საქართველო 1991 წლიდან
საქართველო 1991 წლიდან — საქართველოს ისტორიის ნაწილი, აღწერს საქართველოს ისტორიულ განვითარებას 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 1991 წლიდან XXI საუკუნის 20-იან წლებამდე საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომი, ეთნიკური კონფლიქტები, ომი რუსეთთან, ეკონომიკური კოლაფსი. ყოფილ საბჭოთა რეპსუბლიკებს შორის საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო აშშ-სგან, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს მიღმა ცხოვრობს, საქართველო სრულად ვერ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიებს და კვლავ ცდილობს, დაამკვიდროს დემოკრატიული ინსტიტუტები.
დამოუკიდებლობის აღდგენა
რედაქტირება1990 წლის ოქტომბერში არჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, 9 აპრილის ტრაგედიის 2 წლისთავზე მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას არ დასწრებია დასავლეთის არცერთი სახელმწიფოს წარმოამდგენელი, დიდ სახელმწიფოებს არ უღარებიათ საქართველო დე იურედ იმავე წლის დეკემბრმდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამ პერიოდში პოპულარულ პოლიტიკურ ლოზუნგად იქცა „ძირს ბუში! ძირს კომუნიზმი!“.
გამსახურდიასთვის სამაგალითო ლიდერები იყვნენ რონალდ რეიგანი და შარლ დე გოლი. ის ძლიერ საპრეზიდენტო ხელისუფლებას მოითხოვდა. 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ შემოიღო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შეიტანა მოქმედ კონსტიტუციაში. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რეპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით გაიმარჯვა. გამსახურდიას მმართველობა გამორჩეული იყო ქართული ნაციონალიზმის აღზევებით. მისი მმართველობის დროს ეთნიკურმა კრიზისებმა უმაღლეს წერტილს მიაღწია. გამსახურდიას უწევდა გამკლავება პოლარიზებულ საზოგადოებასა და ეკონომიკის სწრაფ ვარდნასთან. საქართველოს არ გააჩნდა საკუთარი ვალუტა და ვერ აკონტროლებდა ვაჭრობასა და მიგრაციას საკუთარ საზღვრებზე. გამსახურდიას მეთოდები ნაციონალიზმის, კონსერვატიზმის, რელიგიურობისა და პოპულიზმის ნარევი იყო. გამსახურდია აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. რაიონების ცენტრალური კონტროლის გაძლიერების მიზნით მან შემოიღო პრეფექტის თანამდებობა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავდა. ეკონომიკაში მხარს უჭერდა შერეულ ეკონომიკას. მან შეინარჩუნა სახელმწიფო საკუთრება მიწასა და სამრეწველო საწარმოებზე, მთავრობა აკონტროლებდა ფასებსა და საგარეო ვაჭრობას. 1991 წლის შემოდგომაზე გამსახურდიამ უარი თქვა ეკონომიკურ ხელშეკრულებაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. გამსახურდია იღებდა დემოკრატიულ კანონებს, თუმცა პრობლემას წარმოადგენდა მათი დემოკრატიული აღსრულება. 1991 წლის მაისში, გამსახურდიას გადაწყვეტილებით, ოპოზიციის კანდიდატებს სახელისუფლებო პრესით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ, სამთავრობო გაზეთების რედაქტორები გამსახურდიას მიერ ინიშნებოდნენ. მოსკოვის პუტჩის შემდეგ რუსულენოვანი გაზეთები 1 თვით აიკრძალა, შემოდგომაზე დაიხურა რუსულენოვანი გამოცემა „Новая Газета", დააპატიმრეს ზოგიერთი ჟურნალისტიც. სექტემბერში 200-მდე ჟურნალისტმა გაფიცვა მოაწყო ცენზურის გასაპროტესტებლად. 1991 წლის ზამთარში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი გაზეთი იყო დარჩენილი.
1991 წლის აგვისტოში მოსკოვის პუტჩის შემდეგ საბჭოთა გენერლებმა გამსახურდიას მოსთხოვეს ეროვნული გვარდიის დაშლა. თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[1] მაგრამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო და მიიღო გადაწყვეტილება გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვე-დანაყოფი. ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი 15 000-იანი შენართით რკინის ხეობაში დაბანაკდა 24 აგვისტოს. 1991 წლის 26 აგვისტოს აიკრძალა საქართველოს კომუნისტური პარტია და სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს ამ პარტიიდან არჩეულ 64 დეპუტატს.[2]მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია თანამდებობიდან გადადგნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ.
