საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2004

2004 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, ჩატარდა 2004 წლის 4 იანვარს. არჩევნებს წინ უსწრებდა ვარდების რევოლუცია და ედუარდ შევარდნაძის პოსტიდან გადადგომა. არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით დამთავრდა, მან ხმათა თითქმის 97% მიიღო.

2000 საქართველოს დროშა 2008
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
4 იანვარი, 2004
პრეზ. კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თეიმურაზ შაშიაშვილი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მოსახლეობის ხმები 1,890,739 36,716
პროცენტი 96.24% 1.87%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილი

საპრეზიდენტო არცევნების პარალელურად ტარდებოდა პარლამენტის მაჟორიტარი წევრების არჩევნები იმ 11 საარჩევნო ოლქში, რომელშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

საფუძველი რედაქტირება

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა 23 ნოემბერს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, 45 დღეში დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

კანდიდატები რედაქტირება

არჩევნებში მონაწილეობდა 6 კანდიდატი. მიუხედავად ამისა, არჩევნები არ ყოფილა კონკურენტული, რადგანაც მასში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფავორიტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს ვარდების რევოლუციას ან დისტანცირებულნი იყვნენ მისგან, როგორებიც იყვნენ ახალი მემარჯვენეები, საქართველოს ლეიბორისტული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი, არ წარუდგენიათ საპრეზიდენტო კანდიდატები.

№ 1 როინ ლიპარტელიანი - „დავით აღმაშენებლის პარტიის“ თავმჯდომარე, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი.
№ 2 ქართლოს ღარიბაშვილი - ადვოკატთა პარტიის თავმჯდომარე, 1995 წლისა და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
№ 3 ზურაბ ქელეხსაშვილი - პოლიტიკური ორგანიზაცია „მძლეველის“ კანდიდატი. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა, თუმცა მისი გვარი დარჩა საარჩევნო ბიულეტენებში.
№ 4 თეიმურაზ შაშიაშვილი - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეკავა იმერეთის მხარის გუბერნატორის პოსტი. ასოცირდებოდა შევარდნაძის პარტიასთან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან, თუმცა ოფიციალურად მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.
№ 5   მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი. მას მხარს უჭერდნენ ვარდების რევოლუციაში მონაწილე პარტიები: „ბურჯანაძე-დემოკრატები“, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია და „ტრადიციონალისტთა კავშირი“.
№ 6 ზაზა სიხარულიძე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის კანდიდატი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა იგორ გიორგაძეს.

საარჩევნო პროცესი რედაქტირება

საარჩევნო კამპანია უკიდურესად პასიური და მოვლენებით ღარიბი იყო. რამდენიმე კანდიდატმა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხები, რათა დაემზადებინათ კამპანიის მასალები ან მოეწყოთ ღონისძიებები. სააკაშვილი, რომელიც ფავორიტად იყო აღიარებული, ფოკუსირებული იყო ხმის მიცემაში ფართო მონაწილეობის წახალისებაზე.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ადმინსიტრაციული რესურსები ზოგჯერ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, კერძოდ კი მისი საარჩევნო შტაბები განთავსებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ შენობებში (ყვარელი, ყაზბეგი, ახალქალაქი, ასპინძა), ასევე კამპანიის მასალები ზოგჯერ საჯარო შენობებში იყო გამოფენილი (გორი, კარალეთი, ახალქალაქი, ამბროლაური).

საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდობიანი იყო. გამონაკლისი იყო მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მმართველი ასლან აბაშიძე 28 დეკემბრამდე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა არჩევნების ჩატარებას. მან აჭარის ტერიტორიაზე უკანონოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 იანვრამდე მოქმედებდა და ხელახლა იქნა გამოცხადებული 7 იანვარს.

შედეგები რედაქტირება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 იანვარს დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და გამოაცხადა შედეგები:

კანდიდატი ხმა %
მიხეილ სააკაშვილი 1,890,739 96,24
თეიმურაზ შაშიაშვილი 36,716 1,87
როინ ლიპარტელიანი 5,158 0,25
ზაზა სიხარულიძე 4,782 0,24
ქართლოს ღარიბაშვილი 4,222 0,21
ზურაბ ქელეხსაშვილი 1,908 0,1
სულ 1,963,556 100,0

სასამართლოებსა და საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. შედეგები გაუქმდა მთაწმინდის (N 40), მარნეულის (N 4, N 13 და N 22) და ოზურგეთის (N 23) საარჩევნო უბნებში მასშტაბური გაყალბების გამო. რადგან ამ გაუქმებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა საერთო შედეგებზე, ხელახალი ხმის მიცემა დანიშნული არ ყოფილა

შეფასება რედაქტირება

ეუთოს დასკვნით, 2004 წლის 4 იანვარს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აღინიშნა შესამჩნევი პროგრესით წინა არჩევნებთან შედარებით და მიაახლოვა ქვეყანა ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასთან. განსხვავებით 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისაგან, ხელისუფლებამ გამოავლინა კოლექტიური პოლიტიკური ნება, ჩაეტარებინა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი.

ეუთომ ხაზი გაუსვა ზოგიერთ პრობლემატურ ტენდენციასაც: კერძოდ კი საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ პოლიტიკურ დისბალანსს, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლში კვლავაც მოხდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა და ოქმების ჩასწორება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება