მუსლიმი მესხები
მუსლიმი მესხები, თურქი მესხები, ახალციხელი თურქები (თურქ. Ahıska Türkleri) — თურქულენოვანი მუსულმანები ან სადავო წარმომავლობის არაერთგვაროვანი ეთნიკური ჯგუფი. ითვლებიან გათურქებულ ქართველებად ან თურქებისა და აზერბაიჯანელების მონათესავე ხალხად. სახლობდნენ ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე. 1944 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ისინი გააასახლა შუა აზიაში. ამჟამად სახლობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში.
მეტყველებენ თურქული ენის აღმოსავლეთ ანატოლიურ დიალექტზე. სარწმუნოებით სუნიტი მუსლიმები არიან.
წარმოშობა და ტერმინი
რედაქტირებამუსლიმი მესხების, იგივე „თურქი მესხების“ წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მიუხედავად ამისა შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ხედვა:
- „პრო-თურქული“ — თურქი მესხები წარმაოდგენენ ეთნიკურად თურქებს და ძირითადად ოსმალური მოახალშენეების შთამომავლები არიან.
- „პრო-ქართული“ — თურქი მესხები, რომლებიც მეტყველებენ თურქული ენის ყარსულ დიალეტქტზე და ეკუთვნიან სუნიტური ისლამის ჰანაფის მიმართულებას, არიან გათურქებული მესხები, რომლებიც ისლამზე XVI საუკუნესა და 1829 წლებს შორის მოექცნენ, როდესაც ისტორიული მესხეთი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში შედიოდა.
თურქული პოზიციის თანახმად, ადრეულ ოფიციალურ საბუთებში მუსლიმ მესხებს თურქებად მოიხსენიებდნენ. ტერმინები — „კავკასიელი თურქები“, „საბჭოთა თურქები“, „მესხეთელი თურქები“ და „თურქი მესხები“ — 1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებებით დამკვიდრდა, რომელთაგანაც უკანასკნელმა ორმა ტერმინმა განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა. ტერმინი „თურქი-მესხები” მიუღებელია იმ მესხებისათვის, რომლებიც თავს ქართველად მიიჩნევს.
ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო ისტორიული მესხეთი, მხარე, სადაც ეთნიკურად ქართველები სახლობდნენ. ამას ადასტურებს 1595 წელს შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, რომელშიც შეტანილი ოჯახის უფროსთა სახელები და მამის სახელები ქართული და ქრისტიანულია. მესხეთი — ოსმალეთის ადმინისტრაციული დაყოფით ახალციხის საფაშოში შედიოდა XIX საუკუნემდე. ოსმალური პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა იძულებული გახდა ისლამი მიეღო, რაც აისახა მათ ყოფაზე, სარწმუნოებაზე და ენაზე.[1]
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბატონიშვილი სამხრეთ საქართველოს აღწერს. მისი ცნობით სხვადასხვა ისტორიულ მხარეში მცირედ განსხვავებული დემოგრაფიული ვითარება იყო. შედარებით სამხრეთით მდებარე მხარეებში გლეხობაცა და თავადაზნაურობაც გამუსლიმანებული იყო და ქართულსა და თურქულ ენაზე საუბრობდა, ჩრდილოეთის პროვინციებში კი მხოლოდ თავადაზნაურობას ჰქონდა ისლამი მიღებული, გლეხები ქრისტიანებად რჩებოდნენ. 1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად მესხეთის ჩრდილოეთ ნაწილი (სამცხე-ჯავახეთი) რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1870 წლის აღწერით მესხეთის მუსლიმი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჩაიწერა, როგორც „ქართველი სუნიტი“.[1] მათ გარდა მესხეთში მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები — თარაქამები და ქურთები.[1]
XX საუკუნის დასაწყისში, ქართველი ხალხის გათიშვის პოლიტიკით, რუსეთის იმპერიამ მესხეთში თურქული სკოლები გახსნა. ამ დროიდან მუსლიმი მესხები აღარ ქართველობენ, რადგან მათთვის „ქართველი“ ქრისტიანთან იყო გაიგივებული და ნაცვლად ამისა თავს „იერლი მისლიმანს“ (მკვიდრი მუსლიმანი) უწოდებენ. მეზობელი მართლმადიდებელი და კათოლიკე ქართველები მათ „თათრებად“ მოიხსენიებდნენ. 1886 აღწერითაც მესხეთის მოსახლეობის 60% „ქართველ სუნიტებად“ არიან აღნიშნული.
