საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1995

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (1995))

1995 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ. ეუთო-ს დასკვნით, არჩევნებმა საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა და სხვადასხვა პრობლემას მისი შედეგებისთვის ჩრდილი არ მიუყენებია.[1] თუმცა, ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.[2]

1991 საქართველოს დროშა 2000
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
5 ნოემბერი, 1995
პრეზ. კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე ჯუმბერ პატიაშვილი
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
მოსახლეობის ხმები 1,589,909 414,303
პროცენტი 74.04% 19.58%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე

საფუძველი

რედაქტირება

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

კანდიდატები

რედაქტირება

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:

  ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1993-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეკავა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა.
  ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
  აკაკი ბაქრაძე - კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.
პანტელეიმონ გიორგაძე - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1993-2009 წლებში.
ქართლოს ღარიბაშვილი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში.
როინ ლიპარტელიანი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში, ფრაქცია „დავით აღმაშენებლის” და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

შედეგები

რედაქტირება

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 106 557. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 139 369 ადამიანმა. 7980 ბიულეტენი (მონაწილეთა 2,7%) ბათილად ჩაითვალა.

კანდიდატი ხმების რაოდენობა %
ედუარდ შევარდნაძე 1,589,909 74,04
ჯუმბერ პატიაშვილი 414,313 19,58
აკაკი ბაქრაძე 31,350 1,48
პანტელეიმონ გიორგაძე 10,697 0,50
ქართლოს ღარიბაშვილი 10,023 0,47
როინ ლიპარტელიანი 7,948 0,37

ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია იმავე წლის 25 ნოემბერს შედგა.

საპარლამენტო არჩევნები

რედაქტირება

იმავე დღეს პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელშიც სამმა პარტიამ მოახერხა 5%-იანი ზღვარის გადალახვა. ესენი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი.

  1. Report on the Parliamentary Elections in the Republic of Georgia ინგლისურად (PDF). ეუთო (01 თებერვალი 1996). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 106, ISBN 978-9941-0-5972-8.