საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სამართალი — სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა მიერ იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს, რომლებიც თავს იჩენენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და რომელთა შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესამუშავებლად. საერთაშორისო სამართლის ქვესახეობას წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, საერთაშორისო სამართალი კოსმოსური სივრცის გამოყენების თაობაზე, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოს დაცვის სამართალი.
საერთაშორისო სამართლის ცნება პირველად ჯერემი ბენტჰემმა 1780 წელს წიგნში „შესავალი მორალისა და წარმომადგენლობის პრინციპებში“ გამოიყენა. დაახლოებით 1840 წლიდან ამ ცნებამ ინგლისურ და რომანულ ენებში ძველი ტერმინი „ხალხთა სამართალი“ ჩაანაცვლა (ფრანგ. droit de gens) ცნება „ხალხთა სამართალი“ ძალიან ძველია და რომაულ ეპოქას უკავშირდება. რომაელები საერთაშორისო ურთიერთობებში ius gentium-ის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ (შემონახულია ციცერონის ნაწერებში). გერმანულ, დანიურ, სკანდინავიურ და ზოგიერთ სლავურ ენებში ისევ ძველი ცნება „ხალხთა სამართალი“ გამოიყენება (მაგ.: Völkerrecht, Volkenrecht...)
პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შუა მოღვაწე მკვლევარებს საერთაშორისო სამართლის დეფინიციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმიათ. აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად ისინი თანხმდებობნენ, რომ საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დარეგულირების საშუალებაა. პოზიტივისტთა დომინანტური დოქტრინის თანახმად საერთაშორისო სამართლის ერთადერთი სუბიექტი სახელმწიფო იყო.
თუმცა ეს მოსაზრება მაშინაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. უკვე მაშინაც არსებობდა მცირე რაოდენობის საერთაშორისო სამართლებრივი წარმონაქმნები, რომელთაც სახელმწიფოს სტატუსი არ ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა უამრავი სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, კერძო პირების მიერ დაარსებული რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი მრავალეროვნული კონცერნი, ეთნიკური უმცირესობები, რომელთაც საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი მიიღეს.
საერთაშორისო სამართლის ცნების მუდმივ განვითარებაზე ამერიკის სამართლის ინსტიტუტის „საერთაშორისო სამართლის“ დეფინიციაც (მესამე შესწორება) მიუთითებს, რომელშიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განიხილება, როგორც სუვერენული სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და (შეზღუდული უფლებებით) კერძო და იურიდიული პირები.
საერთაშორისო სამართლის საფუძვლებზე საუბრისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მნიშვნელოვან თეორიულ ასპექტებს:
საყოველთაო და რეგიონალური საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სამართლის თავისებურებები
საერთაშორისო სამართალი, როგორც „სამართალი“
საერთაშორისო სამართლის საზღვრები
ტერმინოლოგია
რედაქტირებატერმინი „საერთაშორისო სამართალი“ სამოქალაქო სამართლის სპეციალისტების მიერ, რომლებიც ცდილობენ მისდიონ რომაული სამართლის ტრადიციებს, ხშირად დაყოფილია როგორც „კერძო“ და „საჯარო“ საერთაშორისო სამართალი.[1] რომაელი იურისტები განსხვავებენ jus gentium, სახელმწიფოთა სამართალი, და jus inter gentes, სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები. ამ შეხედულებათა დაყრდნობით საერთაშორისო საჯარო სამართალი არეგულირებს სახელმწიფთა საერთაშორისო ურთიერთობებს და აერთიანებს შემდეგ დარგებს: საერთაშორისო სახელშეკრულებლო სამართალი, საერთაშორისო საზღვაო სამართალი, საერთაშორისო სისხლის სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ლტოლვილთა სამართალი და ა.შ. რაც შეეხება „კერძო“ საერთაშორისო სამართალს, ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეროვნული სასამართლოების უირისდიქციის განხორციელება ისეთ საქმეებზე, რომელიც საერთაშორისო ელემენტებს შეიცავს და ასეთ საქმეებზე რომელი ქვეყნის კანონები გამოიყენება.[2]
უახლესი კონცეფცია, რომელიც გაჩნდა საერთაშორისო სამართალში, ესაა „ზესახელმწიფოებრივი სამართალი“, რომელიც ეხება რეგიონულ შეთანხმებებს. ასეთი შეთანხმებები სახელმწიფოებს ბოჭავს და ეროვნულ კანონმდებლობასთან კონკურეციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის წევრებიც ეს უკანასკნელი სახელმწიფოები არიან.[3] ზესახელწიფოებრივი სამართალი გამოიყენება იმ დროს, როდესაც სახელმწიფოებს სურთ კონკრეტული დავები ან რაიმე გადაწყვეტილებები განხილულ იქნას საერთაშორისო ტრიბუნალის მეშვეობით.[4] ევროკავშირი არის ძალიან ნათელი მაგალითი საერთაშორისო ხელშეკრულების ორგანიზაციისა, რომელიც ევროპულ სასამართლოსთან ერთად ნერგავს ზესახელწიმფიოებრივ სასამართლო სისტემას, რის საფუძველზეც „ევროპულ სამართალს“ აქვს უზენაესი ძალა მისი წევრი სახელწიფოების ეროვნულ სამართალთან კონკურენციისას.