1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით ისტორიული მესხეთის სამხრეთი ნაწილი თურქეთის, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი, სამცხე და ჯავახეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. 1923 წელს მუსლიმი მესხები „აზერბაიჯანლებად“ ჩაწერეს, გვარები აზერბაიჯანულად გადაუკეთეს და მესხეთი აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად გადააკეთეს.[1] სკოლებში მათ თურქულ ენაზე ასწავლიდნენ აზერბაიჯანიდან მოწვეული მასწავლებლები. 1930-იანი წლების საბუთებით დგინდება, რომ სამცხე-ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობა ქართული სკოლების გახსნასა და ქართული გვარების მინიჭებას ითხოვდა.
1944 წლის დეპორტაცია
რედაქტირება1944 წლის 15 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: ათეულობით ათასი მუსლიმი მესხი და მათთან ერთად ყარაფაფახები, ქურთები, ბოშები და თურქები იძულებით აყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან და შუა აზიაში გადაასახლეს.[2] აღნიშნული დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე. რელიგიური ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა დასახელებული რაიონების ყველა მცხოვრები, გარდა აღნიშნულ რელიგიას მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. თითოეულ ოჯახზე მიმაგრებული იყო თითო ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ოჯახის უფროსს სთავაზობდა თავისი ნებით ჩაებარებინა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის შემდგეგაც, მიღებული პასუხის მიუხედავად, ატარებდა ჩხრეკას. გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ თან წაეღოთ პირადი და სხვა ნივთები, ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1.5 ტონისა. გადასახლებულთა მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები აღიწერებოდა ადგილობრივი კომისიების მიერ და გადაეცემოდა სახელისუფლებო ორგანოებს.
რაიონი | თურქები | ქურთები | აზერბაიჯანელები | იეზიდები | თათრები | ხემშილები | სულ |
---|---|---|---|---|---|---|---|
ახალციხის რაიონი | 14 493 | 1 830 | 3 058 | 7 | 126 | 304 | 5 597 |
ადიგენის რაიონი | 6 702 | 278 | 6 980 | ||||
ახალქალაქის რაიონი | 614 | 155 | 769 | ||||
ასპინძის რაიონი | 3 743 | 488 | 301 | 4 532 | |||
ბოგდანოვკის რაიონი | 157 | 6 | 6 | 7 | 176 | ||
ქ. ბათუმი | 84 | 75 | 6 | 165 | |||
ბათუმის რაიონი | 346 | 472 | 231 | 1 049 | |||
ქობულეთის რაიონი | 70 | 198 | 34 | 302 | |||
ქედის რაიონი | 44 | 12 | 5 | 61 | |||
ხულოს რაიონი | 124 | 35 | 28 | 187 |
მუსლიმი მესხების ძირითადად შუა აზიის რესპუბლიკებში, ფერღანის ხეობაში დაასახლეს. მათ დეპორტაციას დროის სხვადასხვა პერიოდებში გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, ინტელიგენცია, დისიდენტური და არაფორმალური ორგანიზაცები.
1956 წელს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის შემდეგ, მუსლიმი მესხები გათავისუფლდნენ კომენდანტის რეჟიმიდან. მათ შეეძლოთ წასულიყვნენ, სადაც მოისურვებდნენ, გარდა საქართველოსა. მიუხედავად ლატიფშა ბარათაშვილის ლიდერობით წამოწყებული დიდი ბრძოლისა მუსლიმმა მესხებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება ვერ მოიპოვეს. სამშობლოს თემატიკა მუსლიმ მესხთა ფოლკლორში აისახა.