სამოქალაქო ომი
რედაქტირება1991 წლის სექტემბერში გამსახურდიამ შექმნა ეროვნული თავდაცვის საბჭო და განსაკუთრებული უფლებამოსილებები მიანიჭა მას. შემოდგომაზე, როდესაც გამსახურდიას მმართველობა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, მან უფრო გაზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება, უშუალოდ დაუქვემდებარა მას შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროები და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. 2 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, ორგანიზებით გაიმართა მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. მიტინგს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ცეცხლი გაუხსნეს და დაარბიეს. „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ“ დაიწყო შიმშილობა „იმელის“ შენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის გამზირზე. 11 სექტემბერს 27 პოლიტიკური პარტია, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ექიშპებოდნენ, გაერთიანდა გამსახურდიას გადაგომის მოთხოვნით. გამსახურდიას ბლოკ „მრგვალ მაგიდას“ გამოეყო ჯგუფი „ქარტია - 91“. უზენაეს საბჭოში ოპოზიცია ითხოვდა საპრეზიდენტო სისტემის საპარლამენტოთი ჩანაცვლებას. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ყველა რაუნდი ჩაიშალა. 16 სექტემბერს დააკავეს ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ის გადმოსვეს თვითმფრინავიდან, რომელიც მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. ამას მოჰყვა სხვა დაპატიმრებები, დააკავეს ჟურნალისტები ვალერი კვარაცხელია და გოგა ხაინდრავა, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი და სხვები. 21 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი სისხლიანი შეტაკება.
25 სექტემბერს გამსახურდიამ თბილისში საგანგებო მდგომარეობა, უზენაეს საბჭოსთან შეუთანხმებლად, გამოაცხადა. შეჩერდა უზენაესი საბჭოს მუშაობა. გამსახურდია იმუქრებოდა უზენაესი საბჭოს დათხოვნით და უშუალო საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებით. გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, ტელევიზიით მუდმივად გადაიცემოდა მისი მოწოდება, მისულიყო ხალხი რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის დასაცავად. რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი სამეგრელოდან, ჩაჰყავდა მხარდამჭერები თბილისში, რომლებიც მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიდნენ.
ნოემბერში გამსახურდიამ შეაჩერა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის მოქმედება, დაითხოვა გენერალური პროკურორი და წინასწარი პატიმრობის ვადა გაზარდა სამიდან ცხრა თვემდე, რათა არ გაენთავისუფლებინათ გიორგი ჭანტურია ციხიდან. რაც უფრო აძლიერებდა გამსახურდია საკუთარ ხელისუფლებას, მით მეტად მცირდებოდა მისი რეალური პოლიტიკური გავლენა. 1991 წლის შემოდგომაზე ის რეალურად მართავდა თბილისის ცენტრალურ უბნებს და რამდენიმე რაიონს ერთგული პრეფექტების მეშვეობით. მის წინააღმდეგ გაერთიანდა ქართული პოლიტიკური ოპოზიცია და მის წინააღმდეგ განეწყვნენ დასავლეთის სახელმწიფოები. სამოქალაქო ომით ისარგებლეს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ძალებმა და 1991 წლის ნოემბრის ბოლოს გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. 1991 წლის 5 დეკემბერს ე. წ. ბელოვეჟის ხელშეკრულებით დაიშალა საბჭოთა კავშირი. 1991 წლის ბოლოს საქართველო იყო ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული დე-იურე აღიარება.
გამსახურდიას მმართველობა დასრულდა სამხედრო გადატრიალებით და მისი ჩამოგდებით. 1992 წლის იანვრიდან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელმაც 2 იანვარს დათხოვნილად გამოაცხადა უზენაესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი.
1992-1995 წლები
რედაქტირებასამხედრო საბჭოს ტრიუმვირატს ქნიდნენ მხედრიონის ლიდერი ჯაბა იოსელიანი, ეროვნული გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა. პუტჩის შემდეგ არ წყდებოდა მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. არეულობა იყო დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში. გამსახურდიას მომხრე ძალები იბრძოდნენ დასავლეთ საქართველოს ქალაქებზე კონტროლის მოსაპოვებლად და აფერხებდნენ თბილისის მომარაგებას. დედაქალაქში მათ დაიკავეს თბილისის ცენტრალური სადგური და მართავდნენ მიტინგებსა და დემონსტრაციებს.
