი წერდა:

 
„ზვემო ოძისის ადგილას არავითარ ძველ ნაშთს მოუღწევია ჩვენამდე; ზემო ოძისში კი ერთი საკმაოდ დიდი გვირაბის დანარჩომი და ყოფილი სოფლის სახლების კვალი ეტყობა. გარდა ამისა, სოფელ მოხისისკენ მიმავალი გზის პირად ახლაც არსებობს ერთი ნიში ხატით, ხოლო მის ქვემოთ, დიდი პლაცისა და მოხისის გზას შორის, ძველი სასაფლაოა, სადაც გარკვევით რამდენიმე აკლდამა ემჩნევა, რომელთაგან ზოგიერთი გათხრილ იქნა ჩემ მიერ წარსულ წელ და მათში აღმოჩენილი საგნები ჩამოტანილი ტფილისში.[8]

ამგვარი სასაფლაოები აღმოჩნდა ქვემო ჭალის გზაზე, რომლებიც თავიდან ალექსანდრე გრენმა გათხარა, ხოლო შემდეგ კიდევ ორი – ლეონ მელიქსეთ ბეგმა.

ადრე ანტიკურ ხანაში მანგლისის ადგილზე მნიშვნელოვანი დასახლება მდებარეობდა. მის დაწინაურებას ხელი შეუწყო გზამ, რომელიც შიდა ქართლს სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან აკავშირებდა. იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა. IV საუკუნეში აშენდა მანგლისის სიონი. მანგლისი და მანგლისის ხეობა მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში IV საუკუნეში. V საუკუნიდან გახდა საეპისკოპოსო ცენტრი. შემდეგომში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული ერთეული მანგლისის ხევი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 18 ერთეულიდან, რომლებიც დამოუკიდებლად დებდნენ ზავის პირობებს არაბებთან.[9] მანგლისის ხეოხევი მოიცავდა ტერიტორიას აღმოსავლეთით — დიდგორის და ბენდერ-ბენდენის მთის კალთებს, დასავლეთით — არჯევნის, იგივე კადკაია-კაჩკაიას ქედი და საკრისის მთას, სამხრეთით ბენდერის, იგივე ბედენის ქედს, ჩრდილოეთით კი დიდგორის ქედს შორის.[4] VII საუკუნის 50-იან წლებში მანგლისის ხევი კვლავ ქართლის ერთ-ერთი ცენტრი იყო. X საუკუნეში მანგლისი კლდეკარის საერისთავოში შედიოდა, XI საუკუნიდან უშუალოდ საქართველოს სამეფოს ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XV საუკუნიდან მოექცა საბარათიანოს შემადგენლობაში.

მანგლისში 1682 წლამდე მანგლისში ინახებოდა იმ ჯვრის ლურსმანი, რომელზეც ბიბლიური გადმოცემის თანახმად გააკრეს იესო ქრისტე.[10]გვია ფეოდალურ ხანაში გამუდმებული ომების შედეგად ალგეთის ხეობა დაცარიელდა და მანგლისმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. 1824 წლიდან მანგლისში იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.[11]XX საუკუნის დასაწყისში მანგლისი მოიცავდა სამ სოფელს: სერგეის სოფელი, რომელიც ცნობილი იყო ფიჭვნარით, გოლიცინი (ძველი მანგლისი) და საკუთრივ მანგლისი, სადაც ცხოვრობდნენ ვეტერანი ჯარისკაცები.[12] 1926 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა, ფეხსაცმლის ფაბრიკა, ბავშვთა სანატორიუმები, კინოთეატრი, 2 ბიბლიოთეკა, საავადმყოფო.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
თადარიგში გასულ რუს ვეტერანთა ფოტოსურათი[4]
 
ახალგაზრდა ეზიდი გოგონა მანგლისიდან.[13]
 
გრენადერთა პოლკის ოფიცრები.