ისტორია
რედაქტირებასაერთაშორისო სამართლის საწყისები უძველესი დროიდან მოდის. ერთ-ერთი პირველი მაგალითი საზავო ხელშეკრულებებია, რომელებიც დადებულია მესოპოტამიის ქალაქ-სახელწიფოებს შორის (ძვ. წ. დაახლ. 2100 წ.), ასევე ძვ. წ. 1258 წელს დადებული საზავო ხელშეკრულება ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სა და ხეთების მეფის ხათუსილი III-ს შორის. ასევე შესაძლოა ასეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის განიხილებოდეს სხვადასხვა შეთანხმება პოლიტიკურ საკითხებზე ხმელთაშუაზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ აზიაში.
ძველმა საბერძნეთმა, რომელმაც განავითარა მმართველობის სისტემები და საერთაშორისო ურთიერთობები, დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სამართლის სისტების ჩამოყალიბებაში. მრავალი საზავო ხელშეკრულება იდებოდა საბერძნეთის ქალაქ-სახელწფოებსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის. რომის იმპერიამ ჩამოაყალიბა ადრეული კონცეფცია საერთაშორისო სამართალში, კერძოდ, jus gentium („სახელმწიფოთა სამართალი“), რომელიც აწესრიგებდა რომის იმპერიაში მცხოვრებ უცხოელთა უფლებებს, ასევე უცხოელებსა და რომის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს. მიუხედავად ზემოთქმულისა თუ თანამედროვე საერთაშორისო სამართალს შევადარებთ რომაულ სამართალს მათ შორის განსხვავება მკაფიოდ გამოიკვეთება, ვინაიდან რომაული სამართალი უნივერსალურობის კონტექსტში აწესრიგებდა ურთიერთობებს რომაელი მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კი ისეთი პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობებს აწესრიგებს, როგორიცაა სახელმწიფოები.
ძვ. წ. VIII საუკუნეში, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდის დასაწყისში, ჩინეთი ეთნიკურად ხანებით დასახლებულთა სახელმწიფობად იყო დაყოფილი. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი ერთამენთთან. ამ კონფლიქტების ნიადაგზე წარმოიშა წესები დიპლომატიისა და შეთანხმებების წარმოებისთვის. წესები მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სამართლიანი ომის წარმოების საფუძვლებს, ნეიტრალური მხარის უფლებების შესახებ დანაწესებს, ასევე სახელმწიფოთა გაერთიანებისა და გაყოფის წესებს. მებრძოლი სამეფოების პერიოდში განვითარდა ორი ძირითადი სკოლა, კონფუციანიზმი და ლეგალიზმი, რომელთაგან ორივე აღნიშნავდა, რომ ეროვნული და საერთაშორისო სამართლის სფეროები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, ასევე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ნორმატიული პრინციპები, რომელთა მეშვეობით დაარეგულირებდნენ საგარეო ურთიერთობებს. ანალოგიური მოსაზრებები განვითარდა ინდოეთის პროვინციებში. თანადათანობით, სახელმწიფოების ტერიტორიაზე დაარსდა მუდმივმოქმედი და დროებითი საელჩოები, რომლებთა მეშვეობით მყარდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის.[5]
V საუკუნეში, დასავლეთ რომის იმპერიის დაცმის შემდგომ, დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფო წარმოიშვა, რომელთაც საუკუნეების მანძილზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. პოლიტიკური ძალაუფლება გადანაწილებული იყო სხვადასხვა სუბიექტებზე, მათ შორის იყო ეკლესია, სავაჭრო ქალაქ-სახელმწიფოები და სამეფოები. როგორც ჩინეთი და ინდოეთი, ეს სუბიექტებიც ცდილობდნენ შეემუშავებინათ ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ სტაბილურ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს. ადრეული მაგალითები ასეთი ნორმებისა გაერთიანებული იყო საეკლესიო სამართალში, რომელიც აწესრიგებდა საეკლესიო ინსტიტუტებისა და სამღვდელოების ფუნქციონირებას მთელს ევროპაში. ასევე განვითარდა სავაჭრო და საზღვაო სამართალი, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ ევროპას და ბალტიისპირეთს.[6]
ისლამურ სამყაროში საგარეო ურთიერთობების წარმოება ემყარებოდა მსოფლიოს სამ კატეგორიად დაყოფას: დარ ალ-ისლამი (ისლამის ტერიტორია), სადაც ისლამური კანონები ჭარბობდა; დარ ალ-სულჰი (ხელშეკრულების ტერიტორია), არაისლამური სამეფოები, რომლებმაც შეწყვიტეს საომარი მოქმედებები ისლამურ სახელწიფოებთან და დადეს საზავო ხელშეკრულებები; და დარ ალ-ჰარბი (ომის ტერიტორია), არაისლამური ტერიტორია რომელთანაც აწარმოებდნენ ომს და მოუწოდებდნენ მიეღოთ ისლამი.