პანკისის ხეობა — მდებარეობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში (ბახტრიონის ციხის ზემოთ) კავკასიონის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 34 კმ (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე). შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებით — პანკისისა და დიდგვერდ-ნაქერალის ქედებით.

მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი ქოჩარის ქედით იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდება და წარმოშობს ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული მყინვარის ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები). ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის ურთხელის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. პანკისის ხეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-22. ციტირების თარიღი: 2017-08-03.