საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2008

2008 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნების პარალელურად ჩატარდა პლებისციტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებაზე. საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით, ხოლო პლებისციტზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას.

‹ 2004 საქართველოს დროშა  2013 ›
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
5 იანვარი, 2008
პრეზ. კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ლევან გაჩეჩილაძე
პარტია ნაციონალური მოძრაობა ეროვნული საბჭო
მოსახლეობის ხმები 1,060,042 509,234
პროცენტი 53.47% 25.69%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი

საფუძველი

რედაქტირება

2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ შექმნილი დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა ახალი მანდატი მოქმედებებისათვის და ისურვა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 5 იანვარს.[1] პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან 25 ნოემბერს და ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. საქართველოს პარლამენტმა არჩევნები დანიშნა 5 იანვარს.[2]

კანდიდატები

რედაქტირება

არჩევნებში სულ 7 კანდიდატი მონაწილეობდა:

  ლევან გაჩეჩილაძე - დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც 12 ნოემბერს წარადგინა ოპოზიციურმა ერთობამ, ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ.[3] გააჩეჩილაძემ შიდა ოპოზიციურ არჩევნებში ერთი ხმით აჯობა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. გაჩეჩილაძე არჩევნებში მონაწილეობდა ლოზუნგით „საქართველო უპირველეს ყოვილსა“. მისი ძირითადი წინასაარჩევნი დაპირება იყო საფუძვლის მომზადება 6 თვეში ქვეყნის საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად ტრანსფორმაციისათვის.
  ბადრი პატარკაციშვილი - ბიზნესმენი, რომელიც იყო ნოემბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. 27 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც პატარკაციშვილი გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას. პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე, რომელიც მალე გადაიფიქრა.[4] პატარკაციშვილის წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იყო სოციალურ შეღავათებზე, რისთვისაც ის მზად იყო, საკუთარი სახსრებიდან დაეხარჯა 1,5 მილიარდი ლარი.
  დავით გამყრელიძე - პარტია ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო „ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა“. გამყრელიძე აქცენტს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაზე, აკეთებდა.
  შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. თავდაპირველად ლეიბორისტები იყვნენ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
  მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო „საქართველო სიღარიბის გარეშე“, წინასაარჩევნო პროგრამა სიღარიბის დაძლევას, სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.
  გია მაისაშვილი - „მომავლის პარტიის“ ლიდერი. მაისაშვილი აქცენტს აკეთებდა ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის ცვლილების მეშვეობით.
  ირინა სარიშვილი - პრო-რუსული პარტია „იმედის“ ლიდერი. სარიშვილი საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან დაახლოებისა და ურთიერთობების აღდგენის მომხრედ გამოდიოდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა კანდიდატებს: გიორგი შერვაშიძეს, შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს; ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილს; ავთანდილ მარგიანს, 90-იანი წლების დასაწყისში მთავრობის ვიცე-პრემიერს; შალვა კუპრაშვილს, არჩილ იოსელიანსა და ლევან ქიძინიძეს, რადგან მათ ვერ შეაგროვეს 50 ათასი მხარდამჭერის სია.

კანდიდატების რეიტინგები

რედაქტირება

ნოემბერში გაზეთმა „მთელი კვირა“ გამოაქვეყნა სატელეფონო კვლევის შედეგები, რომელიც 410 რესპოდენტს მოიცავდა. ამ მონაცემებით ლიდერობდნენ ლევან გაჩეჩილაძე (18%) და მიხეილ სააკაშვილი (16%), ხოლო 32% აცხადებდა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას.[5] დეკემბერში ცნობილი გახდა BCG-ის კვლევის შედეგები. კვლევა ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დაკვეთილი და მასში 13 000 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ამ კვლევის თანახმად სააკაშვილს მხარს უჭერდა 63% იმ ამომრჩევლებისა, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ არჩევნებზე წასვლა.[6] ასევე ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ჩატარებულმა ACT-ის კვლევის თანახმად იმ რესპონდენტთა 64%-მა, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ხმის მიცემა, განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს დაუჭერენ მხარს. შემდეგ მოდიოდნენ ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი პატარკაციშვილი ხმების 17%-ით და 10%-ით.[6]

23 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც ოპოზიციურად იყო განწყობილი, გამოაქვეყნა „დემოკრატიის განვითარების დიალოგის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. 2 100 რესპონდენტიდან 22,1% მხარს უჭერდა ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს, მიხეილ სააკავშვილს 20,3%, ხოლო ტელეკომპანიის მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილს - 19,1%.[6]