სხვადასხვა დროში აქ ქართველების გარდა ცხოვრობდნენ სომხები, ოსები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.[4] მანგლისის განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობის გამო, ხშირი იყო დასახლებაზე თავდასხმა, რის გამოც ხშირად მანგლისის ტერიტორია დაუსახლებელი რჩებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დასახლება გაქრა და ეს ტერიტორია თურქმენული ტომების საძოვრებს წარმოადგენდა. მანგლისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთიდანაა ჩამოსახლებული.[4] მთებიდან მანგლისში ძირითადად მთიულები (XIII საუკუნიდან), გუდამაყრელები და ფშავლები სახლდებოდნენ. ლევან ბოჭორიშვილი მანგლისის ტერიტორიაზე მთიულთა ჩამოსახლების ორ ნაკადს გამოყოფს: „მორეკელები“ ანუ ბატონების მიერ ჩამოსახლებულები და საკუთარი ნებით დასახლებულნი.[14]

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მანგლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომრავლდა რაჭიდან და იმერეთიდან გადმოსახლებული ხალხი. XIX საუკუნიდან მოყოლებული, მანგლისის მნიშვნელოვან ეთნოსს წარმოადგენენ რუსები. რუსული მოსახლეობის დიდი რაოდენობით ჩამოსახლება მანგლისში ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკისა და შემდგომში საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზის განთავსებამ გამოიწვია. მოგვიანებით, 1990-იანი წლების კრიზისის გამო მანგლისის რუსული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში გადაიხიზნა, ხოლო ქართული მოსახლეობა — თბილისში. 1925 წლისთვის მანგლისში 3000 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 612 კომლს შეადგენდა. მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ რუსები შეადგენდნენ[15]. 1970 წლის აღწერით მანგლისს 6 ათასი მოსახლე ჰყავდა, რომელთა 75 % ქართველი იყო, 12 % რუსი, 8 % ბერძენი, 3 % სომეხი და 2 % სხვა ეროვნების წარმომადგენელი (ებრაელები, აზერბაიჯანელები, ქურთები). 1999 წლისთვის მანგლისის მოსახლეობა 4300 ადამიანს შეადგენდა — 64 % ქართველები, 14 % — ბერძნები, 12 % — სომხები, ხოლო 4 % — სხვა ეროვნების ხალხი[16]. მანგლისის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობაც მრავალფეროვანი იყო. ქართველების, რუსებისა და ბერძნების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, პოლონეთის აჯანყებების შედეგად ჩამოსახლებული პოლონელებიკათოლიკები, ხოლო სომხები — გრიგორიანელი ქრისტიანები. ცხოვრობდნენ ასევე იუდაიზმის მიმდევარი ებრაელები და მუსლიმები.

მოსახლეობის სტატისტიკა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893[17] 907
1989[18] 3939 -- --
2002[18]   2752 -- --
2014[1]   1441 669 772

მანგლისი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ფილტვის ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური ქრონიკული დაავადებანი, ბრონქული ასთმა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოდრია თ., უშვერიძე, გ. საღარაძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 404.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 თამთა კალმახელიძე, მანგლისი, თბილისი, 2001 წელი, გამომცემლობა განათლება, ISBN 99928-54-53-7
  5. 5.0 5.1 ლ. მელიქსეთ-ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნალი „ახალ სკოლასთან“, ტფილისი, 1924, N2-3, გვ. 72
  6. ზ. ჭუმბურიძე. „რა გქვია შენ?“, თბილისი, 1971, გვ.63
  7. ნ. ბერძენიშვილი. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1972, ტ.VIII, გვ.646
  8. ლ. მელიქსეთ ბეგი. მანგლისის რაიონი ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჟურნ. „ხალ სკოლასაკენ,“ ტფ. 1924, #2-3 მაისი, გვ. 75
  9. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბილისი, 1964, წიგნი პირველი, გვერდი 25
  10. არსენ კათალიკოსი, ცხოვრება წმინდა ნინოსი, 1964 წლის გამოცემა, თბილისი.
  11. В. Кавришвил. Манглиси. В кн.: Тифлис и ег окресности. Тб., 1925 г., стр. 191-195
  12. ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ. 365 — 1901 წ.
  13. ქარამე ანყოსის კოლექცია.
  14. ლევან ბოჭორიშბილი, ალგეთის ხეობის ძველი მოსახლეობა ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, თბილისი, 1953 წელი, გვ. 164
  15. Тифлис и его окресности. 1925, გვ. 293
  16. მანგლისის სადაბაო საკრებულოს მიმდინარე არქივი. საკრებულოს მიერ 1998 წელს ჩატარებული სამუშაოს ანგარიში, გვ.2
  17. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  18. 18.0 18.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.