[7][8] VII საუკუნეში, ადრეული ხალიფატის დროს, ისლამური სამართლის პრინციპები, რომლებიც სამხედრო ტყვეების მოპყრობას ეხებოდა, ითვლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საწყისებად. იმ პერიოდის ისლამურმა სამართალმა დააწესა ჰუმანიტარული შეზღუდვები, ომის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე დააწესა საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინაპირობები, მკაცრად გაიმიჯნა სამოქალაქო და სამხედრო პირები და მათ მიმართ მოპყრობა, ზედმეტი სისასტიკე აიკრძალა, ასევე დაეკისრათ ავადმყოფებსა და დაჭრილებზე ზრუნვის ვალდებულება.[9] ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით შემდეგი მოთხოვნები იყო ჩამოყალიბებული - თავშესაფრით, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, მათი კულტურის პატივისცემა, ნებისმიერი სახით წამების აკრძალვა, გაუპატიურება ან შურისძიება. ზოგიერთი ამ პრინციპების კოდიფიცირება ევროპამ მხოლოდ თანამედროვე დროში მოახდინა.[10]
შუა საუკუნეების ევროპაში საერთაშორისო სამართალი პირველ რიგში მოიცავდა ომის მიზნებისა და ლეგიტიმურობის ჩამოყალიბებას, ასევე ცდილობდა დაედგინა თუ რას წარმოადგენდა „სამართლიანი ომი“. დროებითი ზავის თეორიის თანახმად ის სახელმწიფო რომელიც უკანანო ომს აწარმოებდა ვერ მიიღებდა ნადავლს ან ტერიტორიას.[11] ბუნებითი სამართლის ბერძნულ-რომაული კონცეფცია გაერთიანებული იყო რელიგიურ პრინციპებთან, რომელიც ებრაელი ფილოსოფოსის მოსე მაიმონიდის და ქრისტიანი თეოლოგის თომა აკვინელის მიერ იქნა შემუშავებული. მათ სურდა შეექმნათ ახალი დისციპლინა - „სახელმწიფოთა სამართალი“, რომელიც ბუნებითი სამართლის ნორმებს გამოიყენებდა სახელმწიფოთა ურთიერთობებში.
თანამედროვე საერთაშორისო სამართლის წარმოშობა
რედაქტირებაXV საუკუნეში ისეთმა ფაქტორებმა იჩინეს თავი, რომლებმაც დააჩქარეს საერთაშორისო სამართლის განვითარება. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ბერძენი ფილოსოფოსების შედინება დაიწყო, ამავე საუკუნეში გავრცელდა ბეჭდვის ხერხი, განვითარდა ჰუმანიზმი და ინდივიდუალური უფლებების იდეა. ევროპელთა მიერ ნაოსნობის განვითარებამ ხელი შეუწყო მეცნიერებს შეექმნათ ისეთი კონცეპტუალური სისტემა, რომლის მეშვეობით დაარეგულირებდნენ სხვადასხვა ხალხებს შორის ურთიერთობებს. ცენტრალიზებული სახელმწიფოების შექმნამ, როგორებიცაა ესპანეთი და საფრანგეთი, მოიტანა მეტი სიმდიდრე, ამბიცია და ვაჭრობა, რომელთაც სჭირდებოდათ სულ უფრო დახვეწილი წესებისა და რეგულაციების ჩამოყალიბება.
იტალიის ნახევარკუნძული, რომელიც სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოდ იყო დაყოფილი, კომპლექსური და დაძაბული ურთიერთობებით ხასიათდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა შემდგომში საერთაშორისო სამართლის თეორიის ჩამოყალიბება. იურისტმა და სამართლის პროფესორმა ბართოლო დე საქროფერატომ (1313–1357), რომელიც კარგად იყო გათვიცნობიერებული რომაულ და ბიზანტიურ სამართალში, დიდი წვლილი შეიტანა „სასამართლო სისიტემების კონფლიქტის“ სფეროს განვითარებაში, რომელიც ეხებოდა კერძო ინდივიდებისა და სხვადასხვა სუვერენულ სუბიექტებს შორის დავას. ის ითვლება საერთაშორისო კერძო სამართლის დამაარსებლად. ასევე იტალიელმა იურისტმა და სამართლის პროფესორმა, ბალდუს დე უბალდისმა (1327–1400), გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი რომაული, საეკლესიო და ფეოდალური სამართლის კომენტარებთან ერთად, რომელშიც განიხილებოდა ორგანიზებული სამართლის წყაროები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სხვადასხვა ერის მიერ. ალბერიკო გენტილი (1552–1608) ითვლება საერთაშორისო სამართლის დამფუძნებლად, ვინაიდან 1585 წელს სწორედ მან დაწერა ერთ-ერთი პირველი ნაშრომი, De Legationibus Libri Tres. მან კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, მათ შორის გამორჩეულია De jure belli libri tres (სამი წიგნი ომის სამართლის შესახებ), რომელშიც გადმოცემულია ყოვლისმომცველი კომენტარები ომის სამართლისა და ხელშეკრულებების შესახებ.
ესპანეთის იმპერიამ, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში სწრაფად ვითარდებოდა, როგორც ეკონომიკურად ისე ინტელექტუალურად, დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სამართლის განვითარებაში. ფრანცისკო დე ვიტორიამ (1486–1546), რომელიც შეშფოთებული იყო ესპანეთის ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობის შევიწროებით, წარმოადგინა ადამიანის თანდაყოლილი უფლებების და ღირსების იდეა, როგორც საყრდენი სახელმწიფოთა სამართლის, ეს აღმოჩნდა ადრეული ვერსია ადამიანების სუვერენული თანასწორობის კონცეფციისა. ფრანცისკო სუარესი (1548–1617) გამოთქვამდა მოსაზრებას რომ საერთაშორისო სამართალი დაფუძნებული იყო ბუნებითი სამართლზე.