სამხედრო საბჭომ მიიღო რამდენიმე ლიბერალური გადაწყვეტილება: აღადგინა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია, გამოაცხადა მთავრობისგან პრესის თავისუფლება, პატიმრობიდან გაათავისუფლა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ტორეზ კულუმბეგოვი. სამხედრო საბჭომ მიიღო ასევე რუსეთის მიმართ ლოიალური გადაწყვეტილებები: აღადგინა ურთიერთობა რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან და გამოყენებიდან ამოიღო ტერმინი „საოკუპაციო ძალები“, თავდაცვის მინისტრად დანიშნა საბჭოთა გენერალი ლევან შარაშენიძე. სამხედრო საბჭომ აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და არალეგიტიმურად გამოაცხადა საბჭოთა კონსტიტუციაზე დამყარებული ყველა მმართველობა, გამსახურდიას მმართველობის ჩათვლით. საბჭომ 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ჯაბა იოსელიანის ინიციატვით სამხედრო საბჭომ გამოაცხადა ამნისტია, რომლითაც 8000-მდე პატიმარი გათავისუფლდა, რამაც გაზარდა ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი.
მიმდინარეობდა დებატები ქვეყნის მოწყობის შესახებ. ეროვნულ-დემოკრატები მხარს უჭერდნენ კონსტიტუციურ მონარქიას, ხოლო ჯაბა იოსელიანი საპარლამენტო სისტემის შემოღებას და ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანას უჭერდა მხარს. მალევე სამხედრო საბჭომ საქართველოში ჩამოსვლა შევარდნაძეს შესთავაზა. 64 წლის შევარდნაძე საქართველოში 1992 წლის 7 მარტს დაბრუნდა და 10 მარტს სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს. ნოემბერში ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მოინათლა მართლმადიდებლური წესით და ეწოდა ნათლობის სახელი გიორგი.[3][4]
შევარდნაძეს მოუწია ქვენის მართვა რუსული ინტერვენციის, განადგურებული ეკონომიკის და საზოგადოების შიდა პოლარიზაციის პირობებში. სწრაფად და უსისტემოდ ხდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, რასაც თან ერთვოდა დეინდუსტრიალიზაცია. 1992 წლის მარტის ბოლოს საქართველომ განაცხადი შეიტანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრობაზე და მაისში გახდა სავალუტო ფონდის 171-ე წევრი. 1992 წლის პირველ ექვს თვეში 47,4%-ით დაეცა ქვეყანაში მრეწველობის დონე. ყველაზე მწვავე პრობლემა მშვიდობის დამყარება და შეიარაღებული ფორმირებების აღკვეთა იყო. მხოლოდ ივნისამდე მოხდა 21 თავდასხმა და დივერსია რკინიგზაზე, მილსადენებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე. შეიარაღებული ფორმირებები დაუსჯელად მოქმედებდნენ. მხედრიონი ეწეოდა ბენზინით ვაჭრობას, იარაღისა და სიგარეტის კონტრაბანდას ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობით.
შევარდნაძემ მოახერხა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების სწრაფად დამყარება. 23 მარტს საქართველო აღიარა ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ. აპრილში გაიხსნა აშშ-ის საელჩო საქართველოში. 25 მაისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი და თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი. 30 ივლისს გაფორმდა საქართველო-თურქეთის ხელშეკრულება, 31 ივლისს საქართველო გახდა გაეროს 179-ე წევრი. ყოფილი საბჭოთა რეპსუბლიკებიდან საქართველო ყველაზე ბოლო იყო, რომელიც გაეროში მიიღეს.
24 ივნისს შევარდნაძემ ხელი მოაწერა დაგომისის შეთანხმებას ბორის ელცინთან, რომლითაც დასრულდა ომი სამხრეთ ოსეთში. ომის შედეგი იყო 600 დაღუპული და 65 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. სახელმწიფო საბჭომ გააუქმა გამსახურდიას მიერ შემოღებული შემზღუდავი კანონები და დემონსტრაციებისთვის შემოიღო უფრო ლიბერალური რეგულაციები. 2 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა „შერიგების მანიფესტი“ და ამნისტიით გაათავისუფლა 1992 წლის იანვრიდან ივნისამდე დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი, აგვისტოში თბილისში გააუქმა საგანგებო მდგომარეობა.