1989 წლის დეპორტაცია
რედაქტირება1989 წლის 23 მაისის ფერღანის დაბლობზე ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპაქტურად დასახლებული მუსლიმი მესხები დაარბია. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ უმრავლესობა რუსეთის სიღრმეში გადაიყვანეს, ნაწილიც აზერბაიჯანში გაიქცა, საქართველოში კი მათ კვლავ არ უშვებდნენ და მათი აღმსარებლობის გამო ახალი ტერმინი „თურქი-მესხები“ მოიგონეს.
საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც პრობლემის მოგვარების მცდელობაში ჩაერთვნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები და განახლდა მუშაობა დეპორტირებულთა რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროცესის დაწყებისათვის აუცილებელი საშუალებებისა და გზების მოსაძიებლად.
განსახლების არეალი
რედაქტირებანაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქმიანობაში დადანაშაულებული მუსლიმი მესხები — ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, რუსეთში (კრასნოდარში), უკრაინაში და ამერიკაში — არიან გაბნეული.
აზერბაიჯანი
რედაქტირებამუსლიმ მესხთა უმრავლესობა, დაახლოებით 38 000 ადამიანი, აზერბაიჯანში ცხოვრობს.
აშშ
რედაქტირება2004 წლიდან, რუსეთისა და აშშ-ს მთავრობებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შუამავლობით დაიწყო კრასნოდარის მხარიდან მუსლიმი მესხების აშშ-ში გადასახლების პროცესი. პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი 2005 წლის სექტემბრიდან 21 ათასმა პირმა წარადგინა, რომელთაგან მხოლოდ 5 ათასი პირის ანკეტა დაკმაყოფილდა. 2007 წლისთვის აშშ-ში დაახლოებით 11 ათასი მუსლიმი მესხი გადასახლდა.
რუსეთი
რედაქტირებარუსეთში მუსლიმი მესხები ძირითადად ცხოვრობენ კრასნოდარის მხარესა და ოკუპირბეული ყირიმის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ 80-იან წლებში კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე ათეული ოჯახი სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად მიიწვია. კრასნოდარის მხარეში, 1989 წლიდან, ფაქტობრივად 15 ათასი მუსლიმი მესხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 4000 ათასს აქვს მოქალაქეობა. 1997 წლიდან მათ აიძულებდნენ ყოველი 45 დღის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილზე ხელახალი რეგისტრაცია გაევლოთ, რაშიც ერთ სულზე 188 რუბლი უნდა გადაეხადათ. 1999 წლის დადგენილების მიხედვით, მუსლიმი მესხების რეგისტრაცია საცხოვრებელ ადგილზე ხდებოდა 8 თვის ვადით. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული შემდგომი დადგენილების საფუძველზე, მუსლიმ მესხებს ვადა კიდევ 5 თვით გაუგრძელეს. 2001 წელს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და დაიწყო მასიური საპასპორტო შემოწმებები. რეგისტრაციის გარეშე მცხოვრებ პირებს პოლიცია აჯარიმებდა. 2002 წლის დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი ჩაწერის უქონლობის შემთხვევაში, ხდებოდა პირების დეპორტაცია.
საქართველო
რედაქტირება1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ.[2] 2007 წლის 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 2008 წლიდან მუსლიმი მესხების ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას. კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურდათ 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, განაცხადებით უნდა მოემართათ საქართველოს უახლოეს საკონსულოსთვის, ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის. ერთწლიან ვადაში ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა. კანონპროექტი არ ავალდებულებდა საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მუსლიმი მესხების ფინანსურ უზრუნველყოფას. 2100 აპლიკაციიდან მხოლოდ 75-ს მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯიქია, სერგი: მესხეთის ქართული მოსახლეობის თურქული მეტყველების ზოგიერთი თავისებურება . ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო შრომის თეზისები / [ოფიციალური ოპონენტები: პროფ. ა. შანიძე, საქ. სსრ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი, პროფ. გ. წერეთელი, სსრკ და საქ. სსრ მეცნ. აკად. წევრი-კორესპონდენტი]; საბჭ. სსრ მეცნ. აკადემია. აკად. ნ. მარის სახ. ენის ინს-ტი - თბ. : საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946.
- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 97-99 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მესხები - Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2021-02-12
- ↑ 2.0 2.1 2.2 მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხები | ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. ციტირების თარიღი: 2021-02-12