ჰოლანდიელი იურისტი ჰუგო გროციუსი (1583–1645) საერთაშორისოდ აღიარებულია ყველაზე გავლენიან პიროვნებად საერთაშორისო სამართლის დარგში. ის იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოაქვეყნა ნაშრომი საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომ ის მიიღწევა არა ძალის გამოყენებით და ომის წარმოებით, არამედ ფაქტობრივი კანონების, ურთიერთშეთანხმებისა და ჩვეულების საფუძველზე.[12] გროციუსმა მოახდინა საერთაშორისო სამართლის სეკულარიზაცია და ჩამოაყალიბა საყოველთაო სისტემად. მან 1625 წლის ნაშრომში, De Jure Belli ac Pacis (ომისა და მშვიდობის სამართალი), ჩამოაყალიბა ბუნებითი სამართლის იმ პრინციპების სისტემა, რომელიც სავალდებულო იყო ყველა სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა თუ რას ითვალისწინებდა მათი ეროვნული სამართალი და ჩვეულება. მან საფუძველი ჩაუყარა ღია ზღვის თავისუფლების პრინციპს, რომელიც არა მხოლოდ რელევანტური იყო ევროპის კოლონიური სახელმწიფოებისთვის, არამედ დღესაც არ კარგავს აქტუალობას და რჩება საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედად. მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სამართლის თანამედროვე სახით შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო, XVI საუკუნის მეცნიერები გენტილი, ვიქტორია და გროციუსი ითვლებიან „საერთაშორისო სამართლის მამებად“.[13]
გროციუსის შთაგონებით საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა ორი სკოლა, ნატურალისტებისა და პოზიტივისტების. გერმანელი იურისტი სამუელ პუდენდორფი (1632–1694) გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ბუნებითი სამართალი სახელმწიფოებზე მაღლა მდგომია. თავის 1672 წლის ნაშრომში, De iure naturae et gentium, განავრცო გროციუსის თეორია და ამტკიცებდა, რომ ბუნებითი სამართალი არეგულირებს მხოლოდ სახელმწიფოების საგარეო აქტებს. სახელწიფოთა ქმედებები მოიცავს ამ სახელმწიფოში შემავალი ინდივიდების ჯგუფთა ქმედებებს, ამგვარად ეს ინდივიდები სახელმწიფოსგან ითხოვენ ჩამოაყალიბონ გონივრული სამართალი, რომელიც თავის მხრივ დაუფძნებულია ბუნებით სამართალზე. პუფენდორფი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც გააფართოვა საერთაშორისო სამართალი და გასცდა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოების ფარგლებს. ის მხარს უჭერდა დადგენილი ნორმები დანერგილიყო მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში და სავალდებულო ყოფილიყო ყველა ერისთვის.
მათ საპირისპიროდ, პოზიტივისტები, რიჩარდ ზუში (1590–1661) ინგლისში და კორნელიუს ვან ბინკერშოკი (1673–1743) ნიდერლანდებში, ამტკიცებდნენ რომ საერთაშორისო სამართალი გამომდინარეობს სახელმწიფოთა პრაქტიკიდან და არა ქრისტიანული ან ბერძნულ-რომაული წყაროებიდან. საერთაშორისო სამართლის შესწავლამ განაპირობა მისი ძირითადი ინტერესის, როგორიცაა ომის სამართალი, საზღვაო და კომერციული შეთანხმებები, შეცვლა. პოზიტივიზმის სკოლა იყენებდა ახალ სამეცნიერო მეთოდს და ამ თვალსაზრისით მხარს უჭერდა ემპირისტიკულ და ინდუქციურ მიდგომას, რომელიც ევროპაში თანდათანობით იკიდებდა ფეხს.
„ვესტფალიური სისტემის“ ჩამოყალიბება
რედაქტირებაXVI საუკუნეში განვითარებამ პიკს მიაღწია 1648 წელს ვესტფალიის ზავის დადებით, რომელიც ითვლება ფინალურ მოვლენად საერთაშორისო სამართალში. „ვესტფალიის სუვერენიტეტმა“ ჩამოაყალიბა ამჟამინდელი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ, სუვერენულ ორგანოებს, ცნობილი ასევე როგორც ერი-სახელმწიფოები. ისინი სარგებლობენ სუვერენული თანასწორობის უფლებით, მიუხედავად მათი ძალაუფლების, გავლენის სფეროს და ა.შ. ამასთან სარგებლობენ საზღვრების ხელშეუხებლობისა და საშიანო საქმეებში ჩაურევლობის უფლებით. ამ პერიოდიდან ერი-სახელმწიფოს კონცეფცია სწრაფად განვითარდა, რასაც მოჰყვა ურთიერთობათა ჩახლართულობა. ამის დასარეგულირებლად აუცილებელი გახდა სტაბილური, ფართოდ გავრცელებული, მისაღები წესების დამკვიდრება და ჩამოყალიბება. ნაციონალიზმის იდეამ, რომელშიც ხალხმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც რაღაც კონკრეტული ეროვნული ჯგუფის წევრისა, უფრო თვალსაჩინო გახადა ერი-სახელმწიფოების კონცეფცია.