უკანასკნელი კვლევა არჩევნების წინ ჩაატარა Greenberg Quinlan Rosner-მა. ამ შედეგების მიხედვით სააკაშვილს მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 42%, გაჩეჩილაძეს - 19%, ხოლო პატარკაციშვილს - 11%.[7]

საარჩევნო პროცესი

რედაქტირება

არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობაში მოხდა ცვლილება, რის მიხედვითაც დაშვებულ იქნა ხმის მიცემა დამატებითი სიის საშუალებით, იმ პირთათვის, ვინც არ მოხვდა საარჩევნო სიებში. ცვლილება დასაბუთებული იყო იმ გარემოებით, რომ საარჩევნო სიები მოკლე დროში მომზადდა და მასში ბევრი მოქალაქე იყო გამოტოვებული. საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ცვლილება, რადგანაც ის ქმნიდა შესაძლებლობას არჩევნების გაყალბებისათვის.[8]

ოპოზიციური კანდიდატები მიხეილ სააკაშვილს ბრალად სდებდნენ კანონის საწინააღმდეგოდ საჯარო ფინანსების გამოყენებას საარჩევნო კამპანიისათვის. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების დაკავშირება საარჩევნო კამპანიასთან, მათ შორის ამ პროგრამების საინფორმაციო ფურცლებზე შემოხაზული „N5“ - მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერი.[9] მისივე დასკვნით, ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქება არ იყო ბოლომდე დაბალანსებული. ძირითადი დრო ეთმობოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხოლო ტელეკომპანია „კავკასია“ არღვევდა ბალანსს ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ.[10]

ტელეკომპანია სააკაშვილი გაჩეჩილაძე გამყრელიძე პატარკაციშვილი ნათელაშვილი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 41% 16% 17% 13%
ტელეკომპანია „იმედი“ 34% 18% 17%


ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხშირი იყო მათი აქტივისტების და დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები.[11] ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტში პირს, რომელმაც ოფისი მიაქირავა გაჩეჩილაძის შტაბს, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.[9]

არჩევნები ჩატარდა საქართველოს 3512 საარჩევნო უბანზე, მათ შორის საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში 2008 წლის 5 იანვარს. 5 მაღალმთიან სააარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა 2007 წლის 28 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამარჯვებისთვის კანდიდატს უნდა მიეღო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 50%+1 ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნებოდა მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატს შორის.

არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელშიც შედიოდნენ ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები. ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებდნენ ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ (nGnI), ასევე ნაკლებად ცნობილი უკრაინული ორგანიზაცია „საერთო ევროპული საქმე“. ეგზიტ-პოლებს აწარმოებდნენ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ინსტიტუტი (GFSIS) 4 ქართულ ტელევიზიასთან თანამშრომლობით.

ხარვეზები დაფიქსირდა არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ხმის დათვლის პროცესი უბნების 23%-ში შეფასდა, როგორც „ცუდი ან ძალიან ცუდი“, ხოლო 8%-ში ისინი გახდნენ შემაჯამებელი ოქმის შეცვლის მოწმენი. 940 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ხმა მისცეს, არ ემთხვეოდა ბიულეტენების ჯამს. ბათუმის, ლენტეხისა და დმანისის საარჩევნო ოლქებში იყო შემთხვევები, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმი არ ემთხვეოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამის ოქმს. 45 საარჩევნო უბანში უჩვეულოდ მაღალი აქტივობა - 500-ზე მეტი ამომრჩევველი - დაფიქსირდა მხოლოდ ბოლო სამი საათის განმავლობაში.[12]

შედეგები

რედაქტირება

არჩევნების ოფიციალურ შედეგებამდე გამოქვეყნდა ეგზიტ-პოლებისა და ხმათა პარალელური დათვლის შედეგები.

სააკაშვილი გაჩეჩილაძე პატარკაციშვილი სხვა კანდიდატები
ეგზიტ-პოლი 53,8% 28,3% <7% <7%
ხმების პარალელური დათვლა/ISFED 50,8% 27,2% 7,3% <5%
ხმების პარალელური დათვლა/nGnI 52,09% 25,74% 7,23% <7%
ხმების პარალელური დათვლა/„საერთო ევროპული საქმე“ 24,4% 31%

ხმების დათვლა გაგრძელდა ერთი კვირის მაანძილზე. საბოლოო შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. წინა ღამით ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები.[13] საჩივრები არ წარუდგენია „ნაციონალურ მოძრაობას“.

13 იანვარს ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,47%-ით მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულად გამოაცხადა.