1992 წლის 11 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაცია. 1992 წლის 4 ნოემბერს შევარდნაძე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ — სახელმწიფო მეთაურად. ამ დროიდან ის გახდა ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1992 წლის დეკემბერში მან შექმნა 19 სამინისტრო და 10 სახელმწიფო კომიტეტი საბჭოთა მოდელზე დაყრდნობით. შევარდნაძემ ეტაპობრივად, მეტწილად 1993 წლის მეორე ნახევრიდან, მოახერხა საკუთარი ძალაულფების გაძლიერება. მას პერიოდულად ეკავა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. 1993 წლის აპრილში შემოღებულ იქნა ფულის ახალი ერთეული „კუპონი“, რათა საქართველო აღარ ყოფილიყო დამოკიდებული რუსულ რუბლზე. შემოღებიდან 2 თვეში კუპონი გაუფასურდა. მიუხედავად ეკონომიკური რეფორმების მცდელობისა, ეცემოდა წარმოების და ცხოვრების დონე, მაღალი იყო ინფლაცია და ვალუტის დევალვაცია. საშუალო ხელფასი დაბალი იყო, თუმცა სახელმწიფო ვერ ახერხებდა ხელფასებისა და პენსიების გაცემას. ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა იძულებით გადაადგილებული პირების ნაკადი სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
შევარდნაძემ იგრვლივ შემოიკრიბა ძველი, კომუნისტური პარტიის და სახელმწიფო აპარატის ელიტა და დასავლურად განწყობილი ახალგაზრდები და მათი გაერთიანებით 1993 წლის ნოემბერში შემნა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. შევარდნაძე აგრძელებდა რუსეთის მიმართ კომპრომისულ პოლიტიკას. 1993 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულება, 1994 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა ბორის ელცინი, 1994 წელს საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, საქართველოში 20 000-კაციანი რუსული შენაერთი განთავსდა. 1995 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა აფხაზეთში რუსეთის ჯარების განთავსებას და ჩეჩნეთში შეჭრას.
დსთ-ში შესვლამ კიდევ უფრო დასცა შევარდნაძის რეიტინგი. მასთან მკვეთრ ოპოზიციაში გადავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა სამეგრელოში ბრძოლის გასაგრძელებლად დაბრუნებული გამსახურდია. 1994 წლის 3 დეკემბერს მოკლეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია. 1994 წელს შევარდნაძემ დაიწყო საქართველოს მხარეებში გუბერნატორების დანიშვნა კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე. 1995 წლის 29 აგვისტოს შევარდნაძე, რომელსაც ხელი კონსტიტუციაზე უნდა მოეწერა, სასწაულებრივად გადაურჩა პარლამენტის ეზოში მომხდარ ტერაქტს. ტერაქტის ორგანიზება ჯაბა იოსელიანს და იგორ გიორგაძეს დაბრალდა. იოსელიანი დაიჭირეს, მხედრიონი დაიშალა, ხოლო გიორგაძე რუსეთში გაიქცა. 1995 წელს პირველად ოთხწლიანი ვარდნის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. სექტემბრიდან შემოღებულ იქნა ახალი ქართული ვალუტა ლარი.
აფხაზეთის ომი
რედაქტირება1992 წელს საქართველოში შექმნილი არეულობით ისარგებლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყო. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ახლად შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ აიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, 23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რითაც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის გადაწყვეტილება.
1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. 18 აგვისტოს ქართული ჯარი სოხუმში შევიდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.
1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ელცინის შუამავლობით შევარდნაძემ და არძინბამ მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეთანხმება მალევე დაირღვა. 1993 წლის 27 ივლისს კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, ამჯერად სოჭში. 16 სექტემბერს აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა შეთანხმება დაარღვიეს და დაიწყეს შეტევა, რაც სოხუმის დაცემით დასრულდა. საქართველომ ომი წააგო და 200 ათასამდე ქართველმა აფხაზეთი დატოვა.