ნატურალისტური და პოზიტივისტური სკოლების მოსაზრებები სინთეზირდა, განსაკუთრებით, გერმანელი ფილოსოფოსის ქრისტიან ვოლფისა (1679–1754) და შვეიცარიელი იურისტის ემერიხ დე ვატელის (1714–1767) მიერ. ისინი ცდილობდნენ საშუალო დონის მიდგომა დაემკვიდრებინათ საერთაშორისო სამართალში. XVIII საუკუნეში უფრო ფართო აღიარება პოზიტივიზმმა მოიპოვა, მიუხედავად იმისა რომ ბუნებითი სამართალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოლიტიკურ ურთიერთობებში, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა საფრანგეთისა და აშშ-ის რევოლუციებისას.
ევროპაში განვითარდა სამართლის რამდენიმე სისტემა, მათ შორის კოდიფიცირებული კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემა და ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა, ეს უკანასკნელი დაფუძნებულია სასამართლო პრეცედენტებზე და არა უშუალოდ დაწერილ კანონებზე.
XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო მეტად შეთანხმემებით წესრიგდებოდა, რომელიც ითავლისწინებდა კონკრეტული ქცევის წესების შესრულების ვალდებულებას ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის. ერთ-ერთი პირველი ასეთი შეთანხმებათაგანი საერთაშორისო სამართალში იყო 1863 წლის ლიბერის კანონთა კრებული, რომელიც არეგულირებდა აშშ-ს მიერ გატარებულ ზომებს სამოქალაქო ომის კონტექსტში. ეს დოკუმენტი ითვლება პირველ წერილობით დეკლარაციად, რომელიც აერთიანებდა წესებსა და ნორმებს ომთან დაკავშირებით და რომელსაც ყველა ცივილიზებული ერი იყენებდა. ამ დოკუმენტის მეშვეობით პირველად მოხდა ომის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. ჯორჯიას შტატში, კერძოდ, ანდერსოვნილას ციხეში კონფედერატელი სარდალი გაასამართლეს და მიუსაჯეს ჩამოხრობა, რადგან ის სამხედრო ტყვეობაში მყოფ პირებს სასტიკად ეპყრობოდა და გაუსაძლის პირობებში ამყოფებდა. მომდევნო წლებში სხვა სახელმწიფოებშიც შეზღუდეს თავიანთი ძალადობრივი ქმედებები და დადეს მრავალი ხელშეკრულება, შექმნეს რამდენიმე ორგანო, რომელიც არეგულირებდა სახლმწიფოებს შორის ურთიერთობებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანო იყო 1899 წელს დაარსებული მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო, 1864 წელს მიღებული ჟენევის კონვენცია რასაც მოჰყვა ჰააგის კონვენციის მიღება.
სუვერენიტეტის ცნება მთელ მსოფლიოში გავრცელდა ევროპული ძალების მეშვეობით, რომლებიც კოლონიების მეშვეობით თანდათან აფართოებდნენ გავლენას მსოფლიოზე. პოზიტივიზმმა თავისი გავლენის პიკს XIX საუკუნის დასასრულს მიაღწია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ სკოლამ თავისი აქტუალობა დაკარგა. სწორედ ომის შედეგებმა შეუწყო ხელი საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნას, როგორიც იყო 1919 წელს დაარსებული ერთა ლიგა, რომელიც დაარსდა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. საერთაშორისო სამართალმა თავის თავში გააერთიანა ისეთი ნატურალისტური იდეები, როგორიცაა თვითგამორკვევა და ადამიანის უფლებები. მეორე მსოფლიო ომმა დააჩქარა მოვლენების განვითარება, რასაც მოჰყვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება, რომლის წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ისეთი პრინციპები როგორიცაა არაძალადობრივი ქმედება, სხვის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა და კოლექტიური თავდაცვა. ამას მოჰყვა უფრო მოწესრიგებული და ძლიერი სამართლებრივი სისტების ჩამოყალიბება, რომელთა საყრდენსაც წარმოადგენდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და გაეროს უშიშროების საბჭო. ასევე მრავალმხრივი ხელშეკრულებებით მიღებული გენოციდის კონვენციები. 1947 წელს ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის კომისია (ILC), რომლის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო სამართლის განვითრება, კოდიფიკაცია და განმტკიცება.
1960-იან - 70-იან წლებში კოლონიზაციის დასრულებამ, ევროპის გავლენის შესუსტებამ და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობამ განაპირობა საერთაშორისო სამართლის ნამდვილად საერთაშორისო ხასიათის ჩამოყალიბება. ამ სახელმწიფოების განსხვავებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეხედულებებმა, ამასთან კულტურულმა მრავალფეროვნებამ, დიდი ზეგავლენა მოახდინა ადრე ევროპული პრინციპების დომინირებაზე საერთაშორისო სამართალში. ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ, როგორებიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ხელი შეუწყო სტაბილური, პროგნოზირებადი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებას, იმ წესებით, რომელიც პრაქტიკულად ყველა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. გლობალიზაციის ფენომენმა, რამაც გამოიწვია მსოფლიოს სწრაფი ტემპებით განვითრება პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვადასხვა კულტურული თვალსაზრისით, ჭეშმარიტად საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა ჩამოაყალიბა.