კანდიდატი პარტია ხმების რაოდენობა %
მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა 1,060,042 53,47
ლევან გაჩეჩილაძე ერთიანი ეროვნული საბჭო 509,234 25,69
ბადრი პატარკაციშვილი დამოუკიდებელი 140,826 7,10
შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია 128,589 6,49
დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეები 79,747 4,02
გია მაისაშვილი მომავლის პარტია 15,249 0,77
ირინა სარიშვილი იმედი 3,242 0,16

შეფასება

რედაქტირება

პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ასევე ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს.

ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. მისი შტაბის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა დაახლოებით 110 000 ხმა (მთლიანი ხმების 6%). 6 იანვარს დავით გამყრელიძემ აღიარა საკუთარი დამარცხება და მოუწოდა ცესკოს, გამართულიყო მეორე ტური გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის.[14] მოთხოვნას შეუერთდნენ კანდიდატიები - გია მაისაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. შალვა ნათელაშვილმა კი მოითხოვა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შემდეგ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეყოლება ხალხის მიერ არაღიარებული პრეზიდენტი, ხოლო დავით ბერძენიშვილმა სააკაშვილს უწოდა ისეთივე არალეგიტიმური ლიდერი, როგორც სეპარატისი პრეზიდენტები. არჩევნების შედეგები გახდა მიზეზი ოპოზიციის მიერ 6, 13 და 20 იანვარს ჩატარებული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისა თბილისში.

საერთაშორისო მისიები

რედაქტირება

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესი სამართლიანად და დემოკრატიულად მიიჩნიეს. მათი განცხადებით არჩევნები გამოხატავდა ხალხის თავისუფალ არჩევანს.[15] ასეთივე შეფასებები გამოთქვეს გერმანიის, ესტონეთისა და ლიტვის პარლამენტების წევრებმა.[16]

უფრო კრიტიკური იყო ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელიც 2008 წლის მარტში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ეს იყო პირველი ნამდვილად კონკურენტული არჩევნები საქართველოში, თუმცა საარჩევნო კამპანია გადაფარა დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებმა, რომლებიც საჯარო მოხელეებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შეეხებოდა. ასევე ბუნდოვანი იყო განსხვავება მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის.

ეუთომ პოზიტიურად შეაფასა კენჭისყრის დღე და ხმის მიცემის პროცესი. ის შეფასდა როგორც „კარგი“ ან „ძალიან კარგი“, გამონაკლისი იყო მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის მხარე. უარყოფითად შეფასდა ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი.

სახალხო დამცველი

რედაქტირება

საქართველოს სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, თუმცა არათავისუფალი. ანგარიში განსაკუთრებით აკრიტიკებდა დამატებითი სიებით ხმის მიცემის წესს, საარჩევნო უბნები 12-12%-ზე მარკირების გამოუყენებლობას, მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო დავების განხილვის წესსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.[17]

პლებისციტი

რედაქტირება

არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა პლებისციტი ორი საკითხის დასადგენად: ემხრობოდა თუ არა მოსახლეობა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე. ცესკომ პლებისციტის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა 11 იანვარს. ამომრჩევლების 69,8%-მა მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე. ამომრჩეველთა 72,5%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. არჩევნები ჩატარდეს 5 იანვარს - სააკაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-09.
  2. პარლამენტმა არჩევნების თარიღი დანიშნა[მკვდარი ბმული]
  3. ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გაჩეჩილაძეა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-09.
  4. პატარკაციშვილი ბრძოლას განაგრძობს
  5. Low Numbers for Candidates in Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  6. 6.0 6.1 6.2 სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  7. Survey Shows Saakashvili with Strong Lead in Presidential Ballot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  8. Georgien Nachrichten: ცვლილება საარჩევნო კოდექსში[მკვდარი ბმული]
  9. 9.0 9.1 OSCE Issues Second Interim Report on Election Campaign. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-30. ციტირების თარიღი: 2009-08-09.
  10. OSCE Monitoring: Media Lacks Balance in Campaign Coverage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-30. ციტირების თარიღი: 2009-08-09.
  11. ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებს გმობს
  12. ეუთო კენჭისყრის შემდგომ პროცედურებზე კრიტიკულ მოხსენებას აქვეყნებს
  13. ცესკო-მ საჩივრები არ დააკმაყოფილა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  14. გამყრელიძე არჩევნების მეორე ტურისკენ მოუწოდებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  15. საერთაშორისო დამკვირვებლებმა შუალედური დასკვნა გამოაქვეყნეს[მკვდარი ბმული]
  16. Deutscher Wahlbeobachter nennt Wahlen in Georgien ziemlich demokratisch[მკვდარი ბმული]
  17. ადამიანის უფლებები საქართველოში 2007 წლის მეორე ნახევარი, სახალხო დამცველის მოხსენება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-01. ციტირების თარიღი: 2010-06-02.