კონსტიტუციის მიღება
რედაქტირებაშევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კონსტიტუციის მიღება იყო. 1992 წელს არჩეულმა პარლამენტმა მიიღო ე.წ. მცირე კონსტიტუცია, კანონი პარლამენტის შესახებ, ასევე მიიღო კანონმდებლობა სახელმწიფოს ცხოვრების მრავალ სფეროში. 1993-1995 წლებში მიმდინარეობდა მუშაობა ქვეყნს ძირითადი კანონის მისაღებად. საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა, პრაქტიკულად არ იმუშავა, მან 25 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 სხდომა გამართა. ძირითად სამუშაოს სწევდა სარედაქციო კომისია. კონსტიტუციის შემუშავებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს შევარდნაძემ, ვახტანგ ხმალაძემ, თედო ნინიძემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა და დავით უსუფაშვილმა. სარედაქციო კომისიას 1994 წლიდან კონსტიტუციის პროექტის მოზმადებაში დახმარებას უწევდნენ ევროკომისია და ამერიკელი ექსპერტები. თავდაპირველი 12 პროექტის გადამუშავების შედეგად შედგა 2 პროექტი, ერთი გერმანული საპარლამენტო მოდელის შემოღებას ითვალისწინებდა, მეორე კი ფრანგული ნახევრად საპრეზიდენტოსი. 1994 წელს ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაზე შედგა საბოლოო შეთანხმებული პროექტი, რომელიც „ჩიკაგოს ვარიანტის“ სახელით იყო ცნობილი. „ჩიკაგოს ვარიანტი“ მოიწონა ვენეციის კომისიამაც. პარლამენტში კენჭისყრის წინ შევარდნაძის მხარდამჭერი დეპუტატების ინიციატივით „ჩიკაგოს ვარიანტის“ ზოგიერთი დებულება შეიცვალა და პროექტი ისე იქნა დამტკიცებული. კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს. მიღებული ვარიანტი ამერიკული საპრეზიდენტო მოდელის მსგავსი იყო და მორგებული იყო შევარდნაძის ძალაუფლებაზე, გაუქმებულ იქნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტს მიეცა მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლების უფლება, ამოღებულ იქნა ქვეყნის ფედერაციული მოწყობის შესახებ დებულებები.
შევარდნაძის მმართველობა, 1995-2003 წლები
რედაქტირებაკონსტიტუციის საფუძველზე 1995 წლის ნოემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძემ ხმათა 72,95% მიიღო, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირმა“ 23,71%, თუმცა საარჩევნო სისტემის წყალობით მოიპოვა საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. 1995-2003 წლებში მმართველ პარტიას წარმოადგენდა „მოქალაქეთა კავშირი“, ძირითადი ოპოზიციური პარტიები იყვნენ დემოკრატიული აღორძინების კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
1996 წლის სექტემბერში შეიქმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 1997 წელს დაიწყო სასამართლოსა და საგადასახადო სისტემების რეფორმა. 1996 წელს საქართველოს მშპ-ის ზრდამ რეკორდულ 11,4%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ მოახერხა სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფა, მან კანონის უზენაესობის დამყარება ვერ შეძლო. საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არ ემორჩილებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მისი მმართველი ასლან აბაშიძე აყალბებდა არჩევნებს და არ აღასრულებდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არ სრულდებოდა ქვეყნის ბიუჯეტი, სახელმწიფო ტენდერები და სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია გაუმჭვირვალედ ტარდებოდა. ეკონომიკის უმეტესი ნაწილი ჩრდილოვანი იყო. 1998 წლის 9 თებერვალს შევარდნაძის აფეთქება სცადეს ქართველმა შეთქმულებმა და ჩეჩენმა დაქირავებულმა ტერორისტებმა.
1998 წლის ნოემბერის ადგილობრივ არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირმა“ ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხდა დიდ ქალაქებში. 1998-1999 წლებში პარლამენტში მიმდინარეობდა დებატები პასპორტში ეროვნების რეკვიზიტის არსებობის შესახებ. 1998 წელს ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელშეკრულებას, 1999 ამოქმედდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ამავე წელს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41-ე წევრი. საქართველოდან გავიდნენ რუსეთის სასაზღვრო ჯარები.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ „მოქალაქეთა კავშირმა“ გაიმარჯვა, ამჯერად 41,75%-ით. ერთი წლის შემდეგ, 2000 წელს საეჭვოდ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძემ 79,8% მიიღო. მიუხედავად საარჩევნო წარმატებებისა, მალე დაიწყო პოლიტიკური კრიზისი. 2000 წლისთვის მაღალი თანამდებობის პირების თითქმის ნახევარი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო ან პარტიული მოხელე იყო. კრიზისი ვერ განმუხტა ახალგაზრდა რეფორმატორების, მიხეილ სააკაშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნამ იუსტიციისა და შემოსავლების მინისტრებად. 2001 წლის ივნისში „მოქალაქეთა კავშირის“ დაშლა დაიწყო, მისგან გამოყოფილმა მეწარმეების და ბიზნესმენების ჯგუფმა დააარსა პარტია „ახალი მემარჯვენეები“. იმავე წლის სექტემბერში მინისტრის თანამდებობები დატოვეს სააკაშვილმა და მაჭავარიანმა. სააკაშვილმა დააარსა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. 2001 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ სახელმწიფო უშიშროების სამსახური შეიჭრა. ამ მოვლენას სამთავრობო კრიზისი და ძალოვანი მინისტრების გადადგომა მოჰყვა. თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომელმაც პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“ შექმნა. „რუსთავი 2-ში“ შესვლა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოს ყველაზე ცოცხალი და დამოუკიდებელი მედია-სივრცე ჰქონდა დსთ-ის სივრცეში. 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს.