საერთაშორისო სამართლის წყაროები
რედაქტირებასამართლის თეორიის მიხედვით „სამართლის წყაროს“ ცნებას ორი ასპექტი გააცნია - წყარო მატერიალური გაგებით და წყარო იურიდიული გაგებით. საერთაშორისო სამართლის წყარო მატერიალური გაგებით ყველა ის ფაქტორია, რომელზეცაა დაფუძნებული ცალკეულ სახელწმიფოებში გაბატონებული საწარმოო უერთიერთობანი, მათ საფუძველზე წარმოშობილი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობანი, ან ეკონომიკური ბაზისით განპირობებული პოლიტიკური და სხვა ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავენ გაბატონებული კლასების, სოციალური ჯგუფების ნება-სურვილს, მათ საერთო ინტერესს, სურვილს, შექმნან კონკრეტული საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა. ხოლო საერთაშორისო წყარო იურიდიული გაგებით ის სპეციფიკური ნორმაა, რომელშიც სახელმწიფოთა (ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა) შორის შეთანხმება ამა თუ იმ ქცევს წესის დადგენის შესახებ ღებულობს თავის ობიექტურ გამოხატულებას და სავალდებულო ხდება მხარეებისათვის.[14]
საერთაშორისო სამართლის წყაროებზე დიდი ზეგავლება მოახდინა მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა თეორიებმა. XX საუკუნეში პოზიტივიზმი აღიარებდა, რომ შეთანხმებების ძალით ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეზღუდებოდათ სუვერენული უფლებები, რაც გამომდინარეობდა ხელშეკრულების ერთ-ერთი პრინციპიდან - pacta sunt servanda. საერთაშორისო სამართლის კონსესუალური მიდგომა აისახა 1920 წლის მართლსაჯულების მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს სტატუტში, და დღესაც დაცულია მართლმსაჯულების საერთაშორისო სამასართლოს სტატუტის მე-7 მუხლში.[15] მიუხედავად იმისა რომ ზუსტი ჩამონათვალი საერთაშორისო სამართლის წყაროების არ გვხვდება მასზე მითითება თითქმის სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის 38-ე მუხლის პირველ ნაწილში: „სასამართლო, რომელიც მოვალეა გადაწყვიტოს მისთვის გადაცემული დავები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, იყენებს:
- საერთაშორისო კონვენციებს, როგორც ზოგადებს, ისე, სპეციალურებს, რომლებიც ადგენენ მოდავე სახელმწიფოების მიერ გარკვევით აღიარებულ წესებს;
- საერთაშორისო წეს-ჩვეულებას, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის დადასტურებას;
- ცივილიზებული ერების მიერ აღიარებული სამართლის ზოგად პრინციპებს;
- 59 მუხლში აღნიშნულიშესწორებით, განსაკუთრებით კვალიფიცირებული სპეციალისტების სასამართლო გადაწყვეტილებებსა და დოქტრინებს სხვადასხვა ერების საჯარო სამართალში დამატებით საშუალებად სამართლებრივი ნორმების დასადგენად.“[16]
შესაბამისად საერთაშორისო ჩვეულება და საერთაშორისო ხელშეკრულება ითვლება საერთაშორისო სამართლის ძირითად წყაროებად, ხოლო დანარჩენი დამხმარე წყაროებია. ასევე 38-ე მუხლი არ განსაზღვრავს წყაროთა იერარქიას და საერთაშორისო სასამართლო ასევე ტრიბუნალები არ უჭერს მხარს ასეთ დაყოფას. ამის საპირისპიროდ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტი მკაცრად იცავს და გამოჰყოფს ასეთი ნორმების ან წყაროების იერარქიას.
სახელმწიფოთა სტატუსი და პასუხისმგებლობა
რედაქტირებასაერთაშორისო სამართალი ადგენს იმ ჩარჩოებსა და კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვით სახელმწიფოები ხდებიან ამ სამართლის სისტემის შემადგენელი ნაწილები. სახელმწიფოს არსებობა გულისხმობს მისი ტერიტორიის კონტროლსა და იურისდიქციის განხორციელებას ამავე ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართალი ეხება ახალი ტერიტორიების საკითხს, ამასთან სახელმწიფოს იმუნიტეტისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხებს სხვა სახელმწიფოს მიმართ. საერთაშორისო სამართალი, ანალოგიურად, ეხება იმ პირების მოპყრობის საკითხს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრებში არიან. ამრიგად, არსებობს ყოვლისმომცველი რეჟიმი, რომელიც აწესრიგებს ჯგუფურ უფლებებს, უცხოელთა მოპყრობის საკითხებს, ლტოლვილთა უფლებებს, საერთაშორისო დანაშაულებს, ეროვნების პრობლემებსა და ზოგადად ადამიანის უფლებებს. იგი ასევე ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, იარაღის კონტროლი, დავების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგება და ძალის გამოყენების საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში. მაშინ როდესაც საერთაშორისო სამართალი ვერ აჩერებს ომს, მის ქვეშ შემუშავებული პრინციპებით შეუძლია საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულთა მაქსიმალური დაცვა უზრუნველყოს. საერთაშორისო სამართალს იყენებენ მაშინაც, როცა საკითხი ეხება გარემოს დაცვას, საერთაშორისო წყლებსა და კოსმოსულ სივრცეს, ასევე გლობალურ კომუნიკაციებსა და მსოფლიო ვაჭრობას.
ყველა სახელმწიფო სუვერენულია და მაშასადამე თანასწორი სხვა სახელწმიფოების წინაშე. სუვერენიტეტის კონცეფციაზე დაყრდნობით საერთაშორისო სამართლის ღირებულება და ავტორიტეტი დამოკიდებულია სახელმწიფოთა ნებაზე და მათ ნებაყოფლობით ჩართულობაზე ნორმების ფორმულირების, დაცვისა და აღსრულების საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამონაკლისები, საერთაშორისო სამართლის ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ უმეტესი სახელმწიფოები იურიდიულ ვალდებულებებს კისრულობენ, სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, თავიანთი ინეტერესის დაკმაყოფილებით და არა იმიტომ რომ მათზე მაღლა მდგომი სამართლებრივი სისტემა შესაძლოა თრგუნავდეს მას. ერთ-ერთი მეცნიერი აცხადებდა რომ: „საერთაშორისო სამართალი ვერ იარსებებს საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური ზეგავლენისგან იზოლირებულად.“[17]
ტრადიციულად, სუვერენული სახელმწიფოები და წმინდა საყდარი ითვლებოდნენ საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტებად. გასულ საუკუნეში საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვის ზრდასთან და ასევე მათი როლის გაფართოებასთან ერთად, ისინიც აღიარეს საერთაშორისო სამართლის არაძირითად სუბიექტებად. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალმა, საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სამართალმა და ასევე საერთაშორისო სავაჭრო სამართალმა შეზღუდულად სუბიექტებად აღიარეს ასევე კორპორაციები და ცალკეული ინდივიდებიც კი.
საერთაშორისო სამართალსა და ეროვნულ სუვერენიტეტს შორის კონფლიქტის საკითხი კამათის საგანია აკადემიაში, დიპლომატიასა და პოლიტიკაში. დღესდღეობით უამრავი ადამიანი განიხილავს, რომ ერი-სახელმწიფოები მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით იღებენ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას და მათ ამ ვალდებულებების ინტერპრეტაციის სრული უფლება აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი და პოლიტიკოსი ფიქრობს რომ დღევანდელი განვითარება საფრთხის ქვეშ აყენებს ერ-სახელმწიფოებს მათი ძალაუფლების დათრგუნვით და ამ ძალის აკუმულირება ხდება ისეთ საერთაშორისო ორგანოებში როგორიცაა გაერო და მსოფლიო ბანკი. ისინი ამტკიცებენ რომ საერთაშორისო სამართალი გასცდა იმ ფარგლებს, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფოთა შეთანხმებებს აერთიანებდნენ, და გამოიყო ცალკე, როგორც დამოუკიდებელი სისტემა. ასევე გამოიყო საერთაშორისო სამართლის საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, რომელიც განსხვავებულია ეროვნული სამართლისგან. ეს უფრო მეტად მაშინ იჩენს თავს, როცა სახელმწიფოები არღვევენ იმ ქცევის სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცივილიზებული ერების მიერ.
რიგი სახელმწიფოები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ტერიტორიული სუვერენიტეტის პრინციპს, ამრიგად გამოჰყოფენ შიდა საქმეებში ჩაურევლობის იდეას. სხვა სახელმწიფოები უარყოფენ ამას, მათ შორის ევროპული ქვეყნები და ამტკიცებენ რომ არსებობს ისეთი ქმედებები, როგორიც აკრძალულია ყველასთვის, მაგალითად გენოციდის განხორციელება, მონობა და მონებით ვაჭრობა, ომის აგრესიის განხორციელება, წამება, მეკობრეობა და ა.შ. ასეთი ნორმების დარღვევა არა მხოლოდ ინდივიდუალების, არამედ ცალკეული სახელმწიფოების წინააღმდეგ, ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოები მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლის ფართო, უნივერსალურ ინტერპრეტაციას, არიან მოწინააღმდეგეებიც და უნივერსალურ ხასიათს ანიჭებენ მხოლოდ ცალკეულ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული სუვერენიტეტი, მაგრამ რაც შეეხება სხვა უფლებებს ისინი სავალდებულო ხასიათს იღებენ ჩვეულების ან ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ინდოეთი, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები. განვითარებადი მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები მტკიცედ უჭერენ მხარს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, ასევე ადამიანეის უფლებებისა სტანდარტების დაცვით, ემხრობიან გაეროს წესდების პირობებს განიარაღების და ძალის გამოყენების საკითხში.
საერთაშორისო ორგანიზაციები
რედაქტირებაწყაროები
რედაქტირება- I Brownlie, Principles of Public International Law (OUP 2008)
- I Brownlie, Principles of Public International Law (7th edn, Oxford University Press, 2008) ISBN 0-19-926071-0
- Dominique Carreau, Droit international, Pedone, 10e édition, 2009 ISBN 9782233005618.