2001-2002 წლებში შემუშავებულ იქნა ბოდენის გეგმა, დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსს გულისხმობდა. საქართველოს მთავრობამ „ბოდენის გეგმა“ მოიწონა, მაგრამ აფხაზური მხარე მას არ დათანხმდა. 2002 წელს დაიწყო აშშ-ის პროგრამა ქართველ სამხედროთა წვრთნისა და აღჭურვილობისთვის. ამავე წელს გაფორმდა საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რამაც ეკლესიას სახელმწიფოში განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ამავე წელს საქართველომ განაცხადი წარადგინა ნატოში გაწევრიანებაზე.
„რუსთავი 2-მა“ 2003 წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში. რევოლუცია შევარდნაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე მოხდა. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მიხეილ სააკაშვილი ვარდით ხელში შეუძღვა მომიტინგეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში, შეაწყვეტინა სიტყვა შევარდნაძეს და ჩაშალა სხდომა. მეორე დღეს შევარდნაძე გადადგა.
სააკაშვილის მმართველობა, 2004-2012 წლები
რედაქტირება2004 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვევნების შდეგად ხელისუფლებაში მოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96% მიიღო. 2004 წლის მარტში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით გაიმართა, შენარჩუნებულ იქნა 2003 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგები მაჟორიტარული ოლქების მიხედვით. არჩევნებში ერთად მიიღეს მონაწილეობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“. მათ ხმების 66% მიიღეს. 7%-იანი ბარიერი ოპოზიციიდან მხოლოდ „ახალი მემარჯვენეების“ და „მრეწველების“ გაერთიანებამ გადალახა. „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრი გახდა. რევოლუციური ტრიუმვირატის მესამე წევრმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. მიღებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლოები, დროშა, გერბი და ჰიმნი. 2004 წელს განხორციელდა საკონტიტუციო რეფორმა, რომელმაც კვლავ შემოიღო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მაგრამ გააძლიერა პრეზიდენტის ძალაუფლება და დაასუსტა საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე. პრეზიდენტს უშუალოდ დაექვემდებარა ძალოვანი სამინისტროები. 2004-2012 წლებში კონსტიტუცია 25-ჯერ შეიცვალა. 2004-2005 წლებში 300 სახელმწიფო მოხელეს წაუყენეს ბრალი კორუფციაში. მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო აპარატი და გაიზარდა საჯარო მოხელეთა ხელფასები. ძალოვანი სამინისტროები სამოქალაქო ხელმძღვანელობას დაექვემდებარა. 2004 წლის მაისში რუსეთში გაიქცა ასლან აბაშიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა პრაქტიკულად დაბრუნდა საქართველოს იურისდიქციაში, თუმცა ამას ასევე მოჰყვა აჭარის ავტონომიის შემცირება.
აჭარაში მიღწეული წარმატების შემდეგ, 2004 წლის ზაფხულში, სააკაშვილმა სცადა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება ჯერ სამხედრო ოპერაციის მეშვეობით აგვისტოში, მისი წარუმატებლობის შემდეგ კი სექტემბერში გაეროს 59-ე გენერალური ასამბლეის სხდომიდან სააკაშვილმა ოსებს ავტონომია შესთავაზა. სააკაშვილმა სამშვიდობო ინიციატივები კვლავ წარადგინა 2005 წლის იანვარსა და ოქტომბერში. სააკაშვილის ინიციატივები გულისხმობდა ოსებისთვის ავტონომიის სტატუსის აღდგენას, ოსური ენის სტატუსის დაცვას, ავტონომიური ერთეულისთვის პარლამმენტის არცევის უფლების მინიჭებას, საგადასახადო და ეკონომიკურ პრივილეგიებს და საქართველოს პარლამენტში კვოტის უფლებას. რუსეთით ზურგგამაგრებულმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ ამ შეთავაზებებზე უარი თქვა. 2006 წელს საქართველომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია შექმნა და მის სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩააყენა.
2004-2005 წლებში საქართველოს მთავრობამ წარმატებით წარმართა მოლაპარაკებები რუსეთთან სამხედრო ბაზების გატანის თაობაზე. 2006 წელს გაშიფრულ იქნა რუსეთის აგენტურული ქსელი საქართველოში. ამ ფაქტს მოჰყვა რუსეთის მიერ ქართველების გამოყრა რუსეთიდან, ემბარგოს დაწესება რუსეთში ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე, ღვინოზე, მინერალურ წყლებსა და ხილზე, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.
სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ იქნა სიტყვის თავისუფლების დამცავი ახალი კანონმდებლობა. მიუხედავად ამისა, მედიის დამოუკიდებლობა სააკაშვილის მმართველობს დროს შემცირდა. 2004-2005 წლებში შეიცვალა სატელევიზიო არხების მფლობელები, დაიხურა თოქ-შოუები და საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემები. 2005 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. წარმატებული რეფორმები იქნა გატარებული პოლიციასა და განათლების სისტემაში. მკაცრი სისხლისსამართლებრივი და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით სააკაშვილის მათავრობამ შეამცირა დანაშაულის დონე და აღმოფხვრა ორგანიზებული დანაშაული. 2005 წელს საქართველოს ეწვია აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში, რომელმაც საქართველოს „თავისუფლების შუქურა“ უწოდა. 2006 წელს კოდორის ხეობაში გაანადგურეს უკანასკნელი გასამხედროებული ჯგუფი, რომელსაც ემზარ კვიციანი მეთაურობდა და რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდაში იყო ჩართული. იმავე წლის მარტში მოხდა ციხის ბუნტი, რასაც ხელისუფლების მკაცრი რეაქცია მოყვა. დაიღუპა 7 ადამიანი. სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად 2003-2010 წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა 300%-ით გაიზარდა და 24 ათასს მიაღწია, ამ მაჩვენებლით საქართველო მე-5 ადგილზე იყო მსოფლიოში.
სააკაშვილის მთავრობა თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი იყო. 2005-2006 წლებში გაუქმდა შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობის სამსახური. 2005-2006 წლებში ადგილობრივი მმართველობის რეფორმებმა შეასუსტა ადგილობრივი თვითმმართველობა და მოახდინა ცენტრალიზაცია. 2005 წლის დეკემბერში უზენაესი სასაამართლოს 5 მოსამართლე გადადგა მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო. 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მოიპოვა. საგადასახადო რეფორმებმა შეამცირა გადასახადები და გაამარტივა გადასახადების ადმინისტრირება, შეამცირა ჩრდილოვანი ეკონომიკა, მაგრამ არაპროპორციულად დაამძიმა ღარიბი მოსახლეობის გადასახადები. გაიზარდა უთანასწორობა ცენტრსა და რეგიონებს შორის. 2008 წელს ჯინის კოეფიციენტით, რომელიც უთანასწორობას ზომავს, საქართველო ყველაზე უთანასწორო ქვეყანა იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. გაიზარდა უმუშევრობა, დაეცა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის დაცემას ხელი შეუწყო 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ღვინოსა და ხილზე დაწესებულმა ემგარგომ. იზრდებოდა სახელმწიფოს ზეწოლა მცირე და საშუალო ბიზნესზე. სახელმწიფო დაწესებულებები ხშირად არ გასცემდნენ საჯარო ინფორმაციას. ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდნენ ადამიანის უფლებების ხშირ დარღვევაზე. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოქალაქეთა ფარული მოსმენა და მიყურადება.
სააკაშვილის წინააღმდეგ 2007, 2009 და 2011 წლებში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბერში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 100 000 ადამიანი გამოვიდა. 7 ნოემბერს პოლიციამ მიტინგი სასტიკად დაარბია. აქციის დარბევამ პოლიტიკური კრიზისი გამოწვია. სააკაშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა ხმათა 53,47%-ით. იმავე დღეს გამართულ პლებისციტში 51%-მა დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებას. იმავე წლის გაზაფხულზე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 59% მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა „გაერთიანებულმა ოპოციზიამ“ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. 2008 წლიდან აღდგა პოლიტიკური თოქ-შოუები. ტელევიზიები „მაესტრო“ და „კავკასია“ ოპოზიციურად არხებად ჩამოყალიბდნენ. ისინი იდევნებოდნენ სარეკლამო ბაზრიდან. 2008-2011 წლებში გახშირდა რეგიონებში ჟურნალისტების დაკავების, დაშანტაჟების და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. 2009 წლს გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. დაკეტილი იყო თბილისის მთავარი ქუჩა რუსთაველის გამზირი, სადაც იდგა საკნები, რომლებიც აქციების ორგანიზატორთა აზრით, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის გამოკეტვას საპატიმროში. 2009 წლის 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. 2009 წლის ივლისში საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისის მერი პირდაპირი და საყოველთაო არცევნებით გახდა გიგი უგულავა. 2010 წელს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვია. 2011 წლის 26 მაისს პოლიციამ სასტიკად დაარბია ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.