- E. Lawson, and ML Bertucci, Encyclopedia of human rights (2nd edn Taylor & Francis 1996)
- E. Osmanczyk, The encyclopedia of the United Nations and international relations (Taylor & Francis 1990)
- M. N. Shaw, International Law (5th edn Cambridge University Press 2003)
- Rafael Domingo Osle, The New Global Law (Cambridge University Press 2010)
Giuliana Ziccardi Capaldo, “The Pillars of Global Law” (Ashgate 2008)
- World Encyclopedia of Law, with International Legal Research and a Law dictionary
- David L. Sloss, Michael D. Ramsey, William S. Dodge, International Law in the U.S. Supreme Court, 0521119561, 978-0-521-11956-6 Cambridge University Press 2011
- Anaya, S.J. (2004). Indigenous Peoples in International Law. Oxford University Press. ISBN 978-0-19-517350-5.
- Klabbers, J. (2013). International Law. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-19487-7.
- Shaw, M.N. (2014). International Law. Cambridge University Press. ISBN 978-1-316-06127-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UN International Law
- United Nations Rule of Law დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Centre for International Law (CIL), Singapore დაარქივებული 2021-03-12 საიტზე Wayback Machine.
- Internation law overview
- International & Foreign Law Community
- Department of International Law, Graduate Institute of International and Development Studies, Geneva დაარქივებული 2013-07-21 საიტზე Wayback Machine.
- The European Institute for International Law and International Relations
- Public International Law – Resources
- A Brief Primer on International Law With cases and commentary. Nathaniel Burney, 2007.
- American Society of International Law – 100 Ways International Law Shapes Our Lives
- Department of Public International Law, Graduate Institute of International and Development Studies, Geneva დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine.
- American Society of International Law – Resource Guide (Introduction)
- International Law Details
- International Law Observer – Blog dedicated to reports and commentary on International Law
სქოლიო
რედაქტირება- ↑ There is an ongoing debate on the relationship between different branches of international law. Koskenniemi, Marti (September 2002). „Fragmentation of International Law? Postmodern Anxieties“. Leiden Journal of International Law. 15 (3): 553–579. doi:10.1017/S0922156502000262. ISSN 0922-1565. Yun, Seira (2014). „Breaking Imaginary Barriers: Obligations of Armed Non-State Actors Under General Human Rights Law – The Case of the Optional Protocol to the Convention on the Rights of the Child“. Journal of International Humanitarian Legal Studies. 5 (1–2): 213–257. doi:10.1163/18781527-00501008. SSRN 2556825.
- ↑ Private International Law (August 2009). ციტირების თარიღი: 27 December 2017.
- ↑ Kolcak, Hakan. The Sovereignty of the European Court of Justice and the EU's Supranational Legal System. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
- ↑ Blanpain, Roger (2010). Comparative Labour Law and Industrial Relations in Industrialized Market Economies. Kluwer Law International, გვ. 410 n.61. ISBN 9789041133489. ციტირების თარიღი: 5 December 2015.
- ↑ Alexander, C. H. (1952). „International Law in India“. The International and Comparative Law Quarterly. 1 (3): 289–300. doi:10.1093/iclqaj/1.Pt3.289. ISSN 0020-5893. JSTOR 755410.
- ↑ Bouvier, John (1864). A Law Dictionary: Adapted to the Constitution and Laws of the United States of America, and of the Several States of the American Union : with References to the Civil and Other Systems of Foreign Law : to which is Added Kelham's Dictionary of the Norman and Old French Lanuage (en). G.W. Childs.
- ↑ Dar al-Islam დაარქივებული 2012-12-13 საიტზე Wayback Machine. The Oxford Dictionary of Islam თარგი:Verify source
- ↑ Dar al-Sulh დაარქივებული 2010-05-27 საიტზე Wayback Machine. The Oxford Dictionary of Islam თარგი:Verify source
- ↑ Saeed, Abdullah (2018) Human Rights and Islam: An Introduction to Key Debates between Islamic Law and International Human Rights Law. Edward Elgar Publishing, გვ. 299. ISBN 9781784716585.
- ↑ Malekian, Farhad (2011) Principles of Islamic International Criminal Law: A Comparative Search. BRILL, გვ. 335. ISBN 9789004203969.
- ↑ Randall Lesaffer, “Too Much History: from War as Sanction to the Sanctioning of War”, in Marc Weller (ed.), The Oxford Handbook of the Use of Force in International Law (Oxford: Oxford University Press, 2015), p.37-38
- ↑ Hedley Bull; Adam Roberts; Benedict Kingsbury) (eds.). Hugo Grotius and International Relations. Oxford: Oxford UP. ISBN 978-0-19-825569-7.
- ↑ Thomas Woods Jr. (18 September 2012). How the Catholic Church Built Western Civilization. Regnery Publishing, Incorporated, An Eagle Publishing Company, გვ. 5, 141–142. ISBN 978-1-59698-328-1.
- ↑ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, ლევან ალექსიძე, თბ.2010, გვ.16-17
- ↑ Charter of the United Nations, United Nations, 24 October 1945, 1 UNTS, XVI
- ↑ Charter of the United Nations, გაერო, 1945 წლის 24 ოქტომბერი, მუხლი 38
- ↑ Greig, D. W., International Law, 2nd edn (Butterworths: London, 1976)