აგვისტოს ომი
რედაქტირება18 წლის განმავლობაში გადაუჭრელი ქართულ-ოსური კონფლიქტი 2008 წელს პიკში შევიდა. აპრილში საქართველოს უარი უთხრეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მიღებაზე. უკვე მაისში საქართველოს მთავრობა აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. აგვისტოს დასაწყისში კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობდა ვითარების ესკალაცია და არარეგულარული შეტაკებები. 7 აგვისტოს დილით რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში წვრთნებისთვის იყო განლაგებული, როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ რუსეთის არმია საქართველოში მხოლოდ ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ შევიდა რეგიონში მყოფი რუსი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, შეტევა ცხინვალზე რუსეთის არმიის შემოჭრით იყო გამოწვეული, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. 7 აგვისტოს შუადღეზე ცხინვალში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. ის ცხინვალში არ მიიღეს. საღამოს საქართველოს ჯარმა დაიწყო ცხინვალზე შეტევა. ომი 5 დღეს გაგრძელდა. მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა საჰაერო და საარტილერიო ოპერაციებში, საქართველოს არმია მოუმზადებელი აღმოჩნდა ომისთვის. ის დამარცხდა რაოდენობრივი უპირატესობის მქონე რუსულ არმიასთან. 11 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დატოვებული ჰქონდათ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია და იხევდნენ უკან, თბილისისკენ. რუსეთმა დაიკავა დასავლეთ საქართველოში ფოთი, ზუგდიდი და სენაკი და შიდა ქართლში გორი, გაწყდა კომუნიკაცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. რუსეთის ჯარებმა ქართული მოსახლეობისგან გაწმინდეს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია, გადაწვეს მათი საცხოვრებელი სახლები და დახოცეს სამოქალაქო პირებიც.
15 აგვისტოს ცეცნხლი შეწყდა ევროკავშირის ჩარევის შედეგად. მთლიანობაში, ორივე მხარეს 850 ადამიანი დაიღუპა და 130 000 ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და კოდორის ხეობის ფაქტობრივი ანექსია მოახდინა. 26 აგვისტოს რუსეთმა და შემდეგ მისმა რამდენიმე სატელიტმა სახელმწიფომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები იურიდიულად აღიარა. საქართველო სათანადოდ ვერ დაიცვეს დასავლეთის ქვეყნებმა. ქვეყნის შიგნით ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს მთავრობა დაადანაშაულეს რუსეთის პროვოკაციებზე წამოგებაში. ომი სტრატეგიული მარცხი იყო აშშ-ის პოლიტიკისთვის კავკასიაში და გამოწვევა საერთაშორისო სამართლისთვის.
„ქართული ოცნების მმართველობა“ 2012 წლიდან
რედაქტირება2012 წელს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელის შედეგადაც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ „ქართული ოცნება“. 2013 წელს ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., სამსონაძე მ., დაუშვილი ა., „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდე“, თბილისი, 2012. — გვ. 526-542, ISBN 978-99410-4195-2.
- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012], ISBN 978-9941-0-5972-8.
- რასმუსი რ., „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, თბილისი, 2010, ISBN 978-9941-9126-6-5.
- გაული ვ., „კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995)“ = Verfassungsgebung in Georgien, თბილისი: IRIS Georgia, 2002 [2001], ISBN 99928-0-447-5.
- ჩერვონაია ს., „აფხაზეთი — 1992: პოსტკომუნისტური საქართველოს ვანდეა“, თბილისი: „ჯისიაი“, 1994.
- „რა ხდებოდა თბილისში“ / სილაგაძე ა., თბილისი: „სიურპრიზი“, 1992.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გამსახურდია ზ. „ნომენკლატურის რევანში საქართველოში“, 1993.
- ↑ საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ტომი II, პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბილისი, 2013, გვ. 283
- ↑ Kolstø, Pål. Political Construction Sites: Nation-Building in Russia and the Post-Soviet States, p. 70. Westview Press, Boulder, Colorado, 2000.
- ↑ პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა